შემოგვიერთდი

21.07.2017 19:24

ბავშვთა საკითხებზე გამოქვეყნებული მასალებიდან მხოლოდ ერთი პროცენტია სიღრმისეული

Media Ge

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აქვეყნებს ბავშვთა საკითხების გაშუქების შუალედური მონიტორინგის ანგარიშს, რომლის თანახმად,  ქართულ მედიაში მხოლოდ 1%-ია ბავშვთან დაკავშირებული ისეთი მასალები, რომელიც სიღრმისეულად წარმოაჩენს პრობლემას.


„ჟურნალისტური პროდუქტების აბსოლუტური უმრავლესობა მხოლოდ ფაქტის ზედაპირული გაშუქებაა მოკლე ახალი ამბების ფორმატში, აღნიშნავენ ქარტიის მონიტორები.

მედიამონიტორინგის თანახმად, „მედია აშუქებს სხვადასხვა ორგანიზაციის განცხადებებს, ანგარიშებს, სადაც არაერთი სერიოზული პრობლემაა წამოწეული, თუმცა ასეთი ანგარიშები და განცხადებები კვლავაც ვერ ხდება მედიისთვის ინსპირაციის წყარო, რომ უფრო ფართოდ გაშალოს იქ წამოწეული სერიოზული პრობლემები. ნაცვლად ამისა,  აქცენტს აკეთებს მხოლოდ იმაზე, რომ პრეზენტაცია ან პრესკონფერენცია გაიმართა.“

გარდა ამისა, მონიტორების დაკვირვებით, „პოლიტიკოსები თუ კერძო და საჯარო ორგანიზაციები ხშირად იყენებენ ბავშვებს საკუთარი პიარ მიზნებისთვის. ასეთ დროს მედია მიყვება პრესსამსახურების მიერ შემოთავაზებულ ფოკუსს და აქცენტს აკეთებს კომპანიაზე, უწყებაზე და არა თავად აქტივობის შინაარსსა და ბავშვებზე.“

ქარტიის აზრით,  ჯანდაცვის საკითხებზე მუშაობისას მედია ფაქტობრივად ექიმების ან ექიმბაშებისგან რჩევის მიღებას ვერ ცდება, არ გვხვდება ბავშვებზე ორიენტირებული ჯანდაცვის პოლიტიკის ანალიზი. 

შუალედურ ანგარიშში მოცემულია 2017 წლის 1 აპრილიდან 1 ივლისამდე პერიოდში ჩატარებული მონიტორინგის შეჯამება. მედიაზე დაკვირვება  30 ნოემბრამდე გაგრძელდება. მედიამონიტორინგის მიზანი ელექტრონულ, ონლაინ და ბეჭდურ მედიაში ბავშვთა საკითხებზე გამოქვეყნებული მასალების შესწავლა, ბავშვთა უფლებებთან, ეთიკურ ნორმებსა და სიღრმისეულად გაშუქების პროფესიულ სტანდარტებთან შესაბამისობის ანალიზია.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია უკვე რამდენიმე წელია გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით მუშაობს ბავშვთა საკითხების გაშუქების გაუმჯობესების მიმართულებით.

 

 

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test