შემოგვიერთდი

16.03.2015 11:03

ბიძინა ივანიშვილმა წარმოებაში გაუშვა ტელეპროექტი მოსახლეობის „მიუკერძოებელი და კვალიფიციური“ ინფორმირებისთვის

Media Ge

ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა  გადაცემა „20/30“-ის პირველ საკვირაო გამოშვებაში, რომელიც ტელეკომპანია GDS-ზე 15 მარტს გავიდა, გაიმეორა ადრე გაკეთებული განცხადება, რომ  ტელეპროექტის მიზანია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდის განეიტრალება  მოსახლებისთვის, პოლიტიკური ეკონომიკური და სოციალური მოვლენების „მიუკერძოებელი და კვალიფიციური“  ანალიზის“  მიწოდებით.

„ამისთვის ჩვენ გვყავს საკმაოდ დიდი ჯგუფი, 60 კაცზე მეტი  საზოგადოება „20/30 ში“, მათ რიცხვში ძალიან ბევრი კრეატიული ადამიანია“, განაცხადა ივანიშვილმა საათნახევრიან გადაცემაში, რომელსაც სამი წამყვანი უძღვებოდა.

ივანიშვილის თქმით, მოსახლეობას არ მიეწოდება მოვლენების მიუკერძოებელი ანალიზი, რადგან „მედიაში დღეს „დომინირებს ნაციონალური მოძრაობის პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც მუშაობს მძაფრად და ძალიან ბევრ სიცრუეს აწვდის მოსახლოებას და საზოგადოებას.“

ივანიშვილმა განაცხადა, რომ „20/30“ სხვა ტელევიზიების პოლიტიკური გადაცემებისგან განსხვავდება იმით, რომ ანალიტიკოსთა  დიდი ჯგუფი ორგანიზაცია  „20/30“-დან, რომელიც მისი ინიციატივით შეიქმნა,  მოახერხებს  „შეჯერებული“ ანალიზის გაკეთებას და მოსახლოებისთვის ინფორმირებას.

„ყოველდღიური ანალიზის გაკეთებაში მონაწილეობს მინიმუმ 15 ადამიანი. შიგნითვე იფილტრება ანალიზი. ჩვენს აქცენტებში არ იქნება რომელიმე პარტიის პოზიცია გამოხატული“, ხაზი გაუსვა ივანიშვილმა“, „მეც ვიაქტიურებ,  ლამის ყოველდღიურ რეჟიმში მივიღებ მონაწილეობას პროცესების გაანალიზებასა და სწორი აქცენტების ჩამოყალიბებაში და ის დამატებითი ღირებულებები, ჭარბი ნდობა, რაც მე მაქვს, დაეხმარება მოსახლოებას სწორად დაინახოს მოვლენები და ქვეყნის განვითარების სტრატეგია.“


„კიდევ ვიმეორებ, [ტელეკომპანია] „რუსთავი 2“  და ნაციონალური მოძრაობის პროპაგანდისტული სიცრუის მანქანა საუბედუროდ დომინირებს მედიასივრცეში, სხვა  მედიასაშუალებებიც მას მხარს უბამენ და მოსახლოებას ძალიან უჭირს რეალობის გაგება, ჩემი აზრით, კვირის პროექტს, მათ შორის და „20/30“-ის ყოველდღიურ გადაცემებს, შეუძლია მაქსიმალურად დაბალანსებული ინფორმაცია და სწორი აქცენტები მიაწოდონ მოსახლოებას, რაც ძალიან ჭირდება საზოგადოებას, იმედი მაქვს ყველაფერი ისე იქნება, როგორც დაგეგმილი გვაქვს“, თქვა ივანიშვილმა, რომელმაც 2012 წლის არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოსული კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ მთავარ მიღწევად მედიის პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლება დაასახელა. ის დაეთანხმა ერთ-ერთი წამყვანის განცხადებას, რომ თავისუფალ მედიას შეუძლია ხელისუფლების გაკონტროლება და გადაცემა „“20/30“ მისიაც ამაში გამოიხატება.

ივანიშვილის თქმით, მოსახლეობამ  უნდა იცოდეს,  რა ხდება ქვეყანაში, როგორ მუშაობს და როგორ იქცევა ხელისუფლება, პრემიერი თუ პარლამენტი.

„მოსახლოებას  უნდა ჰქონდეს იმის გაგება, რომ კარგად გაერკვეს მომავალ არჩევნებში, ვის შეიძლება მან მხარი დაუჭიროს,  მედიაანალიზს ამაში აქვს უდიდესი როლი, ეს პროექტიც [გადაცემა „20/30“] სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომ მოსახლეობას კვალიფიციური ანალიზი მივაწოდოთ, რომ კარგი არჩევანი გააკეთონ არჩევნების დროს. შევუქმნათ განცდა იმისა, რომ ხელისუფლებას ირჩევს, რომ საკუთარ სამსახურში ჩაიყენოს და მოიქცეს ისე, როგორც მას მოესურვება“, თქვა ივანიშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ ივანიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე შექმნა, რომლის პროექტებსაც თავად ივანიშვილი აფინანსებს. ერთ-ერთი პროექტი არის საზოგადოება „20/30“, სადაც მიწვეულია სხვადასხვა დარგის ახალგაზრდა ექსპერტთა  ჯგუფი. საზოგადოებასთა დაკავშირებული ანალოგიური სახელწოდების ყოველდღიური სატელევიზიო გადაცემა, რომელსაც კვირაობით მოვლენების შემაჯამებელი ფორმატი ექნება.

თავად საზოგადოების და გადაცემის სახელწოდება 20/30, როგორც ივანიშვილმა განმარტა, დაკავშირებულია  2030 წელთან, როცა, მისივე სიტყვებით,  საქართველო ევროპულ დონემდე განვითარდება.

პირველ საკვირაო გადაცემაში ივანიშვილმა განაცხადა, რომ მედიას 20-30 ანალიტიკოსით მოამარაგებს. მან დასძინა, რომ სურდა 20/30 საზოგადოებრივ მაუწყებელზე გასულიყო, თუმცა საბოლოო არჩევანი GDS-ზე გააკეთა (ეს ტელეკომპანია მის ვაჟს ბერას ეკუთვნის), რათა თავი აერიდებინა ოპოზიციის "არგუმენტირებული"  კითხვებისათვის.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test