შემოგვიერთდი

06.03.2012 13:18

დიმიტრი გაბუნია - „მაკა ასათიანის ქონება „მაესტროს“ გამო დააყადაღეს“

მაია წიკლაური
Dimitri gabunia (photo: )

ადვოკატი დიმიტრი გაბუნია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაკა ასათიანის ოჯახისთვის, საქართველოში მერსედესის წარმომადგენლობის 20 პროცენტიანი წილის ჩამორთმევის შესახებ, ტელეკომპანია „მაესტროზე“ ზეწოლად აფასებს. ამ საკითხზე გაბუნიამ, რომელიც მაკა ასათიანისა და ტელეკომპანია "მაესტროს" ინტერესებს იცავს, 6 მარტს პრესკონფერენცია გამართა.

„ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ყველაფერი „მაესტროს“ გამო ხდება. რადგან მაკა ასათიანი „მაესტროს“ აფინანსებს, ცდილობენ საკუთრების უფლება ყველა იმ ბიზნესზე შეუზღუდონ, რაც მაკას საქართველოში აქვს და ამით „მაესტროს“ დაფინანსება აუკრძალონ. ამას ხელისუფლება სხვადასხვა პიროვნების ხელით აკეთებს. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ თუკი შეეცდებიან მაკას საქართველოში ყველაფერი წაართვან, მაინც გაასმაგებული დაფინანსება წამოვა „მაესტროს“ მიმართ“, - განაცხადა გაბუნიამ Media.Ge-სთან საუბრისას.

მისი თქმით, საქართველოში მაკა ასათიანის მთელი ქონება, რომლის ღირებულებაც „მილიონობით დოლარია“, დაყადაღებულია. თუმცა ყადაღა არ ეხება ტელეკომპანია „მაესტროს“. მაკა ასათიანი ტელეკომპანიის 25 პროცენტს ფლობს. გაბუნიას თქმით, „ხელისუფლება „მაესტროში“ მაკას წილზე გასვლას ცდილობს“.

ამჟამად მაკა ასათიანი ტელეკომპანია „მაესტროს“ სრულად აფინანსებს: იხდის ჟურნალისტების ხელფასებს, შეიძინა ტელეკომპანიის ახალი ოფისი და მის ტექნიკურ აღჭურვას მთლიანად უზრუნველყოფს.

ასათიანის ქონების საქმეზე გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2012 წლის 22 თებერვალს გამოიტანა. სასამართლოს განჩინებით მაკა ასათიანს, მის დასა და დედას, სალომე ასათიანსა და ლუიზა თავართქილაძეს მათი კუთვნილი წილებიდან შპს „აკაში“ (მერსედესის წარმომადგენლობა საქართველოში) 20 პროცენტი ჩამოართვეს და დავით ძოწენიძეს გადასცეს. ძოწენიძე შპს „აკას“ ყოფილი პარტნიორია და ის საკუთარი წილის დაბრუნებას 2007 წლიდან ითხოვდა.

დიმიტრი გაბუნიას ცნობით, ძოწენიძე კომპანიის დირექტორის თანამდებობიდან 1996 წელს კომპანიის ფულის მითვისების გამო გაათავისუფლეს, მან პარალელურად საკუთარი ნებით დათმო წილი კომპანიაში.

თავის მხრივ, შპს "აკას" ადვოკატი როინ მიგრიაული საქართველოში მერსედესის წარმოამდგენლობის ზარალზე და საქმის ხანდაზმულობაზე საუბრობს. 

„სასამართლოს საქმის ხანდაზმულობის 12 წლიანი ვადა უნდა გაეთვალისწინებინა. ერთერთმა პარტნიორმა მიატოვა წილზე უფლება, მას საფინანსო დეკლარაციები აქვს შევსებული, სადაც მიუთითებს, რომ მისი წილობრივი საკუთრება "აკაში" მთავრდებოდა 1996 წელს. მხოლოდ 2007 წლის შემდეგ ახსენდება, რომ რაღაცა წილი გააჩნია. მე ვთვლი, რომ ეს შურის მომენტია შპს-ს მიმართ. რადგან ასეთი დაძაბული მდგომარეობა წარმოიშვა, გერმანულ ინვესტიციებს შეიძლება საფრთხე შეექმნას“, - აღნიშნა მიგრიაულმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მაკა ასათიანის ადვოკატი, დიმიტრი გაბუნია გეგმავს პროკურატურას მიმართოს, რათა საქმე დავით ძოწენიძის წინააღმდეგ, სხვისი ფულის მითვისების ფაქტზე აღძრას. საქმის გამოძიებას გაბუნია სახალხო დამცველსაც სთხოვს. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test