შემოგვიერთდი

28.03.2012 07:57

Media Partners: რევაზ საყევარიშვილი თანამდებობიდან პლაგიატის გამო გათავისუფლდა

მაია წიკლაური

28 მარტს სააქციო საზოგადოება Media Partners-მა, რომელიც  Forbes Georgia-ს გამოცემის უფლებას ფლობს რევაზ საყევარიშვილის განცხადების პასუხად განმარტება გაავრცელა. მათი ცნობით, საყევარიშვილი ჟურნალ Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორის თანამდებობიდან თავად კი არ წავიდა, არამედ Media Partners-მა გაათავისუფლა. გათავისუფლების მიზეზი სააქციო საზოგადოება  Media Partners -მა გავრცელებულ განცხადებაში ასე ახსნა: „მილიარდერ ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუში მან კითხვების დიდი ნაწილი რუსული “ვედომოსტის” 2005 წლის სტატიიდან დააკოპირა“.

განცხადებაში აგრეთვე განმარტებულია, რომ “ეს ისტორია ცენზურასთან არ არის დაკავშირებული, მხოლოდ იურიდიულ საკითხებს და საგამომცემლო საქმიანობის ეთიკას ეხება” და რომ “რევაზ საყევარიშვილის ყველა განცხადება პროტესტის ნიშნად თანამდებობის დატოვების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება”.

Media Partners აცხადებს, რომ რევაზ საყევარიშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს ინტერნეტში გავრცელება Media Partners-თან შეთანხმების გარეშე კანონის დარღვევის ნიშნებს ატარებს. “ჩვენი იურისტები სწავლობენ გარემოებებს და რევაზ საყევარიშვილის დემარშის სასამათლო პერსპექტივებს”, - ნათქვამია განცხადებაში.

რევაზ საყევარიშვილმა Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება 27 მარტს გააკეთა, რის მიზეზადაც Media Partners-ის დამფუძნებლის, გაგიკ ეღიაზერიანის მხრიდან სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის და ცენზურის მცდელობა დაასახელა.

საყევარიშვილის თქმით, სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევას ეღიაზერიანი მუდმივად ცდილობდა, ბოლოს ყველაზე მკაცრად ეს ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს შეეხო - პირველად დამფუძნებელმა ამ პუბლიკაციის მომზადების თაობაზე პრეტენზია გამოთქვა. შემდეგ - კითხვების ფორმულირებაში სურდა მონაწილეობის მიღება, ბოლოს კი, დასაბეჭდად გამზადებული ინტერვიუს შემოკლება მოითხოვა.

საზოგადოებას რომ სრული სახით ჰქონოდა ამ ინტერვიუს გაცნობის შესაძლებლობა, საყევარიშვილმა მასალის ინტერნეტ-გამოცემებში გავრცელების გადაწყვეტილება მიიღო.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test