შემოგვიერთდი

05.07.2012 14:29

ეკატერინე დუგლაძე ვარაუდობს, რომ „მედია ჯგუფის“ წევრები ზესტაფონის გამგებლის დავალებას ასრულებენ

მაია წიკლაური

უკვე ერთი კვირაა რამდენიმე პირი საინფორმაციო სააგენტო „მედია ჯგუფის“ სახელით „ინფო 9“-ის ზესტაფონის ბიუროს ჟურნალისტს ეკატერინე დუგლაძეს დაყვება და "ქართულ ოცნებასთან" კავშირზე კითხვებს უსვამს. ამ პირებს „მედია ჯგუფის“ წარწერიანი თეთრი მაისურები აცვიათ და ჟურნალისტს რამდენიმე კამერით იღებენ. მათ სამკერდე ბეჯებზე წარწერა, საინფორმაციო სააგენტო „მედია ჯგუფია“ მითითებული.

„მედია ჯგუფის“ ხელმძღვანელი ინგა ჯაჯანიძე ამბობს, რომ საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9“-ის ჟურნალისტისთვის კითხვების დასმა მას არავისთვის დაუვალებია.

ინგა ჯაჯანიძემ Media.Ge-ს დაუდასტურა, რომ ბიჭიკო გვენეტაძეს, რომელიც ერთერთია მათ შორის, ვინც დუგლაძეს კითხვებს უსვამს, „მედია ჯგუფთან“ ხელშეკრულება აკავშირებს.

„მას ევალება ჩემთვის რეკლამის მოტანა. თუმცა, ამ დრომდე არაფერი მოუტანია. მე კონკრეტული მითითება არ მიმიცია და არც დუგლაძესთან კითხვების დასმა დამივალებია. მასთან ექსკლუზიური კონტრაქტი არ მაქვს გაფორმებული, ამიტომ შეუძლია სხვაგანაც იმუშაოს“, - განაცხადა ინგა ჯაჯანიძემ.

მისივე თქმით, „მედია ჯგუფი“ ოთხი წელია არსებობს. სააგენტო სამეწარმეო რეესტრში მის სახელზე, ინდივიდუალურ მეწარმე ინგა ჯაჯანიძეზეა რეგისტრირებული.  ჯაჯანიძე ბიჭიკო გვენეტაძის გარდა სხვა პირებთან ნაცნობობას უარყოფს. თუმცა, არ აკონკრეტებს, რატომ აცვიათ „მედია ჯგუფის“ ლოგოიანი მაისურები იმ პირებს, ვინც ეკატერინე დუგლაძეს კითხვებს უსვამს.

მათი ვინაობა უცნობია თავად ეკატერინე დუგლაძისთვისაც. „ჩემი წყაროს ცნობით, ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისელი აქტივისტები არიან“, - უთხრა Media.Ge-ს ეკატერინე დუგლაძემ.

„ინფო 9“-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ თეთრ მაისურებში ჩაცმული ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს ჟურნალისტებს უწოდებენ, ეკატერინე დუგლაძეს ამგვარ კითხვებს უსვამენ: „ქართულ ოცნებაში“ გითხრეს არ დაელაპარაკოთო?“  „ეს დაწერილი სცენარია ქალბატონო ეკა?“ „თქვენს ოპერატორს დავალებული აქვს, რომ თუ კითხვაზე პასუხს გაგვცემთ, ძალისმიერი მეთოდით მანქანაში ჩაგსვამთ?“

ეკატერინე დუგლაძე ფიქრობს, რომ მათი მთავარი მიზანი ჟურნალისტის პროვოკაციაზე წამოგებაა.

„აბსურდულ კითხვებს სვამენ და პასუხებსაც არ ისმენენ,  უნდათ  წყობიდან გამომიყვანონ. კითხვის დასმის ფორმაც არანაირ ლოგიკაში არ ჩნდება, პირში გთხრიან მიკროფონს. ყველა ღონეს ხმარობენ, რომ გამაღიზიანონ, გავაპროტესტო და შემდეგ დაწერონ მასალა და გაუშვან ისე, როგორც მათ აწყობთ“, - აღნიშნა ეკატერინე დუგლაძემ.

„ინფო 9“ -ის ჟურნალისტი ვარაუდობს, რომ ისინი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის გივი არაბიძის დავალებას ასრულებენ. დუგლაძის თქმით, გამგეობის შენობაში შესვლა „ინფო 9“-ს გადამღებ ჯგუფს ყოველთვის უჭირს. მაშინ, როდესაც იქ თავისუფლად გადაადგილდებიან ადამიანები, ვინც თავის თავს  „მედია ჯგუფის“ ჟურნალისტს უწოდებს.

„გარდა ამისა, ჩემი წყაროებიდან ვიცი, რომ როდესაც ერთერთ სოფელში გადასაღებად მივდიოდით, არაბიძემ სოფლის რწმუნებულს დაურეკა და უთხრა, რომ ჟურნალისტებს გამოგზავნიდა. მალე სწორედ ეს „მედია ჯგუფის“ ხალხი მოვიდა“, - განუცხადა ეკატერინე დუგლაძემ Media.Ge-ს.

მისი თქმით, როგრც კი „ინფო 9“-ის გადამღები ჯგუფი ზესტაფონში გამოჩნდება, მათთან მიდიან ადამიანები, ვინც საკუთარ თავს „მედია ჯგუფის“ ჟურნალისტს უწოდებენ. მათი და დუგლაძის კითხვა-პასუხის ამსახველი ვიდეო კი ინტერნეტ გამოცემა itv.ge-ზე გამოჩნდა, ჟურნალსიტის თქმთ, დამონტაჟებული სახით. „ხმაც კი შეცვლილი მქონდა“, - ამბობს დუგლაძე.

„ინფო 9“ ტელეკომაპნია „მეცხრე არხს“ ეკუთვნის, რომელსაც თავის მხრივ ოპოზიციური პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ფლობს.

„ინფო 9“ მიიჩნევს, რომ მის ჟურნალისტზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება და პროფესიულ საქმიანობაში ხელი ეშლება, რაც „სისხლის სამართლის კოდექსით“ ისჯება. საინფორმაციო სააგენტო მომხარ ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test