შემოგვიერთდი

10.09.2012 11:49

სახელმწიფო მზად არის მოხსნას „მაესტროს“ ანტენებზე დადებული ყადაღა

David Mchedlidze

სახელმწიფო მზად არის მოხსნას  ტელეკომპანია „მაესტროს“ სატელიტური ანტენებზე  დადებული ყადაღა,  ანტენების  დარიგების პროცესს კი საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს.

ამის შესახებ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან  არსებული  უწყებათაშორის კომისიის  წარმომადგენლებმა მედია კოალიციის წევრებთან 10 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს.

„მაესტროს“ გენერალურმა დირექტორმა  ილია კიკაბიძემ Media.Ge-ს განუცხადა, რომ ყადაღის მოხსნა უცხოური ორგანიზაციების ზეწოლის შედეგია, მან შეახსენა რამდენიმე დღოს წინ ამერიკელი სენატორების, ასევე ნატოს გენერალური მდივნის ანდრეს ფოგ რასმუსენის საქართველოში ვიზიტი, რომლებმაც იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოში არჩევნები სამართლიანად და თანაბარ  გარემოში ჩატარდება.

„ხელისუფლება ახლა ცდილობს როგორ გამოვიდეს იმ საქმიდან, რომელიც მან დააშავა „მაესტროს“ თეფშების დაყადაღებით“, თქვა კიკაბიძემ, „ეს იყო აბსოლუტურად შეთხზული საქმე“.

კიკაბიძის თქმით, საერთო ჯამში, , საბაჟო ტერმინალში დაყადეღებულია 18 ათასამდე კომპლექტი:  სატელიტური თეფშები, რესივერები და  მათი მაკომლექტებელი დეტალები.

„მაესტროს“ გენერალურმა დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ ფოსტით დარიგების გარდა, საჭიროა სატელიტური ანტენების დამონტაჟება, თუ  როგორ უნდა მოხდეს ეს, ამაზე  ტელეკომპანიაში მსჯელობენ და გეგმას  სავარაუდოდ დღეს საღამოს შეიმუშავებენ.

ტელეკომპანია „მაესტრო“, რომელსაც სპეციალიზირებული ლიცენზია გააჩნია დაძირითადად საკაბელო არხებით მაუწყებლობს, ასევე გააჩნია სატელიტური მაუწყებლობის უფლება.

პროკურატურის შუამდგომლობისა და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მიმდინარე წლის 11 ივლისს,  "მაესტროს"  დიდი რაოდენობის სატელიტური ანტენები და სხვა ტექნიკური საშუალებები საბაჟო ტერმინალშივე დააყადაღეს. პროკურატურის განცხადების თანახმად, ”სატელევიზიო ანტენების უსასყიდლოდ გადაცემით ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებზე, 2012 წლის 20 ივნისს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დადგენილ იქნა, რომ პოლიტიკური ორგანიზაცია "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული კომპანია „ელიტა ბურჯის" ხელმძღვანელ პირთა დავალებით, კომპანია „მაესტრომ" საქართველოში შემოიტანა დიდი ოდენობით  ანტენები.

გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ აღნიშნული ანტენები კვლავ გამოყენებული იქნება მოსახლეობისათვის უსასყიდლოდ გადასაცემად იმავე სქემით, როგორც ეს უკვე განხორციელდა ბოლო დროის განმავლობაში „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მიერ“.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა „მაესტროს“ წინააღმდეგ სანქციები არაერთხელ გააპროტესტეს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test