შემოგვიერთდი

19.12.2011 15:19

საერთო სადისტრიბუციო ქსელი ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით

მაია წიკლაური

პოლიტიკაში წასული მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი „თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციას“ დააფინანსებს. ორგანიზაციის მთავარი მიზანი თბილისში პრესის გავრცელების ახალი სისტემის შექმნა და მისი განვითარება იქნება.  „თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაცია“ 2011 წლის 13 დეკემბერს  „საქართველოს პრესის ასოციაციამ“ დააფუძნა.  თავის მხრივ, „პრესის ასოციაციის“ დამფუძნებლები 2009 წლიდან „რეზონანსის“, „კვირის პალიტრის“ და „ასავალ-დასავალის“ გამომცემლები არიან.

ორგანიზაციამ უკვე გამოაცხადა ვაკანსიები აღმასრულებელი დირექტორის, რეალიზატორების, რეგიონალური განვითარების, ოფისისა და PR მენეჯერის თანამდებობაზე. ანაზღაურება 500-დან 1500 ლარამდე მერყეობს. ვაკანსიის შესახებ ინფორმაცია 19 დეკემბერს პრესის საშუალებით გავრცელდა.

„საქართველოს პრესის ასოციაციის“ ხელმძღვანელის, ლაშა ტუღუშის თქმით, ახალი ორგანიზაციის შექმნა პრესის ჯიხურებთან დაკავშირებით წარმოქმნილმა პრობლემამ გამოიწვია. თბილისის მერიის პროექტ „1000 ახალი ჯიხურის“ განხორციელებისთვის ზედამხედველობის სამსახურმა საგაზეთო ჯიხურების დიდი ნაწილი აიღო, რაც „პრესის ასოციაციის“ წარმომადგენლებმა რამდენჯერმე გააპროტესტეს კიდეც.

„დღეს პრესის ჯიხური თქმის აღარ დარჩა. ამიტომ შევქმენით არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც დაეხმარება გაზეთების სადისტრიბუციო კომპანიებს,“ - უთხრა media.ge-ს ლაშა ტუღუშმა.

ბიძინა ივანიშვილი პრესის წარმომადგენლებს ერთერთი საპროტესტო აქციის შემდეგ, მიმდინარე წლის 2 დეკემბერს შეხვდა და დახმარება აღუთქვა. ტუღუშის განცხადებით,  „თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციის“ ერთ-ერთი ფინასური წყარო ბიძინა ივანიშვილის ფონდი იქნება.

„დისტრიბუტორებს თავად გაზეთებიც შეეხიდებიან, რამდენადაც ექნებათ საშუალება. ეს ფინანსები კი პრესის გავრცელებას მოხმარდება“, - აღნიშნა ლაშა ტუღუშმა.

ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნონა ყანდიაშვილმა media.ge-სთან ინტერვიუში ეს ინფორმაცია არ უარყო:

„ლაშა ტუღუშმა თუ თქვა, ესე იგი, დააფინანსებს“, - განაცხადა ყანდიაშვილმა.

ვაკანსიების შესახებ განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ ორგანიზაციის ძირითადი წყარო გრანტები და კერძო შემოწირულობები იქნება. „თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაცია“ ასევე მიმართავს მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს და ფინანსური დახმარების სურვილის შემთხვევაში „ქართუ ბანკსა“ და „თიბისი ბანკის“ ანგარიშებზე თანხის ჩარიცხვას სთხოვს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test