შემოგვიერთდი

16.02.2020 14:41

ჟურნალისტი ზვიად ქორიძე მოუწოდებს, დაიცვან აჭარის ტელევიზია და რადიო

Media Ge

ჟურნალისტი ზვიად ქორიძე ფეისბუქში გამოქვეყნებულ განცხადებაში,  მოქალაქეებს, „ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარება”, მოუწოდებს, დაიცვან საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო.

„დღეს აჭარის ტელევიზიასა და რადიოში გადამწყვეტ შეტევაზე გადავიდნენ ანტიდემოკრატიული და რეაქციული ძალები. მათ ეს ფრონტი  ათი თვის წინ გახსნეს, როდესაც დირექტორობიდან გადააყენეს ნათია კაპანაძე. შემდეგ მიაღწიეს პოზიციურ წარმატებას, როდესაც არ დაუშვეს დირექტორად ნათია ზოიძის არჩევა, როდესაც მიიტაცეს ახალი მრჩეველთა საბჭოს მანდატები, როდესაც არხის ხელმძღვანელად აირჩიეს გიორგი კოხრეიძე, როდესაც შექმნეს თვალთვალის და დევნის გარემო”, აცხადებს ზვიად ქორიძე.

მისი თქმით,  გიორგი კოხრეიძე, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი, არხიდან დევნის და უშვებს იმ ადამიანებს, რომლებიც ქმნიან და იცავენ საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის სტანდარტს. ამ საფრთხის წინაშე დგას საინფორმაციო სამსახურის ყველა პროდუსერი, წამყვანი და ჟურნალისტი, ვინც უარს იტყვის პარტიული და პროპაგანდისტული ტელევიზიისა და რადიოს კეთებაზე.

„დღეს გიორგი კოხრეიძე ცდილობს, დაამარცხოს საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა. აჭარის ტელევიზიამ და რადიომ შეძლო, მართლა საზოგადოებრივ მაუწყებლად ჩამოყალიბებულიყო. არა მხოლოდ კანონის ჩანაწერით, არამედ თავისი სტანდარტებითა და შინაარსით. ეს ნერვებს უშლის და აფორიაქებს რეაქციონერებს ბათუმშიც და თბილისშიც, რომლებმაც მოიყვანეს რევანშისტული მრჩეველთა საბჭო, რომლებმაც დირექტორად დასვეს გიორგი კოხრეიძე და დაავალეს, დაელეწა საზოგადოებრივი მაუწყებლის სივრცე”, ნათქვამია ჟურნალისტის განცხადებაში.

ქორიძის შეფასებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებებისა და მიუკერძოებლობის პრინციპის გააზრება და არა მხოლოდ ტექსტების გამოთქმით კითხვა. ასევე, მისივე სიტყვებით, „საზოგადოებრივი მაუწყებელი არის თემატური მრავალფეროვნება და საზოგადოებისთვის აქტუალური კითხვების დასმა და არა მმართველი პარტიის გუნდრუკის კმევა.“

„საზოგადოებრივი მაუწყებელი არის შემოქმედებითი თავისუფლების სივრცე და არა მედროვე ადამიანთა სოციალური კეთილდღეობის გარემო, რომლებიც ტაშით მიეგებნენ ნათია კაპანაძის იმპიჩმენტს და დღეს ჩუმ სოლიდარობას უცხადებენ გიორგი კოხრეიძეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ნგრევის პროცესში”, წერს ზვიად ქორიძე,
ჟურნალისტის თქმით, რამდენადაც პოსტტოტალიტარულ სივრცეში საკმაოდ რთულია საზოგადოებრივი მაუწყებლის ფორმირება,  აჭარის ტელევიზია და რადიო კი ამას ახერხებს, ამიტომ  აუცი;ებელია მისი დაცვა.
ჟურნალისტი მხარს უჭერს აჭარის ტელევიზიის და რადიოს მხარდამჭერ აქციებს, რომელიც  16 თებერავალს ბათუმსა და ქუთაისში ჩატარდა. ქორიძე ასევე მონაწილეობას მიიღებს ორშაბათს, 17 თებერვალს, დღის 4 საათზე პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციაში, რომელიც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებით ტარდება.

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test