შემოგვიერთდი

05.07.2012 08:26

გორის რაიონში ჟურნალისტებზე თავდასხმა გრძელდება

მაია წიკლაური

გორის რაიონის სოფელ წედისში, 4 ივლისს, „ინფო 9“-ის გადამღებ ჯგუფს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტი რეზო ნადირაძე და ოპერატორი ლექსო ალექსიძე სოფელში საპროტესტო აქციის გასაშუქებლად იყვნენ ჩასულები. წედისელები სასმელი წყლის მიწოდების მოთხოვნით, გზის გადაკეტვას აპირებდნენ. მოულოდნელად სოფელში, მერსედესის მარკის მანქანა გამოჩნდა ნომრით (SOV 001).

მანქანიდან გადმოსულმა ერთ–ერთმა პირმა ხელი მიკროფონს ჩაარტყა. როცა ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ ამას რატომ აკეთებდა, მეორე პირმა ჟურნალისტს და ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ეს ყველაფერი ვიდეომასალაზეც დაფიქსირებულია.

კონფლიქტში სოფლის მოსახლეობა ჩაერთო და იქ მისული პირები იძულებული გახდნენ წედისი დაეტოვებინათ.

წედისელებმა მერსედესით მისული პირები იქვე ამოიცნეს. ერთი მათგანი მეზობელ სოფელ ატენში მცხოვრები პოლიციელი სამსონ ვანიშვილი აღმოჩნდა, რომელიც ჟურნალისტებს საქმიანობაში ხელს უშლიდა.

„ინფო 9“-ის ჟურნალისტი რეზო ნადირაძე იხსენებს, რომ სოფელში მისული პირები აგრესიულად იქცეოდნენ და ჯერ მიკროფონს ურტყამდნენ. მოგვიანებით კი სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადავიდნენ. ნადირაძის თქმით „ინფო 9“-ის კიდევ ერთი გადამღები ჯგუფი ვანიშვილების სახლში მივიდა, სადაც ოჯახის წევრებმა დაადასტურეს, რომ სამსონ ვანიშვილი პოლიციის თანამშრომელია.  

ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ინციდენტში მამა–შვილი ოთარ და სამსონ ვანიშვილები მონაწილეობდნენ. მათი თქმით, პროვოცირება ჯერ მამამ დაიწყო, უფრო აგრესიული კი პოლიციელი შვილი იყო.

გორის რაიონში ბოლო დროს კვირა ისე არ გავა, რომ ჟურნალისტს შეურაცხყოფა არ მიაყენონ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მონაცემებით რეგიონში წელს უკვე ჟურნალისტების საქმიანობაში ხელის შეშლის მე–8 შემთხვევაა დაფიქსირებული. არცერთი საქმე ბოლომდე გამოძიებული არ არის.

 

ამავე თემაზე:

სოფელ დიცში ჟურნალისტებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

შიდა ქართლში ჟურნალისტებზე ზეწოლა გრძელდება

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test