შემოგვიერთდი

21.12.2011 14:09

სიძულვილის ენა ქართულ პრესაში

მაია წიკლაური
სიძულვილის ენა ქართულ პრესაში -მონიტორინგის შედეგები (photo: )

"ასავალ-დასავალი", "ვერსია", "ალია" და "კვირის ქრონიკა" ხშირად ახდენენ ქსენოფობიური და ჰომოფობიური განცხადებების ტირაჟირებას“, - ეს დასკვნა პრესის მონიტორინგის ანგარიშში გამოქვეყნდა, რომელიც „ინტერნიუსი-საქართველოს“ თანამშრომლებმა მოამზადეს.

მონიტორინგი 2011 წლის 1 მაისიდან - 31 ივლისამდე და 1 სექტემბრიდან - 30 ნოემბრამდე პერიოდში ჩატარდა. კვლევა მიზნად ისახავდა ქართულ პრესაში ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების მისამართით გამოხატული სიძულვილის ენის გამოვლენას.

მონიტორინგისთვის შეირჩა 12 საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების გაზეთი- "რეზონანსი", "ალია", "კვირის ქრონიკა", "ახალი თაობა", "ვერსია", "კვირის პალიტრა", "ასავალ-დასავალი", "24 საათი" და "Weekend', "პრაიმტაიმი", "ბათუმელები", "სამხრეთის კარიბჭე" (ახალციხე)  და "ახალი გაზეთი"  (ქუთაისი). გამოცემებს ორი მკვლევარი დიანა ჩაჩუა და გიორგი თაბაგარი აკვირდებოდა. მათი განცხადებით, "24 საათი", "რეზონანსი", "ბათუმელები", "ახალი თაობა" და "კვირის პალიტრა" უმცირესობების თემატიკის გაშუქებისას შედარებით დაბალანსებულია;

„სექსუალურ ორიენტაციასთან და გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში თვალსაჩინოა, როგორც ჟურნალისტების, ასევე რესპოდენტების მხრიდან ინფორმაციის ნაკლებობა/არასწორი ტერმინოლოგიის გამოყენება,“ - აღნიშნა პრეზენტაციისას დიანა ჩაჩუამ.

მონიტორინგის პერიოდში ეთნიკურ, რელიგიურ და სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებული 233 სტატია გაანალიზდა. მათგან მხოლოდ 5 იყო რეგიონულ გამოცემაში დაბეჭდილი.

უმცირესობებზე ყველაზე მეტი, 16 სტატია "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნდა, ამ გამოცემამ ფართობის მიხედვით ყველაზე დიდი ადგილი - 11712სმ2 დაუთმო. მიუხედავად იმისა, რომ  "ახალმა თაობამ" 12 სტატია, "რეზონანსმა" კი 10 დაიბეჭდა, ამ უკანასკნელმა უფრო მეტი ფართობი დაუთმო.

ანგარიშის მიხედვით, ეთნიკური უმცირესობებს ყველაზე დიდ ადგილს „ასავალ-დასავალი“, სექსუალურ უმცირესობებს - „პრაიმ ტაიმი“, რელიგიურ უმცირესობებს კი - „ბათუმელები“ უთმობს.

ქუთაისში გამოცემულ "ახალ გაზეთს" მონიტორინგის პერიოდში უმცირესობებთან დაკავშირებით არცერთი მასალა არ გამოუქვეყნებია.

ქართული პრესა ყველაზე ხშირად ეთნიკური უმცირესობებს აშუქებს. „შესაბამისად, უფრო მეტად სწორედ ეთნიკური უმცირესობები შუქდებოდა, როგორც პოზიტიურად, ასევე ნეგატიურად“, - განმარტა დიანა ჩაჩუამ.

ანგარიშის თანახმად, ეთნიკური უმცირესობებიდან ყველაზე დიდი ადგილი სომხებს ეთმობოდა. მკვლევარების თქმით, ამის მაპროვოცირებელი რობერტ სტურუასთან დაკავშირებული ამბავი გახდა.

მონიტორინგის პერიოდში სექსუალური უმცირესობებიდან პრესის ყველაზე დიდი ფართობი (48%) გეებს დაეთმოთ.

მონიტორების თქმით, მედია საშუალებებში სექსუალური უმცირესობების მისამართით წარმოდგენილი ჰომოფობიური განცხადებები, როგორც წესი უკავშირდება ქვეყნის გარყვნას, ქართველების გადაგვარებას და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლას. ყველაზე ხშირად გამოყენებული სალანძღავი ტერმინია “პედერასტი”, რომელსაც არცთუ იშვიათად სექსუალური კონოტაციის გარეშე იყენებენ. ასევე მონიტორინგის პერიოდში არაერთხელ იქნა გამოყენებული ტერმინები: “ჰერმოფროდიტი”, “ტრანსსექსუალიზმი”, “ჰომოსექსუალისტები”, “ლიბერასტები”, “მიშარასტი”.

გიორგი თაბაგარის თქმით, სექსუალურ უმცირესობებს ქართული ბეჭდური გამოცემები ხშირად სკანდალის გამო აშუქებენ. მისი თქმით, მონიტორინგის პერიოდში არცერთი ანალიტიკური მასალა არ დაბეჭდილა. „პრესაში უმცირესობებს ძირითადად ინტერვიუს დროს ეხებიან, ან პატარა საინფორმაციო შენიშვნას ბეჭდავენ. სტატია, სადაც მათი პრობლემები იქნებოდა გაშუქებული, პრაქტიკულად არ ყოფილა,“ - აღნიშნა თაბაგარმა.

მონიტორების განმარტებით, გაზეთების “ალია”, “კვირის ქრონიკა” და “ასავალ-დასავალი” ჟურნალისტები როგორც წესი, თავადვე აფიქსირებენ ჰომოფობიურ და ქსენოფობიურ პოზიციებს და ინტერვიუების განმავლობაში კითხვის ფორმულირებით თუ უშუალო განცხადებებით ახდენენ სიძულვილის ენის ტირაჟირებას.

სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელის ბექა მინდიაშვილი მიიჩნევს, რომ „ალიასა“ და „ასავალ დასავალის“ გარდა სხვა გამოცემებიც ძალიან ხშირად იყენებენ ქსენოფობიურ გამონათქვამებს. 

„რა თქმა უნდა „ასავალ-დასავალი“ სისტემატურად ნეგატიურად აშუქებს, მაგრამ იმის თქმა, რომ რომელიმე გამოცემა ნეიტრალურად და მით უფრო პოზიტიურად აშუქებს, არ შეიძლება, ჩვენ ცენტრს სხვა შედეგები გვაქვს“, - უთხრა media.ge-ს პრეზენტაციაზე მისულმა ბექა მინდიაშვილმა.

დიანა ჩაჩუას განმარტებით, „სხვა გამოცემებსაც აქვთ სიძულვილის ენის შემცველი მასალები, თუმცა შედარებით ნაკლებად“.

მონიტორინგი 2012 წლის სექტემბრამდე გაგრძელდება. მკვლევარები საბოლოო ანგარიშთან ერთად რეკომენდაციებსაც შეიმუშავებენ.

მედია მონიტორინგის პროექტს „ინტერნიუსი-საქართველო“ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ოფისთან ერთად, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით ახორციელებს. მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია 21 დეკემბერს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში გაიმართა.

მეორე კვარტალური მონიტორინგის შედეგები შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ Media.Ge-ს გვერდიდან.

პირველი  კვარტალური მონიტორინგის შედეგები  იხილეთ Media.Ge-ს გვერდზე.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test