შემოგვიერთდი

07.10.2011 16:34

ბიძინა ივანიშვილს ტელეკომპანიების ყიდვა სურს

David Mchedlidze

ქართველმა მილიარდერმა ბიძინა ივანშვილმა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების შეცვლის მიზნით ოპოზიციური პარტიის შექმნას აპირებს,   7 ოქტომბერს  განაცხადა, რომ  ნებისმიერ ქართული საინფორმაციო ტელეარხს იყიდის,  რისთვისაც და მზად არის, საბაზრო ღირებულებაზე სამჯერ მეტი  გადაიხადოს.  ნეტგაზეთს ივანიშვილის განცხადება მოყავს:

"შევიძენ ნებისმიერ ქართულ ტელევიზიას, რომელსაც საინფორმაციო გადაცემების ლიცენზია გააჩნია. იმისათვის, რომ მეპატრონეს (თუკი ასეთი არსებობს სააკაშვილის გარდა) გაყიდვის რეალური ინტერესი გაუჩნდეს, ვთავაზობ შემდეგს:

1. გადავიხდი საბაზრო ღირებულებაზე სამჯერ მეტ თანხას. ღირებულება უნდა შეაფასოს მსოფლიო ბანკის მიერ რეკომენდებული ხუთი აუდიტორული კომპანიიდან ერთ-ერთმა.

2. შეძენიდან მაქსიმუმ ორი წლის შემდეგ, მის დღევანდელ მფლობელს ტელევიზიას დავუბრუნებ სიმბოლურ ფასად - 1 (ერთ) ლარად. იურიდიულად ეს ვალდებულებები გაფორმდება გაყიდვის კონტრაქტთან ერთად. იმავდროულად გაფორმდება ვალდებულება, რომ ტელევიზიის დღევანდელი ძირითადი საშუალებების ღირებულება, დაბრუნების მომენტში, მინიმუმ 15 პროცენტით იქნება გაზრდილი.

3. ტელევიზიის ახლანდელ მფლობელს უფლება ექნება (ეს გაყიდვის მომენტში გარანტიის სახით აისახება), შეინარჩუნოს საეთერო დროის 50 პროცენტი. ეს იმას ნიშნავს, რომ "მაესტროს" და "კავკასიის" დღევანდელ მფლობელებს შეეძლებათ, პრაქტიკულად მთლიანად შეინარჩუნონ დღევანდელი გადაცემები (ამ ტელეარხების საეთერო დრო ამჟამად 50 პროცენტითაც კი არ არის დატვირთული).

თუ ჩემს შეთავაზებას არ გამოეხმაურებიან, ამ ტელევიზიების დანიშნულება მართლდება."

ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც  რუსეთში მსხვილი ბიზნესი გააჩნია,  ფლობდა ტელეკომპანია "მეცხრე არხს", სადაც საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემები გადიოდა.

ნეტგაზეთი აღნიშნავს, რომ „მეცხრე არხმა“ მაუწყებლობა 1999 წელს დაიწყო და 2004 წლის 1 აპრილს მოულოდნელად დაიხურა. მიზეზი იმ დროს ტელეკომპანიის 300-მდე თანამშრომლისთვის არავის განუმარტავს. 2009 წელს კი ცნობილი გახდა, რომ მილიარდერი ბიზნესმენი არხის აღდგენას აპირებდა, ოღონდ, მოდიფიცირებული ლიცენზიით. არხი მუსიკალურ-გასართობი უნდა ყოფილიყო. კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ კი, „მეცხრე არხს“ მაუწყებლობის მოდიფიცირების ნაცვლად, 2009 წლის 24 აპრილს ლიცენზია საერთოდ ჩამოართვა. მიზეზი იყო კანონი, რომლის მხიედვითაც, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ზედიზედ 90 დღეზე მეტხანს არ გათიშოს ეთერი. „მეცხრე არხი“ კი 5 წელიწადი იყო გათშული.

”მაუწყბელობის შესახებ” კანონის 37-ე მხულის თანახმად, ლიცენზიის მფლობელი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტია, ან პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი.  

”რაღაც ვერ წარმომიდგენია,  რომ ბიძინა ივანიშვილი არ იქნება პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი, არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ამგვარი შემოთავაზება საუძველშივე ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებას”, უთხრა Media.Ge-ს თამარ კორძაიამ, მედიასამართლის სპეციალისტმა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test