შემოგვიერთდი

06.06.2012 19:56

ტელეკომპანია „მაესტრომ“ სამსახურიდან ქუთაისელი კორესპონდენტი გაუშვა

David Mchedlidze

ტელეკომპანია „მაესტრომ“  სამსახურიდან გაუშვა ჟურნალისტი ნანა თვალაბეიშვილი, „ალია ჰოლდინგის“  ქუთაისელი კორესპონდენტი, რომელიც, პარალელურად , „მაესტროსთან“ თანამშრომლობდა.

ნანა თვალაბეიშვილმა Media.Ge-ს დაუდასტურა, რომ მას  „მაესტროს“ გენერალურმა დირექტორმა ბაჩო კიკაბიძემ 5 ივნისს დაურეკა და მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება აცნობა. 

„დირექტორმა დამირეკა და მითხრა, რომ  მეორე სამსახურიც გამაჩნდა და შემეძლო მხოლოდ იქ მემუშავა“,  თქვა ჟურნალისტმა, რომელმაც აღნიშნა, რომ „მაესტროს“ გადაწყვეტილებას „წინაპირობა“ ჰქონდა, თუმცა  არ დააკონკრეტა,  რას გულისხმობდა წინაპირობაში. მხოლოდ აღნიშნა, რომ კონსულტაციის გავლას „ალია ჰოლდინგის“  ხელმძღვანელებთან აპირებს.

ბაჩო კიკაბიძემ Media.Ge-ს განუცხადა, რომ ტელეკომპანიას  ქუთაისში ორი ჯგუფი ჰყავდა რომელთაგან ერთ-ერთი უნდა გაეშვა.

„გადავწყვიტე,დამეტოვებინა მეორე ჯგუფი. დიდი მადლობა ნანას, რომ 2  წელი იმუშავა ჩვენთან“, თქვა ბაჩო კიკაბიძემ, რომელმაც კატეგორიულად გამორიცხა, ჟურნალისტის სამსახურიდან სხვა მიზეზით გათავისუფლება.

ტელეკომპანიის მხრიდან ნანა თვალაბეიშვილთან ურთიერთობის გაწყვეტის ფაქტს  ფეისბუკში გამოეხმაურნენ, ზოგიერთმა  კომენტატორმა გამოთქვა ეჭვი, რომ ქუთაისელი ჟურნალისტი ტელეკომპანიიდან შესაძლოა გაზეთ „ალიაში“ დაბეჭდილი სტატიის გამო გაუშვეს. საგაზეთო მასალაში  დეტალურად არის აღწერილი   კოალიცაია „ქართული ოცნების“ ლიდერთა შეხვედრები საჩხერესა და ჭიათურაში (იმერეთი, დასავლეთ საქართველო). ჟურნალისტი სტატიაში გადმოსცემს კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის,   „შეზარხოშებული“ ზვიად ძიძიგურის  უცენზურო  საუბრის  ფრაგმენტს პენსიონერებთან.  ჟურნალისტი აქვე წერს, რომ   ძიძიგურმა მას ყვირილით მისი საუბრის მოსმენა  და  ჩაწერა აუკრძალა.

სოციალურ ქსელში თვალაბეიშვილის მხარდამჭერი გვერდიც  გაჩნდა - „სოლიდარობა ჟურნალისტ ნანა თვალაბეიშვილს“.  იქვე წერია, რომ ჟურნალისტი „მაესტროდან“  „ივანიშვილის პირადი ბრძანების საფუძველზე გაანთავისუფლეს“.

„გამოვუცხადოთ სოლიდარობა ჟურნალისტს! ერთად დავგმოთ ძალით დემოკრატია!“, მოუწოდებენ ჟურნალისტის მხარდამჭერები.

„ალია ჰოლდინგი“  ორ პოპულარულ გაზეთს გამოსცემს:  ყოველკვირეულ „ქრონიკას“ და „ალიას“.  კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა   ჰოლდინგის გაზეთები მის წინააღმდეგ შეკვეთილი სტატიების გამოქვეყნებაში არაერთხელ დაადანაშაულა, რასაც  ჰოლდინგი  ბრალდების უარმყოფელი  წერილებით პასუხობდა.  

კონკურსები

არქივი

პროექტის მხარდამჭერები არიან