შემოგვიერთდი

19.09.2012 14:12

პატიმრების წამების ფაქტები ყველაზე მაღალპროფესიულად „პირველმა არხმა“ გააშუქა - გია ჭანტურია

თაკო ფარადაშვილი
გია ჭანტურია (photo: )

“საზოგადოებრივი მაუწყებელი ობიექტურად აშუქებს და გააშუქებს არა მხოლოდ იმ ჩანაწერებს რაც ვრცელდება, არამედ იმ აქტივობებს, რაც მთელი ქალაქში მიმდინარეობს, იმისათვის რომ მაქსიმალურად ვუპასუხოთ საზოგადოების მოთხოვნებს. მივიჩნევ, რომ პატიმრების წამების ფაქტები ყველაზე მაღალპროფესიულად და ობიექტურად საზოგადოებრივმა მაუწყებლმა გააშუქა”, - აცხადებს media.ge-თან ინტერვიუში საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი, გია ჭანტურია სტუდენტების აქციის მოთხოვნის საპასუხოდ, რომ მაუწყებელმა გლდანის მერვე საპყრობილეში მომხდარი პატიმრების წამების ფაქტები ობიექტურად გააშუქოს.

ჭანტურიას  განმარტებით, გუშინ, როცა ტელეკომპანია “მაესტრომ” და “მეცხრე არხმა” პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელეს, ეს არ გასულა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით, რადგან 8 საათიანი “მოამბე” პოლიტიკური პარტიების სიების პირველ ნომრებს შორის გამართული დებატების გამო ეთერში არ გასულა,  “თუმცა, საზოგადოებრივი მაუწყებელი ქალაქში გამართულ ყველა აქციას იღებდა”.

“დღეს კი ყველაფერს ვაშუქებდით, ამ ამბავს ეძღვნება ყველა გამოშვება, საკმაოდ ვრცელი იყო 4 საათიანი “მოამბე” და კიდევ უფრო მეტ საკითხს გავაშუქებთ 8 საათიან გამოშვებაში”, - ამბობს ჭანტურია და აღნიშნავს - “ვცდილობთ ვიყოთ მრავლისმომცველები, ობიექტურები და სამართლიანები იმაში, რაც ხდება. ვინც ამ საინფორმაციო გამოშვებებს თვალი ადევნა იტყვის, რომ არც ერთი ფაქტი არ გამოგვრჩენია, რაც ამ ვიდეოებში ციხეში არაადამიანურ მოპყრობას ეხებოდა”.

მისივე განმარტებით, “მოამბეს” 4 საათიან გამოშვებამდე წამების ამსახველი კადრები არ გავიდა ეთერში, რადგან კადრების ტრიალი არხის თვითმიზანი არ არის.

“ჩვენ სპონტანურად არ ვუშვებთ ყველაფერს ეთერში. რაც მოვიპოვეთ გადავფარეთ და გავუშვით. მარტო კადრების ჩვენება არ იყო ჩვენთვის მთავარი, ის რაც ყველა არხს ჰქონდა ისედაც. პროტესტი საპყრობილესთან, დედები რომლებიც პატიმარ შვილებთან შეხვედრას ითხოვენ არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვდრე ის ამაზრზენი კადრები რომლებიც ძალიან მძიმე საყურებელია”- ამბობს ჭანტურია და აღნიშნავს “მთავარია არა კადრების ტრიალი, არამედ  ობიექტური საინფორმაციოს მომზადება, რომელიც ამბავთან დაკავშირებულ სხვა ფაქტებსაც წარმოაჩენს. ჩვენ ყველა იმ სტანდარტს ვიცავთ, რომლის დაცვაც ჩვენი ვალდებულებაა”. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test