შემოგვიერთდი

21.05.2012 13:37

სახალხო დამცველი ჟურნალისტების შეურაცხყოფის ფაქტების ზრდით შეშფოთებულია

მაია წიკლაური

სახალხო დამცველი ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის ფაქტების შესწავლის მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს.

სახალხო დამცველი დღეს, 21 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში მოითხოვს დაიწყოს გამოძიება 2012 წლის 11 მაისს, დუშეთის რაიონის გამგეობის დაცვის პოლიციის თანამშრომლების მიერ სტუდია „ჯი–ენ–ესის“ ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორცილებაში ხელის შეშლის ფაქტზე.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს სახალხო დამცველისთვის მიცემული ახსნა–განმარტებების თანახმად, სტუდია “ჯი-ენ-ესის” ჟურნალისტები, ზურაბ პატარიძე და ბელა ზაქაიძე 2012 წლის 11 მაისს დუშეთის რაიონის გამგეობის შენობასთან რაიონის გამგებელთან გასაუბრების მიზნით მივიდნენ. ზურაბ პატარიძემ, ჟურნალისტის თხოვნით, 20–30 მეტრის რადიუსიდან გამგეობის შენობის კადრების გადაღება სცადა, რასაც დაცვის პოლიციის თანამშრომლების მხრიდან აგრესია მოჰყვა - მათ ზურაბ პატარიძეს გადაღება აუკრძალეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკური შეურაცხყოფით დაემუქრნენ.

“აღნიშნული დასტურდება ჩვენს ხელთ არსებული ვიდეო მასალით, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ უშლიან დუშეთის გამგეობის დაცვის პოლიციის თანამშრომლები ზურაბ პატარიძესა და ბელა ზაქაიძეს ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელს” ნათქვამია განცხადებაში და განმარტებულია, რომ ოპერატორი ცდილობდა გამგეობის შენობის გარე ფასადისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის გადაღებას, რისთვისაც სპეციალურ რეგულაციას და ნებართვას არ ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა.

საქართველოს საქართველოს სახალხო დამცველი ასევე სწავლობს 20 მაისს ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის თავისუფლების შეზღუდვისა და შეურაცხყოფის ფაქტს.

“შემაშფოთებელია, რომ ბოლო პერიოდში  იმატა ჟურნალისტების მიმართ  პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლისა და შეურაცხყოფის ფაქტებმა. სამწუხაროა ის გარემოებაც, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არცერთ მსგავს ფაქტს ჯერჯერობით სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია” - აცხადებს სახალხო დამცველი და “კიდევ ერთხელ  მიმართავს ყველა შესაბამის უწყებას, გაატარონ სწრაფი და ეფექტური ღონისძიებები მედიის წარმომადგენელთა ფიზიკური უსაფრთხოებისა და მათი პროფესიული საქმიანობისათვის სათანადო გარემოს შექმნის მიზნით”.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test