შემოგვიერთდი

18.01.2012 11:24

„იგრიკას“ ნასყიდობის ხელშეკრულება საჯარო რეესტრშია

მაია წიკლაური
bidzina ivanishvili (photo: )

ტელეკომპანია „მაესტროს“ გენერალურმა დირექტორმა ილია კიკაბიძემ მის მფლობელობაში მყოფი შპს „იგრიკა“ 20 ათას ლარად ბიძინა ივანიშვილის მეუღლის კომპანია „აქცეპტს“ მიჰყიდა. აღნიშნული ცვლილების დასარეგისტრირებლად „აქცეპტის“ დირექტორმა კახა კობიაშვილმა საჯარო რეესტრს 17 იანვარს მიმართა.

„იგრიკა“ ამჟამად საერთო საკაბელო და სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზიას ფლობს. აღნიშნული კომპანიას მართვის უფლება კიკაბიძემ „აქცეპტს“ ერთი წლით 2011 წლის 12 დეკემბერს გადასცა.  17 იანვარს „იგრიკასა“ და „აქცეპტს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად კი, მართვის უფლების შესახებ დადებული შეთანხმება გაუქმდა. ამავე ხელშეკრულებით, „აქცეპტი“  ვალდებულია ილია კიკაბიძეს ნასყიდობის ფასი 20 ათასი ლარი საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან სამ სამუშაო დღეში გადაუხადოს.

17 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულებით იცვლება „იგრიკას“ იურიდიული მისამართიც. კომპანია ჭავჭავაძის გამზირის 74-ის ნაცვლად,  „აქცეპტის“ მისამართზე - ისანი-სამგორის რაიონში ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე, 42 ნომერში რეგისტრირდება.

ამ ხელშეკრულების გაფორმებამდე რამდენიმე დღით ადრე „აქცეპტის“ დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდა „იგრიკას“ დირექტორი ლაშა შონია. მისი ადგილი კომპანიის 20%-ის მფლობელმა კახა კობიაშვილმა დაიკავა.

შპს „აქცეპტის“ 80%-ს კი ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინა ხვედელიძე ფლობს. დანარჩენი 20% კახა კობიაშვილს ეკუთვნის. ეს უკანასკნელი ბიძინა ივანიშვილის კომპანიებს „ქართულ ჰოლდინგსა“ და „ჰოლდინგი ოცდამეერთეს“ ხელმძღვანელობს.  „ქართული ჰოლდინგი“ ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ ერთპიროვნული მფლობელია.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test