შემოგვიერთდი

18.05.2018 18:41

“გამჭვირვალობა საქართველო“: ბესელია-გოგიჩაიშვილის საკანონმდებლო ინციატივა საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებას

Media Ge

წყარო: transparency.ge
საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა დეპუტატების, ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის საკანონდებლოინიციატივა, რომელიც “კულტურის შესახებ” საქართველოს კანონსა და “სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ ცვლილებებს ითვალისწინებს.

ცვლილების თანახმად სასამართლოს შეუძლია აკრძალოს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელება, თუ ის ლახავს სხვა ადამიანის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ შუღლს, ქადაგებს ომსა და ძალადობას, პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტის მიღების მიზანია საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზება საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებთან.

ახალი კონსტიტუციის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ნაწარმოების გავრცელება ლახავს სხვათა უფლებებს. მოქმედი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი  ასევე ითვალისწინებს შემოქმედებითი ნაწარმოების დაყადაღებას და გავრცელების აკრძალვას, თუ მისი გავრცელება სხვა ადამიანის კანონიერ უფლებებს ლახავს.

როგორც კონსტიტუციის მოქმედ ნორმაში, ასევე ახალ რედაქციაში, საუბარია კონკრეტული პირის უფლების შელახვაზე, რაც გულისხმობს ძირითადად ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებასა და ასევე ადამიანის სხვა ძირითად უფლებებს. ასეთ შემთხვევაში პირს დღესაც აქვს უფლება უფლების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

შესაბამისად, არ შეიძლება კონსტიტუციის ცვლილებებით იყოს გამართლებული საკანონდებლო ინიციატივა, რომელიც არა ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით არამედ შუღლის გაღვივების და პორნოგრაფიის პროპაგანდის მიზნით ზღუდავს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელებას.

ამრიგად, კანონპროექტი, წარდგენილი ფორმით, ეწინააღმდეგება როგორც ადამიანის ძირითადი უფლების ფუნდამენტურ პრინციპებს, ისე მოქმედ კონსტიტუციას, და საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და შემოქმედების თავისუფლებას, განსაკუთრებით ხელოვნებისა და ლიტერატურის ნაწარმოებების შემთხვევაში.

მოვუწოდებთ პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს წარდგენილ კანონპროექტს და “კულტურის შესახებ” კანონის მოქმედი ნორმაც შესაბამისობაში მოიყვანოს კონსტიტუციასთან. საქართველოსთვის, რომელიც ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყანაა და რომლის გაცხადებული მიზანიც ევროპულ სივრცეში ინიტეგრირებაა,  გამოხატვის თავისუფლება განსაკუთრებული მნიშვნელობის უფლებასა და ღირებულებას წარმოადგენს. თითოეული საკანონდებლო ცვლილება, რომელიც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას შეეხება, სახიფათოა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test