შემოგვიერთდი

20.10.2011 22:56

IDFI ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წინააღმდეგ

David Mchedlidze

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 20 ოქტომბერს დაიწყო საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წინააღმდეგ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) სარჩელის განხილვა.

IDFI-მა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით მაისში მიმართა. ინფორმაცია ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილსა და გაცემული პრემიების საერთო რაოდენობას ეხებოდა. სამინისტრომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა გადაწყვეტილება ხსენებული უწყების ადმინისტრაციაში გაასაჩივრა, თუმცა უარი მიიღო.

„ჩვენ არ მოგვითხოვია საიდუმლო  ან კომერციული ტიპის ინფორმაცია, ეს იყო საჯარო ინფორმაცია. სამწუხაროდ, სამინისტროსგან უარი მივიღეთ, რასაც სასამართლოში სარჩელის შეტანა მოჰყვა“,  უთხრა media.ge-ს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას 31 ოქტომბერს მიიღებს.

IDFI საქართველოში საჯარო ინფორმაციის თავისუფლების ხარისხის გაზრდაზე მუშაობს. ორგანიზაციამ ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს" დაფინანსებით 2009 წელს შექმნა „საჯარო ინფრომაციის მონაცემთა ბაზა" (opendata.ge), სადაც თავს იყრის IDFI-ის მიერ საჯარო უწყებებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია თანამდებობის პირთა ხელფასების, პრემიების, ბიუჯეტისა თუ სამივლინებო ხარჯების შესახებ. მონაცემები ყოველკვარტალურად  ჯამდება და ერთიანი სტატისტიკა იქმნება.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test