შემოგვიერთდი

28.05.2012 20:15

საზოგადოებრივი მაუწყებლის პასუხი ბიძინა ივანიშვილს

მაია წიკლაური

28 მაისს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ მოძრაობა „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზეწოლას განარძობს.  მაუწყებელი მის მიერ გავრცელებულ წერილში საქართველოში მოქმედ მედიასაშუალებებს და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებს ჯეროვნად შეაფასონ ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის მიერ მედიაზე ზეწოლის ფაქტები.

„დღეს ჩვენ შევიტყვეთ, რომ თუ ,,არ გადავაწყობთ რიტორიკას“ და არ ვიქნებით აბსოლუტურად ლოიალურები ივანიშვილის მიმართ, მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც ინსტიტუციის მომავალი ეჭვქვეშ დადგება“, - აღნიშნულია საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაში. აქვე მითითებულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლობა და მისი სარედაქციო, ან ფინანსური დამოუკიდებლობა საქართველოს მონაპოვარია.
„ჩვენი დაფინანსება არაა დამოკიდებული პარლამენტის და, მითუმეტეს, მთავრობის ნება-სურვილზე და წარმოადგენს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 0.12%-ს.

ყველა საერთაშორისო ექსპერტისა და პროფესიონალის ერთსულოვანი აზრით ეს სისტემა ერთ-ერთი ყველაზე პროგრესულია და უზრუნველყოფს მაუწყებლის სრულ, მათ შორის სარედაქციო, დამოუკიდებლობას. სხვათა, შორის მაუწყებლის, როგორც საქართველოში ყველაზე დაბალანსებული და მიუკერძოებელი ტელერადიოკორპორაციის საქმიანობა არაერთხელ დაადასტურა ეუთოს, გაეროს, ევროკავშირის, ,,ბიბისის“ და სხვა ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა“, - მითითებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის წერილში.

ამ წერილს წინ უძღოდა ბიძინა ივანიშვილის განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ, რომელიც "ქართული ოცნების" ლიდერმა 28 მაისის პრესკონფერენციაზე გააკეთა. ივანიშვილმა კონკრეტულად საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ეთერში 27 მაისს გასული გადაცემა „აქცენტების“ წამყვანის, ეკა კვესიტაძის პოზიცია არ მოიწონა. მან ასევე აღნიშნა, რომ მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში საზოგადოება შეიცვლება და აღარ დააფინანსებს ისეთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, როგორიც დღეს არის.

„როდესაც ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში საზოგადოებრივი არხის წარმომადგენელს არ გადაუხდის საზოგადოება ხელფასს, თუ ესე საწინააღმდეგო განწყობა ექნება საზოგადოების წინააღმდეგ, რომელიც გუშინ ვერ დამალა კვესიტაძემ“, - აღნიშნა ივანიშვილმა 28 მაისს გამართული პრესკონფერეციისას - „თუ ვერ მოახერხებენ, ვერ გადაეწყობიან და ვერ მოერგებიან საზოგადოებას, ისინი ვერ დაფინანსდებიან. დღეს როგორც ფინანსდება ეს სიცრუის არხები, ხომ ყველამ კარგად ვიცით?! მათი ხელმძღვანელები საზოგადოებისგან იპარავენ ფულს, პირდაპირი მნიშვენლობით და საზოგადოების წინაშე სიცრუეს აფინანსებენ. დღევანდელი მედიის 80 პროცენტი სიცრუეზეა აგებული“.

ივანიშვილის ეს სიტყვები საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მაუწყებლის დაფინანსების წესის თვითნებური შეცვლის მცდელობად, დაუფარავ შანტაჟად და სარედაქციო პოლიტიკაში წინასარჩევნოდ უხეშ ჩარევად მიიჩნია. 

„როგორც ჩანს, ივანიშვილს სურს საზოგადოებრივი მაუწყებელი ექსკლუზიურად მისი პოლიტიკური მიზნების სამსახურში იხილოს, რაც ეწინააღმდეგება, ზოგადად, მედიის თავისუფლების და, კერძოდ, საზოგადოებრივი მაუწყებლობის იდეას“, - აღნიშნულია საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაში.

წერილის დასასრულს საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებმა ივანიშვილს რამდენიმე განმარტებაც მისცეს: „ბატონო ბიძინა, განმარტებისათვის: 1. საავტორო გადაცემის წამყვანი ,,დიქტორი“ არ გახლავთ (ივანიშვილმა ეკა კვესიტაძე მოიხსენია, როგორც დიქტორი) 2. კომერციული რეკლამა გარდა კანონით გათვალისწინებული ერთეული შემთხვევებისა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 2011 წლიდან აიკრძალა.“ 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test