შემოგვიერთდი

29.06.2012 12:59

Must Carry-ს შესახებ ცვლილება პარლამენტმა 98 ხმით დაამტკიცა

მაია წიკლაური
პარლამენტი (photo: )

საქართველოს პარლამენტმა Must Carry -ის შესახებ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილება 29 ივნისს მესამე მოსმენით მიიღო. რიგგარეშე სესიაზე მყოფი 111 კანონმდებლიდან კანონის შეთავაზებულ ვარიანტს 98-მა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი არავინ არ ყოფილა.

საპარლამენტო უმცირესობა ითხოვდა, რომ საკაბელო კომპანიებს მაუწყებელთა ჩართვის ვალდებულება დაკისრებოდათ არა არჩევნების დღემდე არამედ, შედეგების გამოცხადებამდე. თუმცა, მმართველმა პარტიამ პირველი მოსმენის შემდეგ პროექტში ცვლილების შეტანა საჭიროდ არ ჩათვალა. ახალი ნორმით, საკაბელო კომპანიებს წინასაარჩევნო პერიოდში სამაუწყებლო ზონების მიხედვით ყველა მაუწყბლის ჩართვა არჩევნების დღემდე მოუწევთ.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა გიორგი ახვლედიანმა კანონის ამ ვარიანტს „ნახევარფაბრიკატი“ უწოდა.

„არ შეიძლება მხოლოდ ორი თვით ჩაირთოს  და შემდეგ ისვე იმ ვითარებას დავუბრუნდეთ, რომელიც დემოკრატიისგან შროსაა. „შეუჩვეველს ნუ გადააჩვევ“ - ნათქვამია. ყველაზე ცხელ დღეს, როდესაც არჩვენების შედეგები უნდა გამოცადდეს, ამომრჩევლებს გამოურთავ რომელიმე არხს. ეს დენთის კასრივითაა“, -თქვა ახვლედიანმა და არც სამოქალაქო დაპირისპირების დაწყება გამორიცხა.

უმრავლესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა კი განაცხადა, რომ Must Carry-ს მთავარი პრინციპი მოქალაქეებისათვის ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალებაა. არჩევანის გაკეთების შემდეგ კი მას არანაირი დატვირთვა აღარ აქვს. მინაშვილი მიიჩნევს, რომ ტელევიზიების ყურება და სხვდასხვა მოსაზრების მოსმენა ახლაც შესაძლებელია.

„მედია მონიტორინგი, რომელსაც ევრიოკავშირი ატარებს, ადასტურებს, რომ  ყველა მაუწყებელი, განსაკუთრებით საზოგადოებირივი მაუწყებელი,  აწვდის მოსახლეობას მისთვის საჭირო ინფორმაციას“, - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

პარლამენტის თავმჯომარემ, დავით ბაქრაძემ უმცირესობას მოუწოდა ყურადღება წვრილმანებზე კი არა, ცვლილების მთავარ მნიშვნელობაზე გაამახვილონ.

„ნუ შეიყვანთ საზოგადოებას შეცდომაში, თითქოს არჩევნების დღეს ტელევიზიები გაითიშება და საინფორმაციო ვაკუუმში აღმოჩნდებიან. ყველაფერი რჩება ისე, როგორც ახლა არის. სახელმწიფო ამ ვალდებულებას მთელი წლის განმავლობაში ვერ დააწესებს. მაშინ გამოდის, რომ კერძო ბიზნესში უნდა ჩავერიოთ“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. მანვე მადლობა გადაუხადა, ამ კანონპროექტის ინიციატორ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და აღნიშნა, რომ ამ ცვლილებაზე მუშაობა სამოქალაქო საზოგადოებისა და პარლამენტის თანამშრომლობის კარგი მაგალითი იყო.

კონკურსები

არქივი

ტრენინგები

არქივი

პროექტის მხარდამჭერები არიან