შემოგვიერთდი

14.06.2012 11:28

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე „ნოვაია გაზეტას“ რედაქტორს სიცრუეში ადანაშაულებს

მაია წიკლაური

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე, ალექსანდრე ბასტრიკინი “ნოვაია გაზეტას” რედაქტორს, დიმიტრი მურატოვს სიცრუეში ადანაშაულებს და უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მან გაზეთის მთავარი რედაქტორის მოადგილე, სერგეი სოკოლოვი ტყეში წაიყვანა და იქ მას მოკვლით ემუქრებოდა.

“ნოვაია გაზეტას” მთავარი რედაქტორი, 13 ივნისს გამოქვეყნებულ ღია წერილში საგამიძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს მისი მოადგილის, სერგეი სოკოლოვის მიმართ მუქარაში  ადანაშაულებდა, რის გამოც, მურატოვის თქმით, სოკოლოვი იძულებული იყო ქვეყნის ფარგლებს გარეთ დამალულიყო.

“ნოვაია გაზეტას” რედაქტორის თქმით, სერგეი სოკოლოვის სტატიაში, რომელმაც ბასტრიკინი გააღიზიანა და რომელიც სოფელ კუშევსკაიაში მასობრივ მკვლელობებს ეხებოდა, ნათქვამი იყო, რომ  “საგამოძიებო კომიტეტი და გენერალური პროკურატურა ფაქტობრივად მფარველობენ სისხლიან ბანდებს რუსეთში”.

ღია წერილში მურატოვი მოითხოვდა, სოკოლოვისთვის უსაფრთხოების გარანტია მიეცათ და აცხადებდა, რომ საგამოძიებო კომიტეტის დაცვამ სოკოლოვი ტყეში წაიყვანა, სადაც თავად ბასტრიკინი “მას სიცოცხლის ხელყოფით დაემუქრა”.

მურატოვი აცხადებდა, რომ სოკოლოვის უსაფრთხოების გარანტია მისთვის  “რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის დაპირება” იქნებოდა.

“ვიმედოვნებ, ბასტრიკინი იტყვის, რომ ეს ემოციური აშლილობის, ან დამღლელი სამსახურის გამო მოუვიდა, არ აქვს მნიშვნელობა, რა ახსნას მოუძებნის ამას. ჩვენ სანაცვლოდ შევთავაზებთ თანამშრომლობას, მათ შორის პოლიტკოვსკაიას საქმეშიც”, - აცხადებდა მურატოვი, BBC-თან საუბრისას.

რუსეთის პარტია “იაბლოკოს” ლიდერმა, სერგეი მიტროხინმა ჟურნალისტის მიმართ ბასტრიკინის ქმედების გამოძიება მოითხოვა. რუსეთის ჟურნალისტთა გაერთიანების თავმჯდომარემ, ბოგდანოვნამ კი,  განაცხადა, რომ “აღშფოთებულია” “ნოვაია გაზეტას” რედაქტორის მოადგილის მიმართ მუქარის გამო.

გაზეთის მხარდასაჭერად აქციის გამართვას იმავე დღეს რამდენიმე ჟურნალისტი შეეცადა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, რადიო “ეხო მოსკვის” მთავარი რედაქტორის მოადგილე, ვლადიმერ ვარფოლომეოვი პლაკატით - “ტყეში წაყვნა თქვენი მეთოდია?”, არასანქცირებული ღონისძიების გამო დააკავეს, მოგივანებით კი, გაათავისუფლეს.

დღეს 14 ივნისს გაზეთ “იზვესტია”-თვის მიცემულ ინტერვიუში ბასტრიკინმა ყველა ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ “ტყეში არ ყოფილა უკვე დიდი ხანია, რადგან სამსახური ამის საშუალებას არ ძლევს”.  “ნოვაია გაზეტასთან” კონფლიქტის შესახებ კი, თქვა, რომ ამის მიზეზი სოკოლოვის “უსახური სტატიაა სისხლიანი ბანდის საქმიანობის შესახებ.  არ ვდაობ, სტატიაზე ჩემი რეაქცია იყო ემოციური. სოკოლოვის მოწვევას და მისთვის ამ კრიმინალში დამნაშავე ადამიანების ცოცხლად ჩვენებას  მართლაც ვაპირებდი, შემდეგ პრესსამსახურმა ამ განზრახვაზე უარი მათქმევინა. როგორც ახლა ვხვდები, ისინი არ შემცდარან. ვერ წარმოვიდგენდი, რომ “ნოვაია გაზეტას” ჟურნალისტები და  რედაქცია ასეთ სიცრუეს იკადრებდნენ”.

დღესვე Twitter- ის ბლოგზე “ეხო მოსკვის” მთავარი რედაქტორი, ალექსანდე ვენედიქტოვი წერდა, რომ “ნოვაია გაზეტას” რედაქტორი შესაძლოა 14 ივნისს ბასტრიკინს შეხვდეს. ამ ინფორმაციას BBC- ს თავად მურატოვიც უდასტურებს.

კონკურსები

არქივი

ტრენინგები

არქივი

პროექტის მხარდამჭერები არიან