შემოგვიერთდი

06.07.2019 12:59

ერთწლიანი სასწავლო პროგრამა საგამოძიებო ჟურნალისტიკაში

Media Ge
განცხადებები ტრენინგები

„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის“ და გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი, ფაქტი“, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით აცხადებენ ერთწლიან სასწავლო პროგრამას საგამოძიებო ჟურნალისტიკაში.

პროგრამის აგებულება:

1.ხუთი  თეორიული ტრენინგი შემდეგ თემებზე: ინფორმაციის მოძიება, საფუძვლიანი კვლევა, ციფრული და ფიზიკური უსაფრთხოება, ინტერვიუს მეთოდები, კომუნიკაცია, წერის თანამედროვე მეთოდები, ვიზუალიზაცია, ვიდეო გადაღება-მონტაჟი. თითო ტრენინგის ხანგრძლივობა, საშუალოდ, 5 დღეა.

2. ხუთი  პრაქტიკული ტრენინგი - საველე სამუშაოები: საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჟურნალისტური გამოძიების ჩატარება წინასწარ მომზადებულ თემებზე. თითო საველე სამუშაოს ხანგრძლივობა, საშუალოდ, 5 დღე.

3. სამი  ან მეტი ზოგადსაგანმანათლებლო ტრენინგი თემებზე: სოციალური და ინდივიდუალური ფსიქოლოგია, საერთაშორისო პოლიტიკა, რეგიონალური პოლიტიკა, საქართველოს თანამედროვე პოლიტიკა, ეკონომიკა და ჩრდილოვანი სტრუქტურები.

პროგრამის ხანგრძლოვობაა 1 წელი (აგვისტო 2019 - ივლისი 2020).

პროგრამის ღირებულება: დეპოზიტი 500 ლარი, რომელიც დაუბრუნდება მონაწილეს პროგრამის ფარგლებში დაგროვებული ქულების შესაბამისი ოდენობით. პროგრამაში მონაწილეობის შეწყვეტის შემთხვევაში მონაწილე კარგავს თანხის უკან დაბრუნების შანსს.

საბოლოოდ, შერჩეული სტუდენტები გაემგზავრებიან გერმანიაში პრეს-ტურის ფარგლებში.

თუ ხართ ახალგაზრდა ჟურნალისტი ან ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტი (ასაკობრივი ზღვარი 20-30 წელი), გაინტერესებთ საგამოძიებო ჟურნალისტიკა, ხართ პასუხისმგებლიანი და დისციპლინებული, გამოაგზავნეთ თქვენი ბიოგრაფია (CV) და სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 1 გვერდისა) შემდეგ მისამართებზე 21 ივლისის ჩათვლით: ninobakradze@ifact.ge, shamil.shugaev@fnst.org

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. გასაუბრება გაიმართება შერჩეულ კანდიდატებთან.

ცოტა რამ ორგანიზატორების შესახებ:

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი, ფაქტი“ 2016 წელს დაფუძნდა. მისი დამფუძნებელი და რედაქტორი, ნინო ბაქრაძე მუშაობდა „პანამის დოკუმენტებზე.“ „აი, ფაქტი“ გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო ქსელის, Organized Crime and Corruption Reporting Project-ის პარტნიორია საქართველოში. „აი, ფაქტი“ ამჟამად ერთადერთი მედია საშუალებაა, რომელიც საგამოძიებო მასალებს მულტიმედიური ფორმატით სთავაზობს მკითხველს. „აი, ფაქტის“ კვლევები ხშირად ექცევა სხვა მედიების ყურადღების ქვეშ და რეალური ცვლილებების გამომწვევიც ხდება.

„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის“ არის პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ფონდი, რომელიც დაარსდა 1958 წელს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, თეოდორ ჰოისის ინიციატივით. ფონდი  მოქმედებს მსოფლიოს 60 ქვეყანაში. მისი მიზნებია ინდივიდუალური თავისუფლება, დემოკრატიის განმტკიცება, კანონის უზენაესობა და სხვა. ღონისძიებების რიცხვს მიეკუთვნება არაფორმალური განათლება, საერთაშორისო დიალოგი, კვლევები, ნაშრომების გამოცემა და თარგმნა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test