შემოგვიერთდი

16.02.2020 13:46

ჟურნალისტები პარლამენტის წინ გამართავენ აქციას-„სოლიდარობა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს“

Media Ge

17 თებერვალს, ორშაბათს, 16:00 საათზე, პარლამენტის წინ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მართავს საპროტესტო აქციას სახელწოდებით “სოლიდარობა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს”

აქციის მონაწილეები გააპროტესტებენ აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2019 წლის 22 ნოემბერს აჭარის ტელევიზიის დირექტორად გიორგი კოხრეიძის არჩევის შემდეგ ტელევიზიის თანამშრომლები გამოთქვამდნენ ეჭვებს, რომ ახალი დირექტორი ხელისუფლების დავალებით მათი დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას მოისურვებდა.

მას შემდეგ გიორგი კოხრეიძის მხრიდან გადაიდგა არაერთი ნაბიჯი, რომელმაც ტელევიზიის თანამშრომელთა ეჭვები და შიშები რეალური გახადა.

ამ რამდენიმე თვის განმავლობაში, ახალმა დირექტორმა აიძულა ტელევიზია დაეტოვებინა ნათია ზოიძეს, რომელიც არხის სარედაქციო პოლიტიკას განსაზღვრავდა, ახალმა დირექტორმა არაერთხელ გამოხატა უკმაყოფილება იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც ტელევიზიაში კრიტიკულ კონტენტს ქმნიან. ბოლო დღეებში გაჟღერდა ინფორმაცია, რომ გიორგი კოხრეიძე აპირებს საინფორმაციო სამსახურის უფროსის და მისი მოადგილის პოსტიდან ჩამოცილებას, ახალმა დირექტორმა უარი თქვა ეთერში საგამოძიებო ფილმების განთავსებაზე.
ყოველივე ზემოთჩამოთვლილი ცხადყოფს, რომ ტელევიზიის დირექტორი, რომელიც "ქართული ოცნების" მიერ დაკომპლექტებულმა მრჩევლებმა დანიშნეს, ყველაფერს აკეთებს ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფისა და კრიტიკული აზრის ჩახშობისთვის.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებზე, სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს მმართველ პოლიტიკურ ძალას - "ქართულ ოცნებას" და მოუწოდებს ხელისუფლებას უზრუნველყოს მაუწყებლის თანამშრომლების სარედაქციო დამოუკიდებლობა, არ დაუშვას თუნდაც ერთი თანამშრომლის ტელევიზიდან დათხოვნა.

ქარტია მოუწოდებს ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც თავისუფალი, დამოუკიდებელი მედია ძვირფასია, შემოუერთდეს ორშაბათს 16:00 საათზე პარლამენთან დაგეგმილ საპროტესტო აქციას.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test