შემოგვიერთდი

17.01.2012 09:27

პრესის ასოციაციის მიერ დაფუძნებულმა ორგანიზაციამ გაზეთების რეალიზაცია დაიწყო

David Mchedlidze

თბილისის უბნებში  გორგოლაჭებზე შემდგარი პრესის სტელაჟები გამოჩნდა, რომლებსაც  სპეციალურ ქურთუკებსა და კეპებში გამოწყობილი პრესის გამავრცელებლები ქუჩა-ქუჩა დაატარებენ. „მე, თავისუფალი პრესა“, ეწერა  ქურთუკეზე ერთ-ერთ პრესის  გამავრცელებელს, რომელიც თბილისის ისტორიულ უბანში სოლოლაკში, ლერმონტოვის ქუჩაზე,  გაზეთებს ჰყიდდა.

„ერთ კონკრეტულ ადგილზე არ ვდგები, რამდენიმე ქუჩა მაქვს მომაგრებული, გაზეთებსაც იქ დავატარებ“, უთხრა Media.Ge-ს,   ასე,  30 წლის მამაკაცმა, რომელიც ვინაობის გამხელას მოერიდა.

"ჩვენ ვყიდით თითქმის ყველა გაზეთს და ჟურნალს, რომელიც თბილისში გამოდის", თქვა მან.

თბილისში მოქმედი პრესის ახალი სადისტრიბუციო ქსელი შექმნა  "თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციამ", რომელიც  საქართველოს პრესის ასოციაციამ დააფუძნა.  

„ორგანიზაციამ თბილისში ლოჯისტიკის ცენტრები გახსნა, საიდანაც, უბნების მიხედვით, გაზეთებით მოვაჭრეთა  განაწილება ხდება“, უთხრა Media.Ge-ს ამირან ჭიჭინაძემ, „სოლოლაკში“ გახსნილი ლოჯისტიკის ცენტრის ხელმძღვანელმა. 

„ჩვენი ცენტრიდან,  ყოველ დილით,   ექვსი პრესის გამავრცელებელი გადის „სოლოლაკში“ სამოძრაოდ, მათი რაოდენობა 12-მდე უნდა გავზარდოთ“, დასძინა მან.

ამირან ჭიჭინაძის თქმით, გაზეთის გამყიდველთა  ხელფასი 300 ლარია, პლუს ბონუსი, ანუ, მათ მიერ გაყიდული გაზეთებიდან  მიღებული შემოსავლის პროცენტი.

საქართველოს პრესის ასოციაციამ  "თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაცია" დააფუძნა

მას შემდეგ, რაც თბილისი მერიამ, პროგრამა „1000 ჯიხურის“  ფარგლებში,  რომელიც მერიისვე განმარტებით, მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებას ემსახურება, თბილისის ქუჩებიდან  პრესის ჯიხურების აღება დაიწყო.  პარალელურად, ახალი დიზაინის სავაჭრო ჯიხურების განთავსების მიზნით,  გასული წლის ნოემბრიდან, აუქციონები ტარდება, რომელშიც პრესის გამავრცელებელმა კომპანიებმა:„ პლანეტა ფორტემ“, „მაცნემ“, „ელვა სერვისმა“ და „ომეგამ“,   მონაწილეობაზე უარი განაცხადეს, იმ მიზეზით, რომ  მსხვილ კონკურენტებთან გამკლავება   მათ ფინანსურ შესაძლებლობებს აღემატება.  ამავე  კომპანიების განცხადებით,  პრესის ჯიხურების აღებამ ისინი გაკოტრების პირას მიიყვანა, რადგან მკვეთრად შემცირდა   ბეჭდური პროდუქციის  რეალიზაცია.  ამავე დროს  მერიის პროგრამა გაზეთის გამომცემლებმა გააპროტესტეს. მათი განცხადებით, ხელისუფლება ამ გზით ცდილობს დამოუკიდებელი  პრესის ჩახშობას.

 "თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციას", რომელიც დამფუძნებელთა განცხადებით, არაკომერციული ორგანიზაციაა,  ფინანსური მხარდაჭერა მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა აღმოუჩინა.  

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test