შემოგვიერთდი

18.05.2017 12:41

კვლევა-ახალგაზრდა ჟურნალისტების დასაქმება მედიის შრომის ბაზარზე

Media Ge

წყარო: mcerc.ge
კვლევის შედეგად დადგინდა რა მოთხოვნები აქვთ და რა კრიტერიუმებს (ცოდნას, უნარებს, განათლებას და სხვ.) ითვალისწინებენ დამსაქმებლები ახალგაზრდა ჟურნალისტების დასაქმებისას ან სტაჟირებისას, რა რეკომენდაციებს სთავაზობენ მედიაგანათლების სექტორს და სხვ.

კვლევა აქტუალურია როგორც საგანმანათლებლო პროგრამების მოდერნიზაციის, ასევე აკრედიტაციის სტანდარტების და დამსაქმებლის მოთხოვნების შესაბამისობის დადგენის თავალსაზრისით.

საველე კვლევა (დამსაქმებელების გამოკითხვა)  ჩატარდა 2016 წლის სექტემბერ-ოქტომბერის თვეებში. კვლევისთვის გამოყენებულია რაოდენობრივი და თვისებრივი კონტენტ-ანალიზი. კვლევის ინსტრუმენტად გამოყენებულია კითხვარი (ღია და დახურულ-ბოლოიანი კითხვებით). გამოიკითხა 25 მედია ორგანიზაციის წარმომადგენელი.

პასუხი გაეცა შემდეგ კვლევით კითხვებს:

რა კრიტერიუმების მიხედვით ასაქმებენ ახალგაზრდა ჟურნალისტებს საქართველოში? რა კომპეტენციებს (ცოდნას და უნარებს) ანიჭებენ უპირატესობას დამსაქმებლები?

არის თუ არა მნიშვნელოვანი ფაქტორი დასაქმებისას, თუ რომელი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია ჟურნალისტი? აქვს თუ არა მას ჟურნალისტის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი ან სხვა დარგობრივი კომპეტენცია?

დადგინდა, რომ სოციალური და პროფესიული კავშირები, რომლებსაც უნივერსიტეტი იძლევა უცხოეთში და ნაწილობრივ ჩვენთანაც, ზრდის დასაქმების შესაძლებლობას. საქართველოში გამოკითხული მედიასაშუალებების მხოლოდ 40%-ში არის სტაჟირება ანაზღაურებადი. სტაჟიორის აყვანისას, პროფესიულ და/ან ახლობლის რეკომენდაციას 89%-ისთვის არის მნიშნელოვანი. რაც შეეხება დასაქმებას, მხოლოდ 59 % მიიჩნევს რეკომენდაციის ფაქტორს საყურადღებოდ.

საქართველოში ჟურნალისტად დასაქმებისას ყველაზე მეტად მნიშვნელობას ანიჭებენ  „წერის უნარს“. გამოკითხული დამსაქმებლების 88 % მიიჩნევს, რომ ეს უნარი მნიშვნელოვანი ან ძალიან მნიშვნელოვანია.  76 %  მიიჩნევს, რომ დედლაინზე მუშაობის უნარი არის მნიშვნელოვანი. იგივე პროცენტული რაოდენობა მნიშვნელოვნად  მიიჩნევს ახალ ტექნოლოგიებზე მუშაობის უნარს,  80 % მიიჩნევს, რომ ახალი ამბების/თემების მოძიების და დამუშავების უნარი არის მნიშვნელოვანი. დამსაქმებელთა 52 %-ისთვის მნიშვნელოვანია კონკრეტული სფეროს სიღრმისეული ცოდნა.

კვლევამ არ გამოკვეთა რომელიმე უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის ჟურნალისტად დასაქმების უპირატესობა.  ამ კუთხით,  უცხოური კვლევებისგან განსხვავებით მედია ბაზარზე ისეთი ელიტური უნივერსიტეტები, რომელთა დიპლომი ერთგვარ ბონუსს წარმოადგენს დასაქმებისას მკაფიოდ არ იკვეთება. დამსაქმებლების აზრით, კურსდამთავრებულები უნივერსიტეტებში ყველაზე მეტად იღებენ თეორიულ ცოდნას და ყველაზე ნაკლებად – დარგობრივ კომპეტენციებს.  არადა, გამოკითხულთა 84% ჟურნალისტად დასაქმებისას, უპირატესობას ანიჭებს სხვა სფეროში მიღებულ დარგობრივ კომპეტენციებს. გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობის იხრება იმ აზრისკენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პრაქტიკული ცოდნის და უნარების შეძენა.

ჟურნალისტური განათლების სამომავლო დისკუსიებისთვის დამსაქმებლებს მნიშვნელოვნად მიაჩნიათ რიგი საკითხები, რომლებიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტების მოთხოვნებთან პირდაპირ შესაბამისობაში მოდის.

კვლევის შედეგად შემუშავდა რეკომენდაციები.

ავტორები: მარიამ გერსმაია, მაია ტორაძე

კვლევის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე, ან ჩამოტვირთეთ Media.Ge-ს გვერდიდან

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test