შემოგვიერთდი

24.04.2012 11:51

არასამთავრობოთა შენიშვნები „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

David Mchedlidze

კანონპროექტი „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“,  რომელიც კიბერუსაფრთხოების დაცვის მიზნით შეიქმნა, რეალურად საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას შეზღუდავს - ვარაუდობენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია), „ინფრომაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ 23 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ახალი კანონპროექტი დახურული საჯარო ინფორმაციის ახალ სახეებს ადგენს - კონფიდენციალური, შეზღუდული და არაკლასიფიცირებული.

კანონპროექტს, რომელიც პირველი მოსმენით საქართველოს პარლანეტმა უკვე მიიღო, ახალი ტერმინი შემოაქვს- კრიტიკული ინფრასტრუქტურის სუბიექტი. ეს შეიძლება იყოს „სახელმწიფო ორგანო, იურიდიული პირი, რომლის სისტემების უწყვეტი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვის, ეკონომიკური უსაფრთხოების, სახელმწიფონ ხელისუფლების ან/და საზოგადოებირვი ცხოვრების შენარჩუნებისთვის“.

კანონი,  ზემოთაღნიშნული კრიტიკული ინფორასტრუქტურის სუბიექტის გარდა,  გავრცელდება მის დაქვემდებარებაში მყოფ უწყებებზე ან მათთან დაკავშირებულ ორგანიზაციებზე.

კრიტიკული ინფრასტრუქტურის სუბიექტების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს პრეზინდენტი.

კანონპროექტის თანახმად, კონფიდენციალურია  ინფორმაცია, რომლის კონფიდენციალურობის  ხელყოფას, სავარაუდოდ, მოჰყვება მნიშვნელოვანი ზიანი კრიტიკული ინფრასტრუქტურის სუბიექტის ფუნქციონირებისათვის.

შეზღუდულია საჯარო ინფორმაცია, რომლის ხელმისაწვდომობის ხელყოფა სავარაუდოდ გამოიწვევს კრიტიკული ინფრასტრუქტურის სუბიექტის ფუნქციების მნიშვნელოვან შეფერხებას ან ზიანს მიაყენებს სახელმწიფო ინტერესს ან კერძო პირის საქმიან რეპუტაციას.

არაკლასიფიცირებული კი ის საჯარო ინფრომაციაა, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ კრიტიკული ინფრასტრუქტურის სუბიექტის თანამშრომლების ან/და მასთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი პირისთვის, და რომლის ხელმისაწვდომობის ხელყოფას შესაძლებელია მოჰყვეს უმნიშვნელო ზიანი.

კანონპროექტის ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა არიან.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ დახურული საჯარო ინფორმაციის  ახალი სახეები სცილდება საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ საიდუმლოებათა ჩამონათვალს (სახელმწიფო, კომერციული და პირადი საიდუმლოება) და მათ არალეგიტიმურ გაგრძელებას წარმოადგენს.

საიას თავმჯდომარის თამარ ჩუგოშვილის თქმით, საჯარო ინფორმაციის დამატებითი კლასიფიკაცია კონსტიტუციის გარდა „ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსსაც“ ეწინააღმდეგება.

„კანონპროექტის მიღების შემთხვევაში უწყება თვითონ გადაწყვეტს, რომელი ახალი კლასიფიკაცია მიანიჭოს და არ გაასაჯაროოს. მათ ვალდებულება არ ექნებათ, ახსნან დახურვის მიზეზები“, - აღნიშნა პრესკონფერენციისას თამარ ჩუგოშვილმა.

IDFI-ის თავმჯდომარის ლევან ავალიშვილს ბუნდოვნად მიაჩნია კანონპროექტის ის ნაწილი, სადაც საუბარია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის „სავარაუდო ხელყოფაზე“.

„ვარაუდი ნებისმიერ რამეზე შეიძლება არსებობდეს. კანონი, რომელმაც კიბერუსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს, დაიცვას სხვადასხვა ტექნოლოგიური სისტემები, რეალურად საჯარო ინფორმაციის გავრცლებას ზღუდავს“, - თქვა ავალიშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამ საკითხთან დაკავშრირებით შეხვედრები უკვე გამართეს ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის თქმით, კანონპროექტის ავტორები აპირებენ გარკვეული ცვლილების შეტანას. „კონკრეტულად რა ცვლილებები შეაქვთ უცნობია. ჩვენთვის პრონციპული საკითხია, რომ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო არ შეიზღუდოს“, - აღნიშნა ეკა გიგაურმა.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტის თავმჯდომარესა და შესაბამის კომიტეტებს საკუთარი რეკომენდაციებიც გაუგზავნეს, სადაც დეტალურად განმარტეს ის პრობლემები, რაც ამ პროექტის დამტკიცების შემთხვევაში შეიძლება წარმოიშვას. რეკომენდაციაში ნათქვამია, რომ წარმოდგენილი სახით კანონპროექტის მიღება შესაძლოა აღმოჩნდეს ახალი ინსტრუმენტი საჯარო დაწესებულებებსა თუ სასამართლოების ხელში  საჯარო ინფორმაციის არაპროპორციულად დახურვისთვის.

რეკომენდაციის ავტორებს მიაჩნიათ, რომ არ არსებობს საჯარო ინფორმაციის კანონპროექტში არსებული ინტერპრეტაციის დამკვიდრების აუცილებლობა და იმ შემთხვევაში თუ აუცილებელი ხდება კონკრეტულ საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, საჯარო დაწესებულებებმა უნდა იხელმძღვანელონ საქართველოს კანონით „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“.

კონკურსები

არქივი

პროექტის მხარდამჭერები არიან