შემოგვიერთდი

22.07.2017 00:15

ხელისუფლება საფრთხეს ვერ ხედავს მზარდ დეზინფორმაციასა და ანტიდასავლურ პროპაგანდაში- NDI

Media Ge

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაცია აღნიშნავს, რომ  მისიის ფარგლებში შეხვედრების დროს,  ხელისუფლების და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა უმეტესწილად უარყვეს გავრცელებული ვარაუდი, რომ დეზინფორმაცია და ანტი-დასავლური პროპაგანდა  საქართველოსთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.

ხელისფლებისვე პოზიციით, მოქალაქეები ამგვარი რიტორიკის   მიმართ მგრძნობიარენი არ არიან.

დელეგაცია საქართველოში ოქტომბერში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებს აკვირდება.

შუალედურ ანგარიშში, რომლის პრეზენტაცია გაიმართა 20 ივლისს, თბილისში,  სადამკვირვებლო დელეგაცია აღნიშნავს, რომ „ადგილობრივი არჩევნების მოახლოებასთან ერთად ქსენოფობიური, ეთნო-ნაციონალისტური, ჰომოფობიური და ულტრა-კონსერვატიული რიტორიკა შეინიშნება, რაც მტრულ საარჩევნო გარემოს აღვივებს.“

დელეგაციას მაგალითად მოჰყავს 14 ივლისს თბილისის ცენტრში გამართული  “ქართულ მარში”,   რომლის ორგანიზატორები   მოითხოვდნენ არალეგალი იმიგრანტების დეპორტაციას, საიმიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრებას, ბინადრობის ნებართვებზე უცხოელებისთვის შეზღუდვების დაწესებას და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის უცხოური დაფინანსების აკრძალვას. ორგანიზატორები უცხოელებს ადანაშაულებდნენ  გაუპატიურებებში, რომელიც ოფიციალურად არ არის დადასტურებული.
ის არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც დელეგაცია შეხვდა, ქართულ მარშს დეზინფორმაციის და რუსეთის ჩარევის მზარდ ტენდენციას უკავშირებენ.

მათივე აზრით,  დეზინფორმაციების  მიზანია,  ქართული იდენტობისა და დემოგრაფიისთვის დასავლეთის საფრთხედ, ევროკავშირის მიგრანტების და ტერორიზმის წყაროდ, ხოლო     რუსეთის  როგორც დასავლეთის საპირწონე, ერთმორწმუნე ქვეყნად წარმოჩენა. აღნიშნული გზავნილები, რომელსაც  რუსეთს მიაწერენ, ემსახურება   ფაქტებისა და ჭეშმარიტების მიმართ ნდობის შესუსტებას და დემოკრატიული ღირებულებებისა და ნორმების  დისკრედიტაციას, მათი რყევას. 

NDI-ს  სადამკვირვებლო დელეგაციის აზრით,  საქართველოს  ხელისუფლებამ უნდა შეიმუშაოს დეზინფორმაციის შესუსტების კონკრეტული სტრატეგია, გაანეიტრალოს ანტიევროპული პროპაგანდა,  ევროკავშირის რეზოლუციის გათვალისწინებით. აგრეთვე, ხელისუფლებამ უნდა  გაითვალისწინოს დეზინფორმაციის გავრცელების რეგულირების გზები. მაგალითად, სამოქალაქო სექტორთან და მედიასთან თანამშრომლობით მკაფიოდ განსაზღვროს დეზინფორმაცია და შეიმუშავოს ფაქტების გადამოწმების საკოორდინაციო მექანიზმები.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test