შემოგვიერთდი

05.03.2015 17:36

საია ფოტოკორესპონდენტის ირაკლი გედენიძის ცემის ფაქტს ეხმიანება

Media Ge

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) გმობს 2015 წლის 4 მარტს, თბილისში, ვარდების მოედანზე გამართულ აქციაზე სახელწოდებით „შემოულაწუნე“ ფოტოკორესპონდენტის ირაკლი გედენიძის ცემის, მისი ფოტოკამერის დამტვრევისა და ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის ფაქტს.

მომხდართან დაკავშირებით ორგანიზაცია ავრცელებს განცხადებას, სადაც  ყურადღება გავამახვილებულია  რამდენიმე,  საიას აზრით, მნიშვნელოვან საკითხზე:   „უპირველეს ყოვლისა, პოზიტიურად უნდა შეფასდეს გავრცელებული ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით გამოძიების დაწყების და ერთი პირის დაკავების შესახებ. ამასთან, გვსურს ყურადღება გავამახვილოთ იმ გავრცელებულ ვიდეოკადრებზე, რომლებზეც ინციდენტია ასახული და ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ ირაკლი გედენიძის ცემის ამსახველ ვიდეომასალაში ორი ადამიანი ფიგურირებს. გავრცელებული ვიდეომასალებიდან ჩანს თუ როგორ ურტყამს ერთი მამაკაცი ირაკლი გედენიძეს, ხოლო მეორე მამაკაცს როგორ უჭირავს ირაკლი გედენიძე ორივე ხელით. აუცილებელია გამოძიებით დადგინდეს დანაშაულში მონაწილე ყველა პირის ვინაობა და ყველა დამნაშავე მიცემულ იქნეს პასუხისგებაში.   ამასთანავე, გვუსრს ხაზი გავუსვათ დაწყებული გამოძიების სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციით, სწრაფად და ეფექტურად წარმართვის აუცილებლობას. ჟურნალისტების წინააღმდეგ წლების განმავლობაში არაერთი დანაშაულებრივი შემთხვევა დაფიქსირებულა, რომლებთან დაკავშირებითაც, მიუხედავად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა, არც საზოგადოებისთვის და არც ჟურნალისტებისთვის დღემდე არ არის ცნობილი თუ რა ეტაპზეა გამოძიება ან მისცეს თუ არა დამნაშავე პირები პასუხისგებაში.   სახელმწიფოს ვალდებულება სწრაფად და ეფექტურად გამოიძიოს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და დამნაშავე პირები მისცეს პასუხისგებაში განპირობებულია ჟურნალისტის და მედიის წარმომადგენლის პროფესიული საქმიანობის მაღალი მნიშვნელობით დემოკრატიული სახელმწიფოსთვის. სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება, ეფექტურად გამოიძიოს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და ამით თავიდან აიცილოს ჟურნალისტის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენის უარყოფითი შედეგები როგორც ცალკეული ჟურნალისტისათვის, ისე ქვეყანაში მედიის და გამოხატვის თავისუფლებისათვის.“

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test