შემოგვიერთდი

11.05.2012 11:48

„ჰერეთი“ თბილისში რადიომაუწყებლობაზე კონკურსის გამოცხადებას ითხოვს

მაია წიკლაური
Radio Hereti (photo: )

რადიო „ჰერეთის“ დამფუძნებელი რამაზ სამხარაძე ირწმუნება, რომ ქვეყანაში თავისუფალი რადიოსიხშირე არსებობს, კომუნიკაციების ეროვნული კომისია კი ამ სიხშირეზე მაუწყებლობის ლიცენზიას არ გასცემს.

„ჩემი ინფრომაციით, FM დიაპაზონზე 90-93 MHz მონაკვეთში ტექნიკურად თავისუფლადაა შესაძლებელი ლიცენზიების გაცემა და მაუწყებლობის გაშვება“, - უთხრა Media.Ge-ს რამაზ სამხარაძემ.

კომისიამ თბილისში რადიომაუწყებლობის ბოლო ლიცენზია გასული  წლის სექტემბერში გასცა და განაცხადა, რომ  FM98.5 ბოლო თავისუფალი სიხშირე იყო. მის მიღებას „ჰერეთიც“  ცდილობდა, თუმცა კონკურსში შპს „მედია ჰაუს დეკომმა“ (რადიო „ცხელი შოკოლადი“) გაიმარჯვა და 2012 წლის მარტის ბოლოს მაუწყებლობაც დაიწყო.

სამხარაძე კერძო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ახალი კონკურსის გამოცხადებას ითხოვს, ვინაიდან, მისი ინფორმაციით, სიხშირეების რაოდენობა ამოწურული არ არის. ამ თხოვნით „ჰერეთის“ დამფუძნებლმა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანს წერილიც მისწერა.

ჩიქოვანმა საპასუხოდ გაგზავნილ წერილში განმარტა, რომ სიხშირული განაწილების ეროვნული გეგმის თანახმად, თბილისში სიხშირული მოდულაციით რადიომაუწყებლობისთვის გამოყოფილია 93.8-108 MHz დიაპაზონი, სადაც ყველა სიხშირე ამოწურულია.

„რამაზ სამხარაძე არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. თავისუფალი რესურსი თბილისში რადიომაუწყებლობისთვის არ არსებობს, ახალ სამაუწყებლო ლიცენზიებსაც ამიტომ ვერ გავცემთ“, - უთხრა Media.Ge-ს კომისიის პრესმდივანმა ხატია ყურაშვილმა.

„ჰერეთის“ დამფუძნებლის თქმით, რამდენიმე რადიო ლიცენზიის შეუსაბამისად მაუწყებლობს. ამის მაგალითად რადიო „არტი“ მოჰყავს, რომელიც FM 97.5-ზე მაუწყებლობს. სამხარაძე ამბობს, რომ „არტი“ რამდენიმე თვის განმავლობაში საერთოდ არ ფუნქციონირებდა და მხოლოდ მას შემდეგ ჩაირთო, რაც კომისიის თავმჯდომარეს ამ საკითხთან დაკავშირებით წერილი მისწერა.

„ამ რადიოს აქვს საერთო ლიცენზია, რაც ნიშნავს იმას, რომ პროგრამული მრავალფეროვნება უნდა ჰქონდეთ, თუმცა ახლა მხოლოდ მუსიკა ისმის უწყვეტად“, - აღნიშნა სამხარაძემ.

ხატია ყურაშვილის თქმით, კი ეს ინფორმაციაც არასწორია, რადგან ყველა რადიო მაუწყებლობს ლიცენზიის შესაბამისად.

FM 97.5 სიხშირე რადიო „არტს“ რამდენიმე წელია ეკუთვნის. რადიოს მფლობელები 50-50%-ით ბობ მეიერი და ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე არიან. კომისიის 2011 წლის 30 დეკემბერ მიღებული გადაწყვეტილებით  რადიო „არტს“ მაუწყებლობის ვადა 2021 წლამდე გაუხანგრძლივდა. შპს „რადიო არტი“ ასევე ფლობს თბილისში FM 101.9 სიხშირეს, რომელიც მართვის უფლებით გადაცემული აქვს ჰოლდინგ "მედია მენეჯმენტ გრუპისთვის". მას ეკუთვნის რადიოქალქი, რომელიც FM 101.9 სიხშირეზე  მაუწყებლობს.  

კონკურსები

არქივი

პროექტის მხარდამჭერები არიან