შემოგვიერთდი

20.05.2012 10:46

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის დაკავებისა და ცემის ფაქტს უარყოფენ

მაია წიკლაური

ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი ამჟამად თიანეთის საავადმყოფოში იმყოფება. Media.Ge-სთან სატელეფონო საუბრისას მთივლიშვილმა აღნიშნა, რომ სხეულზე დაზიანებები აღენიშნება და სუსტადაა. მისი თქმით, 20 მაისს ის თიანეთის პოლიციამ მაშინ დააკავა, როდესაც პოლიციის შენობას ფოტოებს უღებდა, აპარატურა წაართვეს, მასალა წაუშალეს და ცემეს. სხვა დეტალების დაზუსტება გელასთან ვერ მოხერხდა, რადგან მან ფიზიკური მდგომარეობის გამო ტელეფონზე საუბრის გაგრძელება ვერ შეძლო.

სააგენტო ინტერპრესნიუსმა თვითმხილველის, კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრის რუსუდან სისაურის კომენტარი გაავრცელა. მისი ინფორმაციით, გელა მთივლიშვილი თიანეთის ერთერთ სოფელში სოციალურად დაუცველ ოჯახებს იღებდა, რის შემდეგაც თიანეთში დაბრუნდა და ადგილობრივი პოლიციის შენობის გადაღება სცადა. სისაურის თქმით, ჟურნალისტსა და პოლიციელებს შორის შელაპარაკება მოხდა და სწორედ ამ დროს დააკავა თიანეთის პოლიციამ მთივლიშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, შოთა უტიაშვილმა Media.Ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ გელამ თიანეთის პოლიციასთან პროვოკაცია მოაწყო. მაშინ როდესაც მთივლიშვილი პოლიციის შენობას ფოტოებს უღებდა, პოლიციელებმა მისი ვინაობის დადგენა სცადეს, თუმცა მთივლიშვილმა ვინაობა არ გაამხილა და გადაღება განაგრძო.  

„აშკარად პროვოკაცია მოაწყო: ვინაობა არ გაუმხილა პოლიციელებს და როდესაც ვინაობის დასადგენად შენობაში შეიყვანეს, მერე აღარ გამოდიოდა იქიდან, სანამ ძალით არ გამოაგდეს. პოლიციელებს არც უცემიათ, არც ხელი დაუკარებიათ მისთვის, არც აპარატურა წაურთმევიათ და არც იქ ჩაწერილი მასალა წაუშლიათ“, - განაცხადა უტიაშვილმა Media.Ge-სთან საუბრისას. მისი თქმით, გელა პოლიციაში ჟურნალისტებისა და ადვოკატების მიყვანას ითხოვდა. თუმცა უტიაშვილის განმარტებით, გელა დაკავებული არ იყო, პოლიცია უბრალოდ მის ვინაობას ადგენდა და ამიტომაც გამოუშვეს შენობიდან.

„პოლიციის შენობისთვის ფოტოს გადაღება კი შეიძლება, მაგრამ გელა პროვოკაციულად იქცეოდა,  ყურადღებას იქცევდა, ამიტომ სცადეს პოლიციელებმა მისი ვინაობის დადგენა“, - განმარტა უტიაშვილმა. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test