11.07.2021 15:54
„ინტერნიუსი-საქართველოს“ განცხადება ქართველ ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით
David Mchedlidze
საქართველოში ჟურნალისტური საქმიანობა სიცოცხლისთვის სახიფათო გახდა, რაც ცალსახად დაადასტურა 5-6 ივლისის მოვლენებმა.
5-6 ივლისს, „პრაიდის“ წინააღმდეგ გამოსვლის დროს, ულტრანაციონალისტური და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმების შედეგად დაშავდა 10-ზე მეტი მედიასაშუალების 53 ჟურნალისტი. დაზიანებების შემდეგ დღეს, 11 ივლისს, გარდაიცვალა ტვ „პირველის“ ოპერატორი ლევან ლაშქარავა. თუმცა, გამოძიება ადგენს მისი დაღუპვის მიზეზებს.
„ინტერნიუსი-საქართველო“ აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ არ მიიღო სათანადო ზომები ძალადობის პრევენციის და მისი აღკვეთისთვის, მეტიც, მედიაზე თავდასხმა სახელმწიფოს სრული გულგრილობის ფონზე განხორციელდა. ამდენად, ჟურნალისტების სასტიკად ცემისთვის, უშუალო დამნაშავეებთან და ორგანიზატორებთან ერთად, პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებასაც
საგულისხმოა ისიც, რომ მედიაზე მასობრივი თავდასხმის მიუხედავად, საგამოძიებო სამსახურებმა ძალადობაში მხოლოდ 12 პირი ამხილეს, მაშინ, როცა არსებობს უამრავი ვიდეოკადრი დამნაშავეთა იდენტიფიცირებისთვის.
აქედან გამომდინარე, „ინტერნიუსი-საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს გამოძიების უფრო ეფექტურად წარმართვას და ყველა დამნაშავის პასუხისგებაში მიცემას.
„ინტერნიუსი-საქართველო“ ასევე მოითხოვს, რომ ხელისუფლებამ პატივი სცეს დემოკრატიულ მონაპოვრებს; უზრუნველყოს კონსტიტუციურად გარანტირებული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, მედიის თავისუფალი და უსაფრთხო მუშაობა.
„ინტერნიუსი-საქართველო“ მოუწოდებს მეგობარ ქვეყნებს, საერთაშორისო ინსტიტუტებს, მთელ ცივილიზებულ სამყაროს, გააძლიერონ ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა მან უპირობოდ პატივი სცეს დემოკრატიულ ღირებულებებს და შექმნას მყარი გარანტიები ადგილობრივი მედიის უსაფრთხოებისთვის.