შემოგვიერთდი

27.01.2018 12:56

''ამ ეტაპზე აუცილებელია შეჩერდეს ცვლილებების პროცესი'' - აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართვა პარლამენტს

Media Ge

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდებს მაუწყებლის შესახებ კანონის ცვლილებების პროცესი შეჩერდეს.

"ვფიქრობთ, საქართველოს პარლამენტი არ ფლობს სრულ ინფორმაციას საზოგადოებრივი არხების საჭიროებებთან დაკავშირებით, შესაბამისად, ამ ეტაპზე აუცილებელია შეჩერდეს ცვლილებების პროცესი" - წერია მიმართვაში, რომელსაც ხელს აჭარის მაუწყებლის დირექტორი ნათია კაპანაძე და მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნატა იმედაიშვილი აწერენ.

წერილში აჭარის მაუწყებელის ადმინისტრაცია ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ამჟამად პარლამენტში "მაუწყებლის შესახებ კანონში" შესული ცვლილებები არ ასახავს საჭიროებებს, რომელიც უდგას საზოგადოებრივ მაუწყებელს რეალობაში. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელის მენეჯმენტი ფიქრობს, რომ აუცილებელია ​დაფინანსებისპროცენტული წილი გაეზარდოს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს მაუწყებლის თანამშრომელთა უსაფრთხოება და გადაეცეთ მათ შესაბამისი შენობა. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ: 

" ბატონო ირაკლი,

სასარგებლოდ მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტში კვლავაც მიმდინარეობს კონსულტაციები  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.

ვწუხვართ, რომ ჩვენი მზაობის მიუხედავად (გთხოვთ, იხილოთ დანართი #1) არცერთ ეტაპზე სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ჩართული არ ყოფილა სამუშაო პროცესებში. მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო სიახლემ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ჩვენი მაუწყებლის საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილზე.

ამავე დროს, მიგვაჩნია, რომ ცვლილებების დასაბუთებისას ძირითადი სუბიექტების ნებისა და საჭიროებების გამოკვლევა უნდა გახდეს მთავარი ინსტრუმენტი სიახლისთვის.  სამუშაო ფორმატში კი უნდა დაზუსტდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებისათვის საჭიროებები.

ვფიქრობთ, რომ საქართველოს პარლამენტის ნებაა საკუთარი გადაწყვეტილება დააფუძნოს შესაბამისი პირთა წრის განვითარების მოლოდინზე. შესაბამისად, გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საჭიროებები და ხედვები მნიშვნელოვნად განსხვავდება ცვლილებების მთლიანი კონტექსტისგან.

ჩვენი მოლოდინია, რომ სახელმწიფომ  მხარი უნდა დაუჭიროს საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას და ეს გადაწყვეტა სასურველია გამოიხატოს შემდეგ ნაბიჯებში:

 1      საზოგადოებრივი არხების ფინანსური მდგრადობა:

ვეთანხმებით, მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ჩვენი არხების განვითარებისათვის დამატებითი ფინანსური რესურსების არსებობა შესაძლებელია გადამწყვეტი ფაქტორი გახდეს.

მოგეხსენებათ, საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების ძირითადი წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების ოდენობაა საქართველოს სახელმწიფოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ისა.[1] ამასთანავე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან, ამ ბიუჯეტის არანაკლებ 15%-ით.[2] ამ ნაწილში, ზუსტი და მკაფიო დასაბუთებისას, სასურველია, საქართველოს პარლამენტმა იმსჯელოს მთლიანი შიდა პროდუქტიდან გამომდინარე დადგენილი წილის გაზრდაზე და არა კომერციულ გათვლებზე. ამავე დროს, ჩვენი მაუწყებლის შემთხვევაში აუცილებელია გადაიხედოს დაფინანსების ოდენობა. მაშინ როდესაც ჩვენ მაუწყებელს აქვს იდენტური პროგრამული მოთხოვნები, იგი ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან, ამ ბიუჯეტის არანაკლებ 15%-ით. კანონის ამ ჩანაწერიდან დღემდე კი მეურვეებს არ უმსჯელიათ საკანონმდებლო მინიმუმის გაზრდაზე. ვფიქრობთ, კანონში ცვლილებები უნდა იყოს შეტანილი არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე არანაკლებ 20% მიენიჭოს აჭარის მაუწყებელს.

მაუწყებლების მდგრადობისა და მაუწყებელში დასაქმებულ პირთა შრომითი უსაფრთხოების საკითხი

გაცნობებთ, რომ ისევე როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელში, სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მთავარი პრობლემა სათანადო ინფრასტრუქტურის არ არსებობაა.

დღეისათვის ჩვენ ვიმყოფებით კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ორსართულიან შენობაში,  რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბალანსზეა.  საქვეუწყებო დაწესებულებიდან საზოგადოებრივი არხის სტატუსის მიღების პროცესში შესაბამისმა პირებმა არ მიიღეს გადაწყვეტილება  დაკავებული შენობა-ნაგებობების გადმოცემის თაობაზე. ამ დროისათვის ჩვენ ვფუნქციონირებთშენობის გარეშე, საფრთხის შემცველ სამუშაო გარემოში. აღნიშნულის თაობაზე მივმართეთ ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობას დახმარებისათვის (გთხოვთ, იხილოთ დანართი #2) ამდენად, დღის წესრიგში მწვავედ დგას ჩვენი მაუწყებლების მდგრადობისა და მაუწყებელში დასაქმებულ პირთა შრომითი უსაფრთხოების საკითხი.

ამ და სხვა მოცემულობიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, საქართველოს პარლამენტი არ ფლობს სრულ ინფორმაციას საზოგადოებრივი არხების საჭიროებებთან დაკავშირებით, შესაბამისად, ამ ეტაპზე აუცილებელია შეჩერდეს ცვლილებების პროცესი.

საქართველოს პარლამენტმა ზედმიწევნით უნდა გამოიკვლიოს  საზოგადოებრივი არხების საჭიროებები, შეისწავლოს მედიაგარემო და საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის განვითარებისათვის ყველა აუცილებელი ნაბიჯი დაინტერესებულ პირთა წრის შესწავლითა და ჩართულობით უნდა შეძლოს.

 

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test