შემოგვიერთდი

26.12.2011 11:32

საგარეჯოს ტელეკომპანია სამი წელია არ მაუწყებლობს, მაგრამ ლიცენზიის გაგრძელებას ითხოვს

David Mchedlidze

საგარეჯოს ტელეკომპანია „თვალი“, რომელიც სამი წელია არ მაუწყებლობს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებას ითხოვს, მომდევნო ათი წლით.

საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის მიერ 2010 წლის ნოემბერში ჩატარებული კვლევის თანახმად, ტელეკომპანიის მაუწყებლობა მეპატრონის სურვილით შეწყდა. ტელეკომპანიის აპარატურა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის ორ დაკეტილ ოთახშია შენახული.

შპს ტელე - რადიო კომპანია „თვალი“-ს დამფუძნებელი თამარ ქურდოვანიძე - ნაცვლიშვილია. იგი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის გია ნაცვლიშვილის დედაა. 2006 – 2008 წლებში გია ნაცვლიშვილი კახეთის გუბერნატორად მუშაობდა. ტელეკომპანიის მაუწყებლობის შეწყვეტამდე თამარ ნაცვლიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეჯოს რაიონული ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელიც იყო. ამ პერიოდში ტელეკომპანია „საინფორმაციო - სარეკლამო მომსახურებისთვის“ დაფინანსებას ადგილობრივი ბიუჯეტიდან იღებდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ იურისტი ლია ხუროშვილი განმარტავს, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონის 70-ე მუხლის თანახმად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ყოველი წლის პირველ მაისამდე წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნების შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნაც.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, საგარეჯოს ტელეკომპანიას კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში 2008 – 2009 - 2010 წლების ანგარიშები არ წარუდგენია.

ამავე კანონის 74-ე მუხლის თანახმად, ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტა წელიწადში 3 თვეზე მეტი ვადით, ლიცენზიის გაუქმების საფუძველია. მიუხედავად ამისა, კომისიას საგარეჯოს ტელეკომპანიისთვის ლიცენზია არ გაუუქმებია.

ამ საკითხებზე საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში კომენტარს არ აკეთებენ.

კომუნიკაციების კომისიამ 21 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 25 კომპანიის სამაუწყებლო ლიცენზიის ვადის მოქმედების მომდევნო ათი წლით გაგრძელებაზე.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად სამაუწყებლო ლიცენზიები ათი წლის ვადით გაიცემა. ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია კომისიას მიმართოს ვადის კიდევ ათი წლით გაგრძელების მოთხოვნით. „თვალი“ ერთ-ერთია იმ 25 კომპანიას შორის, რომლებიც ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელებას ითხოვენ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test