შემოგვიერთდი

13.07.2012 09:28

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ კარალეთში დაზარალებული ჟურნალისტების საქმის გამოძიებას ითხოვს

ნატა ძველიშვილი

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, დაიწყონ გამოძიება  ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობის თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით და საზოგადოებას წარმოუდგინონ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ 13 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ

2012 წლის 12 ივლისს კარალეთში მომხდარი ინცინდენტის დროს დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, სხვა ჟურნალისტებთან ერთად დაშავდა და სამედიცინო დახმარება დასჭირდა ქარტიის წევრ საბა წიწიკაშვილს. ფიზიკური და მატერიალური ზიანი მიადგათ „ინფო 9“-ს, „მე-9 არხის“ და ტელეკომპანია „თრიალეთის“ ჟურნალისტებს: თამთა ილურიძეს, ეკა ილურიძეს, შორენა ხაბალაშვილს, ნოდარ სხირტლაძეს, ნუკრი ბეგლარაშვილს, მამუკა ქევხიშვილს, რეზო ნადირაძეს და ნინო ბოლაშვილს.

„მომხდარი ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჟურნალისტებს უმძიმეს პირობებში უწევთ მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები მუდმივად ითხოვენ ხელისუფლების რეაგირებას ჟურნალისტთა მიმართ განხორციელებული ზეწოლისა თუ ძალადობის ფაქტებზე, ხელისუფლება კვლავ არ დგამს ქმედით ნაბიჯებს“, - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ჟურნალისტების მიმართ მომხდარი თითეული ფაქტის გამოუძიებლობა არის დაუსჯელობის სინდრომის წახალისება და ძალადობის ფაქტების გახშირების უშუალო მიზეზი. 

ამავე განცხადების თანახმად, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ აღნიშნავს, ორგანიზაცია აერთიანებს 213  ჟურნალისტს, ზეწოლისა და ძალადობის მსხვერპლნი კი ხშირ შემთხვევაში სწორედ მისი წევრები არიან. 

კონკურსები

არქივი

პროექტის მხარდამჭერები არიან