შემოგვიერთდი

10.06.2015 22:24

რუსეთის „რბილი ძალა“ საქართველოში: „ევრაზიული არჩევანი“, „საქართველო და მსოფლიო“, საქინფორმი, „ივერიონი“ და სხვები

Media Ge

 

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ახალი ინიცატივის ფარგლებში (www.damoukidebloba.com),  აქვეყნებს საინტერესო კვლევას-„რუსული გავლენა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე“-  სადაც საუბარია  მთელი რიგი ქართული არასამთავრობო თუ მედია ორგანიზაციების სხვადასხვა დონის  კავშირებზე  რუსეთის პოლიტიკის იდეოლოგებთან და პროპაგანდისტულ წრეებთან: ოფიციალური მოსკოვის პატრონაჟის ქვეშ მყოფ ფონდებთან, კვლევით ორგანიზაციებთან,  ექსპერტ-პოლიტოლოგებთან.  

მაგალითად, წერია კლვლევაში, რომლის ავტორები არიან IDFI-ის თანამშრომელი ნატა ძველიშვილი და ჟურნალისტი თაზო კუპრეიშვილი,  ქართული „ევრაზიული არჩევანი" პარტნიორობს რუსეთის ექსპანსიონიზმის იდეოლოგის ალექსანდრე დუგინის  ორგანიზაციასთან   “საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობა”.  მოყვანილია ციტატაც „საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის” მიერ 2013 წლის ივლისში გამოქვეყნებულ სტატიიდან: “რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში ევრაზიული კავშირის იდეის პოპულარიზაციის გარშემო გაერთიანდა. არასამთავრობო ორგანიზაციები გაერთიანდნენ კოალიციაში “ევრაზიული კავშირი-საქართველო”, ეს ციტატა აღებულია

“საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობა” საქართველოში ევრაზიული მოძრაობის “მთავარ ლოკომოტივად” აგრეთვე ასახელებს ორგანიზაციებს ერეკლე მეორის საზოგადოება” და ევრაზიული ინსტიტუტი”, ასევე, 2001-2004 წლებში საქართველოს უშიშროების მინისტრს, ვალერი ხაბურძანიას, “ერეკლე მეორის საზოგადოებისა” და “ევრაზიული არჩევანის” დამფუძნებლებს: არჩილ ჭყოიძესა და მის მეუღლეს, მაია ხინჩაგაშვილს.  „ევრაზიული ინსტიტუტი“ რუსული ენის შემსწავლელ კურსებს ახორციელებს რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაცია “Русский Мир-ის” მხარდაჭერით.

ასევე:  „ევრაზიის ინსტიტუტის“ მიერ დაფუძნებულია „ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი“ და „სახალხო მოძრაობა ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისთვის“. ინსტიტუტის პარტნიორები არიან ააიპ „ისტორიული მემკვიდრეობა“, რომელმაც თავის მხრივ მედია-გამოცემა „საქართველო და მსოფლიო“ (Geworld.ge) დააფუძნა, „ევრაზიის ინსტიტუტის“ პარტნიორებს შორისაა აგრეთვე საინფორმაციო პორტალები „საქინფორმი“ და „ივერიონი“. „ევრაზიის ინსტიტუტის" დამფუძნებელი გულბაათ რცხილაძე ყოფილ სახალხო დამცველთან ნანა დევდარიანთან, ერთად არის„კავკასიური თანამშრომლობის“ დამფუძნებელი. თავის მხრივ ნანა დევდარიანი რამდენიმე ორგანიზაციის დამფუძნებელიცაა, მათ შორისაა „გლობალური კვლევების ცენტრი“ და „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა“.

საქართველოში აქტიურად მუშაობს „გორჩაკოვის ფონდიც“, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის განკარგულების საფუძველზე შეიქმნა, მისი მრჩეველთა საბჭოს წევრი კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვია. „გორჩაკოვის ფონდმა“ საქართველოში დააფუძნა რუსულ-ქართული საზოგადოებრივი ცენტრი, რომელსაც ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე ხელმძღვანელობდა. ზაზა აბაშიძე, ისევე როგორც ნანა დევდარიანი, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს კახა კუკავას „თავისუფალი საქართველოს“ წევრი იყო, 2015 წლის გაზაფხულზე კი საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტის ხელმძღვანელად დაინიშნა.

კვლევაში, რომლის დასკვნით, ანტიდასავლური რიტორიკის მქონე ორგანიზაციების რაოდენობა საქართველოში საკმაოდ დიდია, ხოლო მათი დამფუძნებლები ძირითადად ერთი და იგივე პირები არიან,  ღია წყაროებზე დაყრდნობით,   ასევე,   მიმოხილულია სხვა ორგანიზაციების საქმიანობა,   კავშირები   და მათ მიერ განხორციელებული პროექტები.

კვლევა ასევე შეგიძლიათ გადმოტვირთოთ Media.ge-ს გვერდიდან.
 

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test