შემოგვიერთდი

03.05.2012 15:46

ჟურნალისტის მონათხრობით, მას შს მინისტრის დაცვის წევრებმა სცემეს

David Mchedlidze

გაზეთ „P.S.“-ის ჟურნალისტს, ირაკლი ვაჩიბერაძეს, რომელსაც 2 მაისს ქუთაისში საქართველოს პრეზიდენტის დაცვის წევრებთან  პრობლემები შეექმნა, უკვე დღეს, 3 მაისს უთანხმოება შს მინისტრ  ვანო მერაბიშვილის და პარლამენტის ვიცე-სპიკერ მიხეილ მაჭავარიანის დაცვის წევრებთან მოუვიდა.  ინციდენტი ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერის თეატრში მოხდა, სადაც ვანო მერაბიშვილი და ვიცე-სპიკერი  ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებთან დახურულ შეხვედრას მართავდნენ.

ირაკლი ვაჩიბერაძე ყვება, რომ  შეხვედრაზე მოხვედრა მან უპრობლემოდ მოახერხა: „შესვლისას არავისთვის მითქვამს რომ ჟურნალისტი ვარ და, ალბათ,  მეც ნაციონალური მოძრაობის აქტივისტად ჩამთვალეს“ - ამბობს ირაკლი ვაჩიბერაძე.

ჟურნალისტის მონათხრობით ირკვევა, რომ შეხვედრის მიმდინარეობისას მან საუბრის ჩაწერა დაიწყო საკუთარი მობილურით, ამით კი ყურადღება მიიქცია. ის იცნო შეხვედრაზე მყოფმა ქუთაისის მერიის მთავარმა სპეციალისტმა მედიასთან ურთიერთობის საკითხებში და საკრებულოს რამდენიმე წევრმა.

„ამის შემდეგ დაცვის წევრებმა ფოიეში გამომიყვანეს და ცემა დამიწყეს. ხელითაც მცემდნენ და ფეხითაც, მე ვუთხარი, რომ ასთმა მაქვს და ამის შემდეგ გაჩერდნენ. მასალა, რა თქმა უნდა,  წაშალეს“-ამბობს ირაკლი ვაჩიბერაძე, რომელსაც გარეგნულად ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება.

Media.Ge დაუკავშირდა მერიის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში მთავარ სპეციალისტს, ქეთი დეისაძეს, რომელმაც აღნიშნა, რომ აღნიშნულ შეხვედრაზე საერთოდ არ ყოფილა და ოპერის თეატრში გუშინ დატოვებული ნივთების წამოსაღებად შეიარა,  ირაკლი ვაჩიბერაძე კი იქ საერთოდ არ უნახავს.

ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე აპირებს შემდგომი რეაგირებისთვის სახალხო დამცველის აპარატს მიმართოს. 

კონკურსები

არქივი

ტრენინგები

არქივი

პროექტის მხარდამჭერები არიან