12.06.2012 09:45
„მეცხრე არხი“, „გლობალ TV” და „სტერეო +“ მთავრობას მედია ბიზნესის შეზღუდვაში ადანაშაულებენ
მაია წიკლაური
ტელეკომპანია „მეცხრე არხი“, საკაბელო პროვაიდერი „გლობალ TV“ და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მქონე კომპანია „სტერეო +“ ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონიტორინგის ორგანოებსა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებენ "გააკონტროლონ საქართველოში მედიის თავისუფლების მხრივ შექმნილი მდგომარება". შესაბამისი განცხადება კომპანიებმა 12 ივნისს ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე გაავრცელეს და საქართველოს მთავრობა მედია ბიზნესის ხელყოფაში დაადანაშაულეს.
პრესკონფერენციას ესწრებოდა „გლობალ TV“-ის 17% წილის მფლობელი აშშ-ს მოქალაქე ალექსანდრ რონზჰესი. მისი თქმით, კომპანიაში პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც „გლობალ TV“-მ საკუთარ პაკეტში „არასამთავრობო“ არხები ჩასვა. „ეს საკაბელო კომპანია მზარდი ბიზნესი იყო. სიტუაცია „მეცხრე არხის“ ჩართვის შემდეგ გამწვავდა“, - განაცხადა რონზჰესმა. მანვე დეტალურად მიმოიხილა ის პრობლემები, რაც „გლობალ TV“-ს შეექმნა.
„რუსთავი 2“ და „იმედი" VS „გლობალ TV”
მიმდინარე წლის მარტში ტელეკომპანიებმა „რუსთავი 2“-მა და „იმედმა“ „გლობალ TV“-ს საკუთარი პაკეტიდან ამოღება მოსთხოვეს. საკაბელო კომპანია ასეც მოიქცა, თუმცა საკუთარ აბონენტებს ისიც განუმარტა, რომ მათ „გლობალ TV“-ის მიერ რეტრანსლირებულ არხებთან ერთად „იმედისა“ და „რუსთავი 2“-ის ყურება მარტივად, ოთახის ანტენით შეეძლო ისე, რომ საკაბელო კომპანიასთან ხელშეკრულება არ გაეუქმებინათ.
ამ პერიოდში „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა „გლობალ TV“-ს სასამართლოში უჩივლა და მოითხოვა, რომ საკაბელო კომპანიის აბონენტებს მათი სიგნალის მიღება შეეწყვიტათ. „გლობალ TV“-ის იურისტის სანდრო ბარამიძის თქმით, სასამართლომ გადაწყვეტილება ისე გამოიტანა, რომ არც გარკვეულა სიგნალის მიღებასა და რეტრანსლირების განმარტებებში.
„ჩვენ შევწყვიტეთ რესტრანსლირება და რა შუაშია აქ „გლობალ TV“, თუ ჩვენი აბონენტი სხვა ხერხით იღებს მაუწყებლობას?“ - აღნიშნა ბარამიძემ და დასძინა, რომ სასამართლოს ამ საკითხისთვის ყურადღება არ მიუქცევია და ძალიან სწრაფად გამოიტანა გადაწყვეტილება, რაც გაასაჩივრეს.
„მას შემდეგ ერთი თვე გავიდა, თუმცა რეაგირება ჯერ არ ყოფილა და ისეთივე სისხარტე სასამართლოს არ გამოუვლენია. ახლა შესაძლებელია აღმასრულებელმა „გლობალ TV“-ს ანტენების დემონტაჟი გადაწყვიტოს ისე, რომ ჩვენი საჩივრის განხილვას არ დაელოდონ“, - განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.
მისი თქმით, ყველა საქმე, რომელიც „გლობალ TV“-ს, „მეცხრე არხსა“ და „სტერეო +“-ს უკავშირდებოდა საპროცესო დარღვევებით მიმდინარეობდა. ამის მაგალითად ბარამიძემ „მეცხრე არხისთვის“ ტექნიკის დაზიანების ფაქტის გამოძიების გარეშე დატოვება და კომუნიკაციების კომისიის მიერ „სტერეო +“-ის დაჯარიმება დაასახელა.
„კომისიამ პროცედურების დარღვევით, ნაჩქარევად არასამუშაო საათებში განიხილა საქმე ისე, რომ დაცვის მხარეს შესაბამისი მომზადების საშუალება არ მისცა“, - განაცხადა ბარამიძემ.
„მეცხრე არხის“ საქმიანობაში ხელშეშლა
ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ პრობლემებზე მისმა დირექტორმა კახა ბექაურმა ისაუბრა და ტექნიკის დაზიანებასთან ერთად ყურადღება რეგიონული ბიუროების გახსნის ხელშეშლაზე გაამახვილა. მისი თქმით, ოფისების მოძიების პროცესში, როდესაც მოსახლეობა იგებს, რომ კონტრაქტორი „მეცხრე არხია“, უარს ამბობენ ფართების გაქირავებაზე.
„სიღნაღში, ბორჯომსა და საჩხერეში გაფორმებული კონტრაქტები გაგვიუქმეს და განაცხადეს, რომ მათზე ადგილობრივმა თვითმმართველობამ ზეწოლა განახორციელა“, - თქვა ბექაურმა.
მანვე აღნიშნა, რომ ყველა კომპანიას, რომელიც „მეცხრე არხთან“ ურთიერთობას გადაწყვეტს, პრობლემები ექმნება. „ამ მიზეზით ინტენეტპროვაიდერები, რომელსაც ოპტიკურ ბოჭკოვანი ინტერნეტის შემოყვანა შეუძლია, უარს ამბობს ჩვენთან ურთიერთობაზე და ტელეკომპანიის მთვარ ოფისში ამგვარი ინტერნეტი ვერ შევიყვანეთ“, - დასძინა ბექაურმა.
„მეცხრე არხის“ გენერალურმა დირექტორმა სატელიტური კომპანია „ ბლექ სი სატი“ თანამგზავრული სისტემებით გავრცლების ხელშეშლის მცდელობაში დაადანაშაულა. მისი განმარტებით, „ბლექ სი სატმა“ წერილი მისწერა „თურქსატს“ (თურქულ თანამგზავრულ კომპანიას, ვისი საშუალებითაც ქართული არხები სატელიტზე მაუწყებლობენ), ყველა ქართულ არხთან კონტრაქტის გაუქმება სთხოვა და შესთვაზა, რომ მათ სატელიტზე გაშვებას თავად უზრუნველყოფდა.
„ფაქტობრივად გამოდიოდა, რომ ჩვენ სამთავრობო კომპანია „ბლექ სი სატზე“ დამოკიდებულნი ვხდებოდით, ამიტომ სასწრაფოდ ჩავედი თურქეთში და მოლაპარაკებების შემდეგ შევინარჩუნეთ ის კონტრაქტი, რაც „თუქსატთან“ გვქონდა“, - აღნიშნა კახა ბექაურმა.
„სტერეო +“-ის პრობლემები
პრობლემების შექმნის მთავარ მიზეზად „მეცხრე არხთან“ თანამშრომლობა დაასახელა „სტერეო +“-ს დამფუძნებელმა დავით ზილფიმიანმაც და მთავრობა კერძო კომპანიის ხელყოფაში დაადანაშაულა.
„საქმიანობა, რომელსაც „სტერეო +“ წლების განმავლობაში ეწეოდა, ახლა აღმოჩნდა კანონდარღვევა. აწყობილი ბიზნესი დამინგრიეს, კომპანიამ ყველა კლიენტი დაკარგა“, - განაცხადა ზილფიმიანმა და აღნიშნა, რომ მისმა იტალიელმა პარტნიორებმა უკვე იჩივლეს რომის სასამართლოში. „სტერეო +“-ის ქონება ამჟამად დაყადაღებულია და თავად კომპანია სიხშირეების არამართლზომიერი გამოყენებისთვის კომუნიკაიების კომისიამ გასულ კვირას 5 ათასი ლარით დააჯარიმა.
„სტერეო +“, „მეცხრე არხი“ და „გლობალTV“ მიჩნევენ, რომ სასამართლოს და სხვა ადმინისტრაციული, თუ მარეგულირებელი ორგანოების განჩინებები, ბრალდებები და ჯარიმები ეწინააღმდეგება საერთაშორისოდ აღიარებულ ბიზნეს რეგულაციებს და მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ მთავრობა არ იზიარებს ადამიანთა უფლებების და საზოგადოებრივი თავისუფლებების ძირითად პრინციპებს.
„მეცხრე არხის“ მფლობელი ოპოზიციური პოლიტიური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძეა. „გლობალ TV”-ს 66 პროცენტი კი ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს ეკუთვნის.