შემოგვიერთდი

09.11.2014 12:28

ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით მზადდება ანალიტიკურ გადაცემა „2030“-ი, რომელიც ტელეკომპანია GDS-ზე გავა

David Mchedlidze

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მან შექმნა  საზოგადოება „2030", რომელიც ამავე სახელწოდების პროექტს  ტელეკომპანია GDS-იზე განახორციელებს.

ივანიშვილმა 8 ნოემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის  საღამოს ეთერში,  განაცხადა, რომ ანალიტიკური გადაცემა  ეთერში ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით გავა, ხოლო კვირას, სამ წამყვანთან ერთად  გადაცემაში მონაწილეობას თავად მიიღებს. ივანიშვილის განცხადებით,   საზოგადოებაში შექმნილია საინფორმაციო ვაკუუმი,  რომელიც უნდა შეავსონ საზოგადოება "2030"-ში მომზადებულმა ანალიტიკოსებმა.

„ჩვენი კოალიციის [„ქართული ოცნება“] ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მოხდა უპრეცედენტო რამ, პირველად  ხელისუფლებას არ აქვს თავისი ტელევიზია, რაც არის ძალიან კარგი. ამავე დროს,  არის „რუსთავი 2“,  რომელიც ნაციონალური მოძრაობის აგიტაციას ეწევა. არსებობს  რამდენიმე კერძო ტელევიზიაც, რომელსაც  ბიზნეს თუ სხვა კერძო ინტერესები შეიძლება გააჩნდეს. ამიტომ ჭირს ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. როგორც სხვა სფეროები საჭიროებს განვითარებას,  ასევე, საჭიროა მედიის განვითარება. მედიას აკლია კვალიფიციური ანალიზი,“, განაცხადა ივანიშვილმა, როცა ახალი გადაცემის წარმოების მიზეზებზე საუბრობდა.

„ჩემი აზრით,  ობიექტური ინფორმაციის და ობიექტური ანალიზის ვაკუმი გაჩნდა. ეს აბნევს  ბევრ პოლიტიკოსს თუ ექსპერტს და ბევრ შეცდომებს უშვებენ“, დასძინა ივანიშვილმა, რომელმაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ძირითადად  კოალიცია ქართულ ოცნებაში მომხდარი განხეთქილების მიზეზებზე ისაუბრა. კოალიცია  „თავისუფალმა დემოკრატებმა“ დატოვეს მას შემდეგ, რაც მათი ლიდერი ირაკლი ალასანია პრემიერ მინისტრმა თავდაცვის მინისტრობიდან გადააყენა.  

ივანიშვილმა განაცხადა, რომ  მის მიერ  შექმნილ ახალ საზოგადოებაში „ძალიან ბევრი საინტერესო პიროვნებაა უკვე გაერთიანებული“. ანალიტიკოსების მომზადების  გარდა,  ორგანიზაცია ქვეყნის  2030- წლამდე გათვლილი სტრატეგიის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში მიიღებს მონაწილეობას. ივანიშვილმა დასძინა, რომ ახალი გადაცემაში, ასევე,  „გარედან საინტერესო პიროვნებებით მოხდება ანალიზი“.

„სტრატეგიაზეც ვისაუბრებთ,  სხვადასხვა თემებს შემოვიტანთ და კვირაობით მე მოვახერხებ ერთი საათის განმავლობაში 3 წამყვანთან ერთად, ძირითადი ანალიზი გავაკეთო, თუმცა  მე წამყვანი არ ვიქნები“, თქვა ივანიშვილმა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლების  არაფორმალურ ლიდერად მიიჩნევს.

ტელეკომპანია GDS ივანიშვილის ვაჟის ბერას საკუთრებაა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test