შემოგვიერთდი

09.02.2015 17:49

კახა ბექაურის პასუხი ნიკა გვარამიას ბრალდებაზე

Media Ge

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი კახა ბექაური ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასგან ბოდიშის მოხდას ელოდება რუსთავი 2-ის ეთერში გამოთქმული „ცილისწამებისთის.“

„წარმატებას გისურვებ სარეკლამო ბიზნესში ჩემი ინტერესის ძიების საქმეში. წარუმატებლობის შემთხვევაში ისეთივე საჯარო ბოდიშს დაველოდები, როგორიც ცილისწამება იყო. სამწუხაროა, რომ შენგან მედიამენეჯერი ვერ შედგა და ისევ პოლიტიკას აკეთებ ტელევიზიის ხელმძღვანლის პოზიციიდან. ხშირ შემთხვევაში ამის გამო ლოგიკაც გეკარგება. სარეკლამო ბიზნესში ინტერესების მქონე ადამიანი, ვერ გახდება ავტორი ისეთი კანონპროექტისა, რომელიც სარეკლამო ბაზარს ამცირებს, რასაც ასევე დაჟინებით ამტკიცებ“, ციტირებს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ბექაურს,  რომლის პასუხი გვარამიასადმი  კომისიამ 9 თებერვალს გაავრცელა.

ნიკა გვარამიამ, 7 თებრვალს ტელეეთერში განაცხადა, რომ  მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების პრიოექტი, რომელიც ზღუდავს საკრელამო ჭრების დროის ხანგრძლივობას  20 პროცენტით, კომუნიკაციების   კომისიაში დაიწერა და მისი ავტორი „ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიის ხელმძღვანელი, კახა ბექაურია.“

 „ამ კანონის ავტორი კახა ბექაურია, რომელიც ივანიშვილის ტელევიზიის ხელმძღვანელი იყო და დღეს მარეგულირებლის წევრია. ეს კანონი მისი თვითშემოქმედებაა და მედიაინდუსტრიის დანგრევისკენ არის მიმართული. მან მიიღო დავალება და მან ეს დავალება შეასრულა,“ - განაცხადა გვარამია. მისივე მტკიცებით,  კახა ბექაურს სარეკლამო ბიზნესშიც აქვს პირადი ინტერესები და ამ კანონით ხელისუფლება ცდილობს, „რუსთავი2“-დან „იმედზე“ თანხების გადადინება მოხდეს.

გვარამია დარწმუნებულია, რომ კანონის დაჩქარებული წესით მიღებით დაინტერესებულია ბიძინა ივანიშვილი.

 „როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა გაიღვიძა ცუდ ხასიათზე და მათ მიიღეს დავალება, რაც შეასრულა ბექაურმა და საქართველოს პარლამენტმა,“ თქვა

 გვარამიამ. რუსთავი 2-ის განცხადებით ცვლილებების მიღების შემთხვევაში, ტელევიზია ყოველწლიურად 6 მილიონ ლარს დაკარგავს, ამიტომ გაუშვებს დაახლოებით 100 ადამიანს საქმსახურიდან და მოუწევს რამდენიმე პოპულარული პროექტის დახურვა. თუმცა, გვარამიას იმედი აქვს, რომ ცვლილებების პროექტს პრეზიდენტი  მარგველაშვილი ვეტოს დაადებს.

 „ეს არის წითელი ხაზის გადაკვეთა მედიის წინააღმდეგ. ეს არ არის მხოლოდ „რუსთავი2“-ის პრობლემა. სხვა ტელევიზიებსაც გაუღრმავდებათ
პრობლემები და ისინი უფრო დამოკიდებული გახდებიან საკუთარ დამფინანსებელზე,“ - თქვა გვარამიამ რუსთავი 2-ის ეთერში.

კახა ბექაური გვარამიას პასუხობს:  „სინამდვილეში სიმართლე იმაშია, რომ დღეს დიდ სატელევიზიო არხებს (მათ შორის იმედსაც), რომლებსაც სხვა არხებისგან (მათ შორის რეგიონალური ტელევიზიებისგან) განსხვავებით სერიოზული კონკურენტული უპირატესობა გაგაჩნიათ (მეტი სიხშირული რესურსი გაქვთ [რუსთავი 2-ს] და მთელ საქართველოზე ვრცელდებით), იყენებთ რა ამ კონკურენტულ უპირატესობას, ძალიან იაფად და ერთმანეთში აღრევით ყიდით სარეკლამო მომსახურებებს (რეკლამა, სპონსორობა). შედეგად - აპატარავებთ მთლიან სარეკლამო ბაზარს. ამის გამო, მცირე ზომის არხები, რომლებსაც შეზღუდული გავრცელების არეალი აქვთ, ასევე, სხვა მედიასაშულებები (რადიოები, ჟურნალ-გაზეთები) ვერ უზრუნველყოფენ ბაზარზე მათი დღევანდელი მდგომარეობის შესაბამისი სარეკლამო შემოსავლის მიღებას. თქვენ (რუსთავი 2 და იმედი), არამარტო სხვა მედიასაშუალებებს აზიანებთ, არამედ აზიანებთ თქვენს თავსაც, რადგან, პატარა სარეკლამო ბაზრიდან, მიუხედავად ყველაზე დიდი პროცენტული წილისა, აბსოლუტურ გამოხატულებაში, თქვენი შემოსავალიც პატარაა. ამიტომ, ეს ცვლილებები კანონში, ემსახურება მთლიანი სარეკლამო ბაზრის ზრდას. ფასები აღარ იქნება დემპინგური, კონკურენტული პირობები გახდება შედარებით თანაბარი და რეკლამის ბაზრის სეგმენტირება მოხდება სარეკლამო პროდუქტების (სარეკლამო მომსახურება, სპონსორობა, product placement) მიხედვით, რადგან რეკლამის მიმცემმა მისთვის სასურველი პროდუქტები ცალ-ცალკე უნდა იყიდოს, ვერ უნდა შეძლოს ურთიერთჩანაცვლება და უნდა მოხდეს მთლიანი სარეკლამო ბაზრის ზრდის მაქსიმიზაცია. საერთო სარეკლამო ბაზრის ზრდის პირობებში რუსთავი 2-ის შემოსავლები კი არ შემცირდება, არამედ გაიზრდება. ასევე გაიზრდება სხვა ტელევიზიების (რეგიონალური ტელევიზიების), სხვა მედიასაშუალებების (რადიო, ჟურნალ-გაზეთების, ინტერნეტ პორტალების) სარეკლამო შემოსავლებიც. აი, ეს კი, ალბათ არ შედის შენი, როგორც კონკურენტის ინტერესებში და ეწინააღმდეგები სხვა ტელევიზიებისთვის და მედიასაშუალებებისთვის დამოუკიდებელი ფინანსური წყაროების შესაძლებლობების გაჩენას. მე ისიც მესმის, რომ შენ შეიძლება გაწყობს მუდმივად გქონდეს საზოგადოებისთვის სათქმელი შენს კონკურენტებზე, რომ ისინი სარეკლამო შემოსავლებით ვერ ცოცხლობენ და მფლობელები მუდამ ფულს ასხამენ გარკვეული პოლიტიკური ინტერესით.

ჩემი მიზნები, ფუნქციები და მოვალეობები, როგორც კომისიონერის, სხვანაირია. ჩემი მიზანია ამ სარეკლამო ბაზრის ზრდის ხელშეწყობა, კონკურენციის უზრუნველყოფა, მედიაბაზარზე ისეთი გარემოს შექმნის ხელშეწყობა, სადაც მედიასაშუალებებისთვის შესაძლებელი იქნება ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევა, რაც მათი დამოუკიდებლობის და შესაბამისად, სიტყვის თავისუფლების მთავარი გარანტია.

მე იმედი მაქვს, შენი ინტელექტუალური შესაძლებლობები საკმარისია აღიქვა ყოველივე ზემოთქმული და რომ ის ყველაფერი, რასაც აკეთებ ამ საკითხთან მიმართებაში, მხოლოდ პოლიტიკისთვის გჭირდება.“

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test