შემოგვიერთდი

05.12.2011 08:41

მაკა ასათიანის ადვოკატი დიმიტრი გაბუნია პრესკონფერენციას იწვევს

David Mchedlidze

ტელეკომპანია „მაესტროს“ ერთ-ერთი მფლობელის მაკა ასათიანის განცხადებას მისი ადვოკატი დიმიტრი გაბუნია 5 დეკემბერს 14:00 საათზე სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გაავრცელებს.

„მაესტროს“ დამფუძნებლის მამუკა ღლონტის თქმით, ტელეკომპანიას აქამდე ძირითადად მაკა ასათიანი აფინანსებდა. „მან [მაკა ასათიანმა] აღგვითქვა დახმარება, ის ჩვენი თანამოაზრეა, საკმაოდ შეძლებული ადამიანია და პოლიტიკური ამბიციები არ აქვს,“ - თქვა ღლონტმა რადიო „მაესტროს“ ეთერში.

მაკა ასათიანი, რუსეთის ფედერაციაში მოღვაწე მსხვილი  ბიზნესმენის კოტე გოგელიას მეუღლე,   ფლობს ტელეკომპანია „მაესტროს“ 25%-იან წილს.

2009 წელს  „მაესტრო“ 3-წლიანი მართვის უფლებით გადაეცა ოპოზიციური „ქართული პარტიის“ ლიდერის ეროსი კიწმარიშვილის მიერ დაფუძნებულ „რუსთავის მედია მართვის კომპანიას", რომელსაც ტელეკომპანიის ფინანსური უზრულვეყოფა დაევალა. თუმცა დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, კიწმარიშვილმა პირობა არ შეასრულა - დაგროვილია სატელიტური კომპანიების „მირისა“ და „თურქსატის“, აგრეთვე სახელფასო და კომუნალური გადასახდი.

 „შედარების აქტით, 700-800 ათასი აშშ დოლარი გამქრალია. კიწმარიშვილმა  პროვოკაცია მოაწყო, რადგან ტელეკომპანიაში შეჭრამდე,  ის   გავაფრთხილეთ , რომ იმ შემთხვევაში, თუ  დავალიანებას არ დაფარავდა,  5 დეკემბერს მასთან ხელშეკრულება შეწყდებოდა“,  თქვა გაბუნიამ სამ დეკემბერს მედიაკავშირ „ობიექტივის“ ეთერში. ამასთან მან დასძინა, რომ   კიწმარიშვილსა და დამფუძნებლებს შორის გაფორმებული ხელშკრულება „იურიდიულად დაბალი კვალიფიკაციისაა“, ვინაიდან დოკუმენტი არ არის რეგისტრირებული არც საჯარო და არც სამეწარმეო რეესტრში, რაც ეწინააღმდეგება კანონმდებლობას.

30 ნოემბერს ეროსი კიწმარიშვილი, რამდენიმე პირთან ერთად,  ტელეკომპანიის შენობაში შეიჭრა, თუმცა სტუდიაში და ნიუსრუმში შესვლა ვერ შეძლო. იქ მამუკა ღლონტი რამდენიმე ჟურნალისტთან ერთად ჩაიკეტა, ინციდენტს ტელეკომპანიის მუშაობის პარალიზება მოჰყვა. წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ, ღლონტმა, ჟურნალისტებთან ერთად, შენობა დატოვა და რადიო „მაესტროში გადაინაცვლა.“ კიწმარიშვილს, რომელსაც ამჟამად ტელეკომპანია „მაესტროს“ შენობა აქვს დაკავებული,  პრეტენზიები აქვს დამფუძნებლებთან. მისი თქმით, ტელეკომპანიაში ინვესტიციის სახით ჩადებული აქვს 4 მილიონ 500 ათასი აშშ დოლარი, „საიდანაც ერთი მილიონი გამქრალია“.

ტელეკომპანიის ტეროტორიაზე უკანონოდ შეჭრის ბრალდებით „მაესტროს“ დამფუძნებლებმა კიწმარიშვილს პროკურატურაში  უჩივლეს.

„კიწმარიშვილი შენობაში უკანონოდ იმყოფება“, განაცხადა გაბუნიამ.

მან დასძინა, რომ პროკურატურაში შეტანილი მათი განცხადების თანახმად, კიწმარიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე  რამდენიმე მუხლით უნდა აღიძრას.  

 „ეს არის ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა,  დაირღვა თანამშრომელთა შრომითი უფლებები, რაც ასევე ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით,“ - განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.

კიწმარიშვილმა ინციდენტის შემდეგ განაცხადა, რომ „მაესტროს“ ქონება, კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე - 2012 წლის 30 ნოემბრამდე, მმართველ კომპანიას ეკუთვნის.

„მაესტრო“ ამჟამად საგანგებო რეჟიმში რადიო „მაესტროს“ სტუდიიდან საკაბელო ქსელში მაუწყებლობს. ილია (ბაჩო) კიკაბიძემ, ერთ-ერთყმა მეწილემ, რომელიც ტელეკომპანიის გენდირექტორიც არის, განაცხადა, რომ მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც სატელიტზე გასვლა შეიძლება, „მაესტროს“   შენობაში დარჩა.

„თუმცა ჩვენ შევძლებთ სხვა საშუალებების გამონახვას, თანამგზავრული მაუწყებლობისთვის“, განაცხადა კიკაბიძემ 3 დეკემბერს რადიო „ობიექტივის“ ეთერში.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test