შემოგვიერთდი

17.09.2018 20:13

ზურა ვარდიაშვილი: მირტყამდნენ ყველგან - ფეხებით, ხელებით!..

Media Ge

წყარო: https://www.radiotavisupleba.ge
პოლიციის მიერ იდენტიფიცირებული პირების მიერ სასტიკად ნაცემ ჟურნალისტს, ავტორიტეტული ინტერნეტ-გამოცემა „ლიბერალის“ რედაქტორს, ზურა ვარდიაშვილს 17 სექტემბერს სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში შემოწმება ჩაუტარეს მიღებული დაზიანებების ხარისხის დასადგენად. ზურა ვარდიაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ექსპერტიზაზე შს სამინისტროს გამომძიებლებმა წაიყვანეს.

​„პასუხი ჯერ არ არის ცნობილი“, - თქვა ზურა ვარდიაშვილმა, - „მირტყამდნენ დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში ყველგან, ფეხებით და ხელებით. ჩალურჯებები მაქვს, თვალებზე თავზე, ყბებზე, რა ვიცი, ყველგან. ცდილობდნენ მანქანისკენ ჩემ წათრევას.“

17 სექტემბერს „ლიბერალმა“ გამოაქვეყნა ცნობა, რომ 15 სექტემბრის საღამოს ზურა ვარდიაშვილს თავს დაესხა „5-6-კაციანი ორგანიზებული ჯგუფი“. პოლიციის თქმით, თავდამსხმელები იდენტიფიცირებულები არიან, თუმცა ჯერ არავინ დაუკავებიათ. „ლიბერალის“ თანახმად, ზურა, ვარდიაშვილი იხსენებს, რომ უცხო პირები მისი კუთვნილი, გასაყიდი ავტომანქანის ნახვით დაინტერესდნენ. ვარდიაშვილმა მათ შეხვედრა დაუთქვა თბილისში, ვარკეთილში მდებარე ავტოსახელოსნოსთან, სადაც მანქანა ჰქონდა დატოვებული.

ზურა ვარდიაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ თავდამსხმელები მოულოდნელად და სწრაფად მოქმედებდნენ, ამიტომ მათ ამოცნობას ვერ შეძლებს:

„ვერ ამოვიცნობ, რადგან უცებ გადმოვიდნენ მანქანიდან და თავს ისე დამესხნენ, რომ თვალის შევლებაც ვერ მოვასწარი. სპეცრაზმელებივით იქცეოდნენ, რაღაც დაჯგუფებასავით“.

მისივე თქმით, ცემის დროს მეზობელი ავტოსამრეცხაოდან ხალხი მიეშველა და გონს რომ მოვიდა, თავდამსხმელები უკვე გაქცეულები იყვნენ. თვითმხილველებმა დაინახეს მანქანის ნომერი და დარეკეს 112-ში. ადგილზე მივიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური განყოფილების თანამშრომლებიც.

ზურა ვარდიაშვილი თავდასხმას პროფესიულ საქმიანობას ვერ უკავშირებს, ამის შესახებ მან გამოძიებასაც უთხრა: „ლიბერალი" იმდენ ჯგუფს არ მოსწონს, რომ ვინმეზე ხელის დადება მიჭირს. ბევრნი არიან ისინი, ვერსია გამოძიებამ უნდა დაასახელოს“.

ფაქტს შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის რაიონის მე-8 განყოფილება იძიებს. გამოძიებამ რედაქტორი ჯერჯერობით მოწმის სტატუსით დაკითხა, რადგან იდენტიფიცირებული პირებისთვის ბრალდება ჯერ არ წაუყენებია.

გამოძიების წინასწარი მოკვლევით, თავდამსხმელებს რედაქტორი შეეშალათ სხვა ადამიანში, რომელმაც ერთ-ერთ სუპერმარკეტში იჩხუბა. ამასთან, გამოკითხვის დროს, როგორც რედაქტორი იხსენებს, გამომძიებლებმა თავდამსხმელები „ჯანიან“ და „სოლიდურ“ პირებად აღწერეს.

„ლიბერალს“ მოჰყავს შსს-ს პრესსამსახურის განცხადება, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს (რაც ძალადობას გულისხმობს). როგორც შსს-ში აცხადებენ, „დანიშნულია გამოკითხვები და ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ტარდება.“

ზურა ვარდიაშვილის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. „ლიბერალის“ რედაქტორს რადიო თავისუფლებასთან საუბარში მოჰყავს გამომძიებლების სიტყვები, რომ სისხლის სამართლის საქმის გადაკვალიფიცირება 142-ე მუხლით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა) გამოძიების მსვლელობის დროს გამოკვეთილ ახალ გარემოებებზე იქნება დამოკიდებული.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test