შემოგვიერთდი

12.07.2012 16:31

საქართველოს სახალხო დამცველის გიორგი ტუღუშის განცხადება

David Mchedlidze

საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც გორის რაიონის სოფელ კარალეთში, მოსახლეობასთან ,,ქართული ოცნების“ შეხვედრისას ადგილი ჰქონდა ინციდენტს. მოქალაქეთა ჯგუფმა აქციის მონაწილეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შედეგად, აქციის რამდენიმე მონაწილე და ჟურნალისტი დაშავდა. ამჟამად ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ქ. გორის საავადმყოფო ,,გორმედში“ აქციის დაახლოებით 13 მონაწილე სხვადასხვა დაზიანებით იმყოფება. 

საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი ასევე დაუკავშირდა დაშავებულ ჟურნალისტებს. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით დაშავებულები არიან სააგენტო ინფო-9 ის წარმომადგენლები თამთა ილურიძე, ეკა ილურიძე, შორენა ხაბალაშვილი, რეზო ნადირაძე და ლექსო ალექსიძე, მე-9 არხის ჟურნალისტები ნუკრი ბეგლარაშვილი და ნოდარ სხირტლაძე, ტელეკომპანია ,,თრიალეთის“ წარმომადგენლები ნინო ბოლაშვილი და მამუკა ქევხიშვილი და შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილი. ჟურნალისტთა ზეპირი განმარტებით, მათ ნაწილს დაზიანებული აქვთ ტექნიკა და ამჟამად, შსს გორის სამმართველოში იმყოფებიან.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება. შესაბამისად მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს დაუყოვნებლივ გაატარონ სწრაფი და ეფექტური საგამოძიებო ღონისძიებები სამართალდამრღვევ პირთა იდენტიფიცირების  მიზნით.

საქართველოს სახალხო დამცველი განაგრძობს აღნიშნული ფაქტზე ახსნა-განმარტებებისა და ინფორმაციის მოპოვებას.

კონკურსები

არქივი

ტრენინგები

არქივი

პროექტის მხარდამჭერები არიან