შემოგვიერთდი

13.01.2012 12:58

„ალანია“ "პიკს" 2012 წლის ბოლომდე მართავს

მაია წიკლაური

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მაუწყებლის გენერალურ დირექტორს უფლება მისცა კომპანია “ალანიასთან” საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე არხის, “პირველი საინფორმაციო კავკასიურის”-ის მართვის უფლების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება გააფორმოს. ხელშეკრულების მიხედვით „ალანიას“ "პიკის" მართვის უფლება 2012 წლის 17 იანვრიდან 31 დეკემბრამდე უნდა გადაეცეს.

შპს “ალანია” ერთადერთი კომპანია იყო, რომელიც “პიკის" მართვის უფლების მოსაპოვებლად გამართულ ტენდერში მონაწილეობდა.

ტენდერში მონაწილეობა არ მიუღია პიკის კომპანია "ქეი ერთს", რომელიც ტელევიზიას 2010 წლიდან მართავს და კონტრაქტი 16 იანვარს ეწურება. შპს "ქეი ერთის" დამფუძნებლები ეკატერინე კოტრიკაძე და რობერტ პარსონსი არიან. ეკატერინე კოტრიკაძე ამჟამად "პირველი საინფორმაციო კავკასიურის" დირექტორია, რობერტ პარსონსი კი დღემდე მისი მრჩეველი იყო.

რადიო “თავისუფლებასთან” ინტერვიუში ეკატერინე კოტრიკაძემ განმარტა, თუ რატომ არ მიიღო “ქეი ერთმა” ტენდერში მონაწილეობა.  მისი თქმით, მას ამის გაკეთება რობერტ პარსონსის გარეშე არ სურდა და მეორეც, მენეჯმენტის და მართვის გამოცდილების უქონლობის გამო ტელეკომპანია "პიკის" მართვას დამოუკიდებლად ვერ შეძლებდა. საკუთარ თავს მომავალში ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ხედავს. 

სამაუწყებლო და სატენდერო კანონის მიხედვით, “ალანია” ვალდებული იქნება -შეადგინოს და შეავსოს “პირველი საინფორმაციო კავკასიურის” სამაუწყებლო ბადე დამზადებული და შეძენილი პროგრამებით ისე, რომ არხმა დღეში არანაკლებ 18 საათიანი პროგრამული უზრუნველყოფა შეძლოს. “ალანიას” ამ პირობის შესასრულებლად ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი გამოეყოფა. შპს „ალანია“ ტელეკომპანია „რეგიონ ტვ“-ს ფლობს. მისი დირექტორი კი ალეკო ფარულავაა, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა პარალელურად „პიკის" „ქეი ერთის“ დირექტორის მოადგილედ მუშაობს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test