შემოგვიერთდი

25.06.2012 16:09

სააპელაციო სასამართლომ „გლობალ TV“-ის საჩივარი არ დააკმაყოფილა

David Mchedlidze

სააპელაციო სასამართლომ 25 ივნისს ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, შპს  ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" (”გლობალ TV”-ი) ქონების დაყადაღების შესახებ.

კომპანიამ სააპელაციო სასამართლოს 22 ივნისს მიმართა, მას შემდეგ, რაც 21 ივნისს  თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა  მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა და ყადაღა დაადო ”გლობალ TV”-ის  დასაწყოებულ ტექნიკურ საშუალებებს: ანტენებს, რესივერებს, მიმღების თავაკებს.

მთავარი  პროკურატურის  განცხადებით,  ”გლობალ TV”, კონტროლის პალატის მიმართვის მიუხედავად,  განაგრძობდა ამომრჩევლებისთვის  სატელევიზიო ანტენების გადაცემას, პოლიტიკური სუბიექტის მხარდაჭერის პირობით, შესაბამისად, პროკურატურამ მიზანშეწონილად მიიჩნია   სასამართლოს  გამოძიების დასრულებამდე  დაეყადაღებინა ”გლობალ TV”  მფლობელობაში არსებული დაუმონტაჟებელი ტექნიკა, რომელიც  კომპანია ”ელიტა ბურჯის” საწყობებში ინახებოდა. მის ტერიტორიაზე   სამართალდამცავები 21 ივნისს ღამით შევიდნენ და საწყობები დალუქეს.  ტექნიკა დააყადაღესა  22 ივნისს ლილოს საბაჟო ტერმინალშიც.

ზურაბ ბაზლიძემ media.ge-ს უთხრა, რომ საწყობებში დაახლოებით 100 ათასი ”თეფში” და ამაზე ოდნავ ნაკლები რესივერი ინახება.

”ტექნიკის დაყადაღების შესახებ სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილების  შედეგად კომპანიამ  დაახლოებით 8 მილიონი ლარის ზარალი უკვე განიცადა”, თქვა ზურაბ ბაზლიძემ. მან დასძინა, რომ სასამართლო განჩინება ჯერ არ მისვლიათ, როცა ეს დოკუმენტი მიუვათ, მაშინ იმსჯელებენ კომპანიამ  ”რა ნაბიჯები უნდა გადადგას ”.

”ჩვენ,  პირველ რიგში, ტექნიკის დაბრუნება გვაინტერესებს,  სასამართლოსაც მივმართავთ და სახელმწიფოსგან ზარალის ანაზღაურებას მოვითხოვთ”, თქვა ბაზლიძემ.

 გამოძიება კონტროლის პალატის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებულ მასალებზე დაყრდნობით  მიმდინარეობს. ამ მასალების თანახმად, „გლობალ TV“-ი,  კოალიცია  „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ფინანსების გამოყენებით, კლიენტებისთვის სატელიტურ ანტენებს „უფასოდ“ ამონტაჟებდა. ამგვარად  კოალიციის ლიდერმა  ამომრჩევლები დააასაჩუქრა და ამისთვის   14, 5 მილიონი ლარის ოდენობით თანხა გაიღო.   საქალაქო სასამართლომ  ბიძინა ივანიშვილს თავდაპირველად თანხის ათმაგი ოდენობით ჯარიმა დააკისრა, სააპელაციო სასამართლომ  ეს თანხა გაანახევრა.  ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის  ჯარიმის გადახდას არ აპირებს.   

ბიძინა ივანიშვილის  ადვოკატმა ალექსანდრე ბარამიძემ Media.Ge-ს უთხრა, რომ პროვაიდერი კომპანიის დაყადაღება უკანონოდ მოხდა.

”ყადაღა შეიძლება დაედოს ბრალდებული ან მასთან დაკავშირებული პირის, ან მასზე ფინანსურად პასუხისმგებელი პირის ქონებას, ამ შემთხვევაში ”გლობალ TV”-ი, არც ბრალდებულია, არც ბრალდებულთან დაკავშირებული პირია”, თქვა ბარამიძემ.

მისივე განმარტებით,  მოქმედი კანონმდებლობა განსაკუთრებულ გარანტიებს ითვალისწინებს მედიასაშუალებების ქონების დაღადღების დროს.

”როცა იყენებ ყადაღას მედიასაშუალების წინააღმდეგ, ამით ხელი არ უნდა შეეშალოს გამოხატვის თავისუფლებას. სასამართლომ უნდა გამოიტანოს ყველაზე ნაკლებად შემზღუდველი ზომა. საქალაქო  სასამართლოს ამაზე არც უმსჯელია და არც უფიქრია”, თქვა ბარამიძემ

მისივე შეფასებით, შეტევა ხორციელდება არა იმდენად ”გლობალ TV”-ის წინააღმდეგ, არამედ, ტელეკომპანია  ”მე-9 არხის” ჩახშობის მიზნით, რამდენადაც ”გლობალ TV”-ი  ერთადერთი პროვაიდერია, რომელიც ამ ტელევიზიას გადასცემს.

”მე-9 არხის” მესაკუთრეა კომპანია, რომლის  100%-იანი წილი ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს ეკუთვნის.

”გლობალ TV”-ი,   ქონების დაყადაღებამდე, მოსახლეობას შეღავათიან ფასებში, გრძელვადიანი განვადების პირობით, ანტენებს უმონტაჟებდა. მუშაობა გაააქტიურდა ქვეყნის იმ დასახლებულ პუნქტებშიც, სადაც მხოლოდ პროსახელისუფლებო არხების სიგნალი ვრცელდებოდა.  

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test