შემოგვიერთდი

12.06.2012 08:44

GNCC – „დავით ზილფიმიანს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს“

მაია წიკლაური

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (GNCC) 2012 წლის 8 ივნისს ერთ–ერთ სამაუწყებლო არხზე კომპანია “სტერეო +” დამფუძნებლის,  დავით ზილფიმიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას განცხადებით ეხმიანება და აცხადებს, რომ მას  საზოგადოება მიზანმიმართულად შეჰყავს შეცდომაში.

კომისიის განმარტებით,  დავით ზილფიმიანი რამდენიმე დღის განმავლობაში საზოგადოების დარწმუნებას ცდილობდა, რომ  NF13 ლიცენზიით სარგებლობა შეუძლებელია, თუ ამ ლიცენზიით გათვალისწინებულ სიხშირეებზე გაშვებულ სიგნალს ღია ეთერით მომხმარებლები არ მიიღებენ. “სწორედ ამიტომ, კომისიამ 2012 წლის 8 ივნისს გაავრცელა განცხადება და „სტერეო +“–ს ტექნიკური გადაწყვეტის ერთ–ერთი გზა, რეკომენდაციის სახით შესთავაზა, მხედველობაშია კოდირებული სიგნალის გაშვება”, - აცხადებს კომისია.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2012 წლის 6 ივნისს გამართულ სხდომაზე, სადაც შპს „სტერეო პლიუსს“–ს სანქცია დაეკისრა, დავით ზილფიმიანი აცხადებდა, რომ სალიცენზიო პირობების დაცვა ფიზიკის კანონებიდან გამომდინარე შეუძლებელია.

“თუმცა, 2012 წლის 8 ივნისს გასულ სიუჟეტში იგივე პიროვნება აცხადებს, რომ შპს „სტერეო+“–ს კუთვნილი NF13 ლიცენზიის სალიცენზიო პირობების შესრულება შესაძლებელია, ოღონდ ამისთვის მისი კომპანიის კუთვნილი აპარატურის გადაიარაღებაა საჭირო, რაც დიდ ფინანსურ დანახარჯებს უკავშირდება. კომისიის აზრით, ბ–ნ დავით ზილფიმიანის განცხადება ურთიერთგამომრიცხავია, ან ის მიიჩნევს, რომ თუ ფინანსები არსებობს, შესაძლებელია ფიზიკის კანონების შეცვლაც”,-  ამბობს  კომისია და აღნიშნავს, რომ  სიუჟეტში, ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ხელმძღვანელმა, კახა ბექაურმაც გააკეთა განაცხადება. მან აღნიშნა, რომ დავით ზილფიმიანის კუთვნილი კომპანიის ლიცენზიის სალიცენზიო პირობების გათვალისწინებით კომპანიას მაუწყებლის სიგნალის ე. წ „ღია ლინკით“ გავრცელების აკრძალვა არ ჰქონდა.

კომისია განმარტავს, რომ მის მიერ გაცემული NF13 ლიცენზიის სიხშირული ზოლი „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმით“ გათვალისწინებულია   მოძრავი, ან/და ფიქსირებული რადიოხაზებით მომსახურებისთვის და არა სამაუწყებლო არხის ღია  ეთერში გავრცელებისთვის. “ეთერში მაუწყებლობის სიგნალის გავრცელება იგივე ეროვნული გეგმის შესაბამისად ზუსტადაა განსაზღვრული სხვა სიხშირულ დიაპაზონში, რაც დანამდვილებით იცის ბ–ნმა დავით ზილფიმიანმა”, - აცხადებს კომისია.

კომისიის განმარტებით, მის მიერ გაცემული  ლიცენზიებში არ არის მითითებული ლიცენზიით მინიჭებული რესურსის გამოყენების ტექნოლოგიები. “ეს გადაწყვეტილება კომისიამ შეგნებულად მიიღო, რადგან ლიცენზიის მფლობელმა თავად უნდა განსაზღვროს მისთვის ყველაზე მეტად ხელსაყრელი გზა რესურსით სარგებლობის დროს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ყოველივე ეს სიხშირული რესურსის დანიშნულებისამებრ  გამოყენებით უნდა განხორციელდეს”, -  განმარტავს კომისია.  


ამავე თემაზე:

GNCC-მ „სტერეო პლიუსი“ დააჯარიმა

დავით ზილფიმიანი: „პირველ სტერეოს“ პრობლემები „მეცხრე არხთან“ თანამშრომლობის გამო შეექმნა

კონკურსები

არქივი

ტრენინგები

არქივი

პროექტის მხარდამჭერები არიან