შემოგვიერთდი

29.12.2017 13:01

ქეთევან მსხილაძე- მაღლაფერიძემ დააყენა ევროპული ბიუროს გაუქმების საკითხი

Media Ge

pirveliradio.ge-ს მიხედვით
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, ქეთევან მსხილაძის განცხადებით, 2018 წლის ბიუჯეტში, ევროპული  ბიურო ასახული არ არის. როგორც მსხილაძემ "პირველ რადიოსთან" საუბარში განაცხადა, მენეჯმენტთან შეხვედრისას მიმდინარე და ახალი ამბების ბლოკის ხელმზღვანელმა გიორგი გვიმრაძემ განაცხადა, რომ საკითხი ბიუროს გაუქმების შესახებ მაღლაფერიძემ დააყენა და მენეჯმენტმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. მსიხლაძის თქმით, მენეჯმენტი თვლის, რომ ქეთევან ქარდავას მუშაობა დამაკმაყოფილებელი არ არის და პროდუქცია ხარჯებს არ შეესაბამება:

"როდესაც ბიუჯეტი ვნახე, ბრიუსელის ბიურო იქ ცალკე პუნქტად აღარ ეწერა. ვიკითხე და მენეჯმენტმა მითხრა, რომ გადაწყდა დაიხუროს ბრიუსელის ბიურო . პირველ რიგში მიზეზად დასახელდა ხარჯები. თქვეს, რომ გაწეული ხარჯებით ვერ ვიღებთ იმ პროდუქციას, რომელიც მისი შესაბამისი იქნებოდა. გვიმრაძემ თქვა, რომ მაღლაფერიძემ დააყენა ბიუროს გაუქმების საკითხი. იმსჯელეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ხარჯი და პროდუქცია ერთმანეთს არ შეესაბამება. ასევე გამოითქვა გარკვეული პრეტენზიები ქარდავას მუშაობაზე. ითქვა, რომ ყველა საკითხს შესაძლოა ისე ვერ აშუქებდეს, როგორც საჭიროა, რაც მე გავაპროტესტე და ვთქვი, რომ ერთია ადამიანი არ შეიძლება გაწვდეს ყველაფერს და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთი ადამიანი უნდა მიატოვო ან დახურო იქ. გამოვთქვი ჩემი მოსაზრება, რომ ქეთი ქარდავა გარდა იმისა, რომ მიმდინარე მოვლენებს აშუქებდა, საკმაოდ ბევრი ექსკლუზიური ინტერვიუ აქვს ჩაწერილი როგორც ევროკავშირში, ისე ნატოში, რაზეც მიპასუხეს, რომ ეს შეიძლება გაკეთდეს, რომელიმე ერთი ჟურნალისტის მივლინების დროსაც. მე ასევე ვუთხარი, რომ გასათვალისწინებელია ქარდავას ამდენწლიანი მუშაობის დროს დამყარებული კონტაქტები. მისი კონტაქტები ძალიან სერიოზული აქტივია, როგორც ჟურნალისტისთვის, ასევე არხისთვის. ჩემი კითხვების პასუხებიდან გამომდინარე შემექმნა შთაბეჭდილება, უფრო სწორად, ითქვა კიდევაც, რომ ბიურო გაუქმდება, სამაგიეროდ გაიზრდება მივლინების ხარჯები და ევროპის საკითხებს გააშუქებენ ქარდავასთან ერთად სხვა ჟურნალისტები, მივლინებების დროს. მიმაჩნია, რომ ეს არის აბსოლუტურად არასწორი. ვთვლი, რომ ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს, ბრიუსელის ბიუროს დახურვა არასწორი, გაუმართლებელი ნაბიჯია . მე თუ მკითხავთ, ხარჯი არ იყო დიდი, როდესაც 50 მილიონიანი ბიუჯეტი გაქვს, თუ ეკონომიაზეა საუბარი სხვაგან უნდა გაკეთდეს ეკონომია. ისიც კი ითქვა, რომ ევროკავშირი და ნატო ღია სტრუქტურებია და იქიდან ინფორმაციის მოპოვება პრობლემას არ წარმოადგენს და ისიც ითქვა, რომ ჯობია ბიუროები იყოს უფრო რთულ ადგილებში, თუმცა გადაწყვეტილება მიღებული აქვთ, ბიუჯეტში ბრიუსელი ასახული არ არის. მე ბიუჯეტს მხარს არ დავუჭერ და ვეცდები, რომ რამენაირად საკითხი შეიცვალოს. " განაცხადა ქეთევან მსხილაძემ "პირველ რადიოსთან" საუბარში.

ქეთი ქარდავამ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ევროპული ბიუროს ჟურნალისტმა, გუშინ, ფეისბუქში დაწერა, რომ მის ბიუროს ხურავენ:
"თავს ვალდებულად ვთვლი, რომ ჩემს ერთგულ მაყურებელს , ვისგანაც ყოველთვის ვგრძნობ მხარდაჭერას შევატყობინო ეს ახალი ამბავი. არხის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, 2018 წლის 1 თებერვლიდან საზ. მაუწყებლის ევროპის ბიურო იხურება." 
ჟურნალისტის ინფორმაციით, მიზეზად მენეჯმენტი ფინანსებს ასახელებს. არხის ხელძღვანელობა ფიქრობს, რომ თბილისიდან უფრო იაფია და ნაკლებ ხარჯებთან არის დაკავშირებული ევროპაში ნატოზე და ევროკავშირზე სიუჟეტების მომზადება, ვიზიტების გაშუქება, ვიდრე ევროპის პოლიტიკური ცენტრიდან ევროპის სხვა ქალაქებში გადასვლა. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test