შემოგვიერთდი

02.04.2018 15:48

სახალხო დამცველი მხარს უჭერს აფგან მუხთარლის გაუჩინარების საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას

Media Ge

სახალხო დამცველის აპარატი წინადადებით მიმართავს საქართველოს პარლამენტს, შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია.  აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარების საქმის შესწავლის მიზნით.
ამის შესახებ იუწყება სააგენტო http://accent.com.ge, სახალხო დამცველის ანგარიშზე დაყრდნობით.

"საანგარიშო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი იყო 2017 წლის 29 მაისს თბილისის ცენტრიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გაუჩინარების საქმე, რომელსაც სახალხო დამცველი საჯარო განცხადებით არაერთხელ გამოეხმაურა" - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ 2017 წლის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიშშია ნათქვამი.

"2017 წლის 20 ივლისიდან, სახალხო დამცველის წინადადების ნაწილობრივი გათვალისწინების შედეგად, აფგან მუხთარლის საქმე გამოსაძიებლად საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გადაეცა. თუმცა პროკურატურას არ გაუზიარებია დასახელებული წინადადების ის ნაწილი, რომელიც ჟურნალისტისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას მოითხოვდა. სახალხო დამცველი არ ეთანხმება ამგვარ პოზიციას და კვლავ მიიჩნევს, რომ სახეზეა მუხთარლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების წინაპირობები, რამდენადაც ჩადენილი შესაძლო დანაშაულის შედეგად, მას ზიანი მიადგა.

საზალზო დამცველი აღნიშნავს, რომ პროკურატურას მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არ გამოუკვლევია დანაშაულის დამამძიმებელი ისეთი გარემოებების არსებობა, როგორებიცაა თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ, დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით ან/და დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რის გამოც გამოძიება კვლავ სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

სახალხო დამცველი ყურადღებით ადევნებდა თვალს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებულ მოვლენებს და საგამოძიებო ორგანოდან პერიოდულად ითხოვდა ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული კითხვის ნიშნები გააჩინა საქმის ფარგლებში მოპოვებული ცალკეული ვიდეომასალის ავთენტურობამ, პროკურატურის ცნობით, სხვადასხვა ობიექტიდან გამოთხოვილ ათეულობით ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერების ავთენტურობასთან დაკავშირებით ეჭვის საფუძველი არ არსებობს და შესაბამისად, ექსპერტიზა არ დანიშნულა. სამწუხაროდ, ჟურნალისტის გაუჩინარებიდან თითქმის ერთი წლის გასვლის შემდეგ, მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად, გამოძიება კონკრეტულ შედეგებამდე კვლავ არ მისულა და არ მომხდარა საზოგადოების იმგვარი ინფორმირება, რაც ნდობას გააჩენდა გამოძიების დროულად და ეფექტიანად მიმდინარეობასთან დაკავშირებით და გააქარწყლებდა ეჭვს, რომ საქართველოს სახელმწიფომ თვალი დახუჭა ან გულგრილად მოეკიდა ჟურნალისტის გაუჩინარებას. აფგან მუხთარლის გაუჩინარების საქმის განსაკურებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობისა და გამოძიების მიმდინარეობისას გამოკვეთილი ხარვეზების გათვალისწინებით, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების ნაწილმა პარლამენტს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით მიმართა.

სახალხო დამცველი მიმდინარე გამოძიების ეფექტიანობის თაობაზე არსებულ კითხვებზე სარწმუნო პასუხების გაცემის აუცილებლობაზე მიუთითებს და მხარს უჭერს აღნიშნულ მოთხოვნას" - ნათქვამია ანგარიშში.

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test