შემოგვიერთდი

17.05.2012 13:24

„პირველი სტერეოს“ დამფუძნებელი პარლამენტარს უკანონო ქმედებაში ადანაშაულებს

მაია წიკლაური
Davit Zilphimiani (photo: )

"პირველი სტერეოსა" და "სტერეო პლიუსის" დამფუძნებლის, დავით ზილფიმიანის მთელი ქონება დაყადაღებულია, რაც ზილმფიმიანის  განცხადებით, პარლამენტარ დავით ბეჟუაშვილის და იუსტიციის სამინისტროს უკანონო ქმედებით განხორციელდა.

დღეს, 17 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე დავით ზილფიმიანმა განაცხადა, რომ პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც შვილის სახელზე, რომელიც იტალიის მოქალაქეა, 11 მაისს "სტერეო პლიუსი" გადააფორმა და ტელეკომპანია "მეცხრე არხთან" ტექნიკურ მომსახურებაზე კონტრაქტი გააფორმა.

"რეგისტრაცია გავიარეთ საჯარო რეესტრში, გადავიხადეთ იმავე დღეს სააღსრულებლო თანხა და ეს საქმე პარასკევსვე იყო დამთავრებული", - განაცხადა ზილფიმიანმა.

როგორც მან განმარტა, მეცნიერებას უბრუნდება და ქონების შვილისათვის გადაფორმება ამიტომ გადაწყვიტა. ის მუშაობას ამერიკაში, მერილენდის შტატში NASA-ში აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულ სამმართველოში გააგრძელებს.

ზილფიმიანის თქმით, 11 მაისს საღამოს, როცა საჯარო რეესტრში ქონება შვილის სახელზე უკვე გადაფორმებული იყო, მისმა პარტნიორმა დავით ბეჟუაშვილმა სასამართლოში უჩივლა და მისი მთელი ქონების დაყადაღება მოითხოვა. ზილფიმიანი განმარტავს, რომ „პირველი სტერეოს“ 65 პროცენტი ბეჟუაშვილის ცოლის ძმის, ვასილ კობაიძის სახელზეა გაფორმებული, თუმცა რეალურად ამ წილის მფლობელი ბეჟუაშვილია.  

დავით ზილფიმიანს ტელეკომპანიის 22 პროცენტი ეკუთვნის. „პირველი სტერეოს“ 10 პროცენტის მფლობელი მარკო კუპოლეტია, 3 პროცენტს კი ლუკა სევერინი ფლობს. „პირველი სტერეოს“ 65%-ის და რადიო „პირველი რადიოს“ (FM 106.4) ერთპიროვნეული მფლობელი ბიზნესმენი ვასილ კობაიძე 2011 წლის 30 დეკემბერს გახდა. მას წილი, „საქართველოს ინდუსტრიულმა“ ჯგუფმა დაუთმო, რომელიც მანამდე „პირველი სტერეოს“ 65%-ს ფლობდა. „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ 100 პროცენტიანი წილის მფლობელი მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული „ჩემექსიმ ინტერნეშენალია“. ამ ოფშორული კომპანიის დირექტორი კი დავით ბეჟუაშვილისა და საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, გელა ბეჟუაშვილის მამა, რობერტ ბეჟუაშვილია

“პირველი სტერეოს” დამფუძნებელი ამბობს, რომ დავით ბეჟუაშვილმა სასამართლოს მიმართა, რადგან ვარაუდობდა, რომ ზილმფიმიანი  მას ფინანსურად აზარალებდა.

“ეს განცხადება საკმარისი ხდება იმისთვის, რომ მაშინვე, რამდენიმე წუთში, მოსამართლეს ჩაეტარებინა სხდომა და მიეღო გადაწყვეტილება. შაბათს, ისინი მიდიან საჯარო რეესტრში და სასამართლოს განჩინებით, ქონებას 10 წუთში მიყადაღებენ.

საუბარია როგორც "პირველ სტერეოზე", ასევე "სტერეო პლიუსზე”, რომელთანაც  საერთოდ რა კავშირშია დავით ბეჟუაშვილი, გაუგებარია, რადგან  ის 100%-ით ჩემი და ჩემი იტალიელი პარტნიორებისაა", - განაცხადა ზილფიმიანმა.

ზილფიმიანი მიიჩნევს რომ “ეს ქმედება კრიმინალური და კორუმპირებული მაღალი რანგის ჩინოვნიკების მიერაა ჩადენილი. დღეს მე ხელს ვადებ დავით ბეჟუაშვილს, ზუსტად 4 დღეში ვიტყვი ყველა სახელს და გვარს”, -  განაცხადა ზილფიმიანმა და აღნიშნა, რომ ბრძოლას გააგრძელებს და  საკუთარ ქონებას არავის დაუთმობს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test