შემოგვიერთდი

22.09.2014 23:06

ჟურნალისტების დემარში შრომითი კონტრაქტების გამო

media.ge

ხელმოსაწერი შრომითი  კონტრაქტების   პირობებით უკმაყოფილო   ჟურნალისტებმა,  ოპერატორებმა და ტექნიკურმა პერსონალმა   დატოვეს ტელეკომპანია ,,დია",  რომელიც  ხაშურის რაიონის ტერიტორიაზე  მეტრული არხით მაუწყებლობს, თუმცა მისი გადაცემების ხილვა მაყურებელს საკაბელო ქსელითაც შეუძლია.

სამსახურიდან წავიდნენ  საინფორმაციო სამსახურის უფროს ნინო ჩიბჩიური და  ამავე სამსახურის მთელი შემადგენლობა, ასევე სხვა გადაცემების წამყვანები და  განვითარების მენეჯერი.

ნინო ჩიბჩიურმა Media.Ge-ს უთხრა, რომ, მაგალითად, ერთწლიანი კონტრაქტის თანახმად, რომელიც თანამშრომლებს ხელმოსაწერად ტელეკომპანიის დირექტორმა მაია ტატულაშვილმა  წარუდგინა,  თანამშრომელს, ტელეკომპანიიდან წასვლის შემთხვევაში, ეკრძალება  სხვა „კონკურენტ კომპანიაში“  მუშაობა, სამი წლის განმავლობაში.

„,ჩვენ ვკითხეთ „დიას" დირექტორს,   თუ რომელ კომპანიას  გულისხმობდა „კონკურენტ“ ტელევიზიაში. გვითხრა, რომ ეს არის  ის ტელევიზია,  რომელიც  „ჩვენ დაგვარტყამსო“. ასევე მიუღებელი იყო, რომ ამ კონტრაქტის მიხედვით,  ხელმძღვანელის  ნებისმიერი ბრძანება უნდა შეგვესრულებინა,  არასამუშაო საათებშიც კი, თან, ანაზღაურების გარეშე. გამოდის, რომ თუ რამე არ მოეწონებოდა, უფლება ჰქონდა ხელფასი არ გადაეხადა“, განაცხადა ჩიბჩიურმა. მან დასძინა, რომ თანამშრომლებმა ტელეკომპანიის დირექტორს თხოვეს,  განემარტა  შრომითი ხელშეკრულების თითოეული პუნქტი, რაც ვერ შეძლო, რადგან არ იყო მასში გარკვეული და „არც წაუკითხავს“.

„ხელშეკრულების პირობები იყო ცალმხრივი, განსაზღვრული იყო მხოლოდ მოვალეობები, მაგრამ არა უფლებები“, თქვა  ჩიბჩიურმა.

ტელეკომპანიიდან წასულმა ჟურნალისტებმა ორშაბათს, 22 სექტემბერს,  გამართეს პრესკონფერენცია და გაავრცელეს განცხადება, სადაც წერია, რომ  მაია ტატულაშვილი ტელეკომპანიის თანამშრომლებისგან  შრომით კონტრაქტებზე ხელმოწერას  ულტიმატუმის ფორმით  ითხოვდა.

„მიუხედავად ყველაფრისა“, წერია განცხადებაში,“ თანამშრომლები ცდილობდნენ შეთანხმების მიღწევას და ხელმძღვანელობას სთხოვდნენ, ორივე მხარის მოვალეობები ნათლად ყოფილიყო განსაზღვრული. ასევე მოითხოვდნენ, რომ ხელშეკრულებაში ეთიკის ქარტიის პრონციპების და მაუწყებლობის ქცევის კოდექსის დაცვა შეეტანათ, რაზეც უარი მიიღეს.“  

Media.Ge-ს შეკითხვაზე, რომ ჟურნალისტებთან შრომითი კონტრაქტის დადების დროს, როგორც წესი, ეთიკის და კონტენტის შინაარსობრივი საკითხები არ აისახება, რამდენადაც ამას არეგულირებს თვითრეგულირების მექანიზმები, მაგალითად,  მაუწყებლობის შესახებ კანონი, მაუწყებელთა ქცევის კოდექსი,  ნინო ჩიბჩიურმა უპასუხა, რომ, მართალია,  არ აისახება, მაგრამ „მოვითხოვეთ  დამატებითი დებულებების შემუშავება, რომელიც კანონს მიესადაგება.“
„არაფერზე არ წამოვიდა [მაია ტატულაშვილი], პირდაპირ მოითხოვა, რომ დაუყოვნებლივ მოგვეწერა ხელი ამ ხელშეკრულებაზე“, თქვა ჩიბჩიურმა, რომელიც ვარაუდობს, რომ ხელშეკრულების პროექტი წარმოდგენილი ფორმით „გამიზნულად დაიწერა“.

„ალბათ, იცოდა [მაია ტატულაშვილმა] , რომ ამ კონტრაქტს ხელს არ მოვაწერდით. ჩემი და მალხაზ მიქელაძის გაშვება ჰქონდა ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას განზრახული, რადგან ხშირად განსხვავებულ აზრს გამოვთქვამდით  სიუჟეტებთან დაკავშირებით“, თქვა „დიას“ საინფორმაციო სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა. მისივე თქმით, ხელმძღვანელობა ბოლო პერიოდში აშკარად ცდილობდა სარედაქციო საქმიანობაში ჩარევას, თუმცა, რედაქციის მხრიდან წინააღმდეგობას აწყდებოდა.

ჩიბჩიურმა სარედაქციო საქმიანობაში ჩარევის მცდელობის მაგალითად მოიყვანა ჟურნალისტ მალხაზ მიქელაძის საგამოძიებო სიუჟეტის „დაბლოკვა“.

მალხაზ მიქელაძემ, რომელმაც Media.Ge-ს მისთვის შეთავაზებული კონტრაქტის გამოქვეყნების უფლება მისცა, განაცხადა,  რომ მართლაც მუშაობდა  ადგილობრივი ხელისუფლების მიერ  რაიონის მიწების გასხვისების თემაზე, მოამზადა საგამოძიებო მასალაც, თუმცა, რედაქციას ეთერში არ გააშვებინეს.

მაია ტატულაშვილიმა Media.Ge-ს უთხრა, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულება იყო სამუშაო ვერსია, რომელიც უნდა დახვეწილიყო.  

მისივე თქმით, მან შესთავაზა ჟურნალისტებს იურისტებთან კონსულტაციის გავლა ხელშეკრულების შინაარსთან დაკავშირებით. თუ რამ მიუღებელი იყო, ან კანონთან შეუსაბამო,  ჩაესწორებინათ  და კიდევ ერთხელ გადაეხედათ  მიმდინარე თვის ბოლოს.

მაია ტატულაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მისთვის მოულოდნელი  იყო ჟურნალისტების დღევანდელი რეაქცია, რადგან შაბათს გამართული თათბირის დასრულების შემდეგ, ამის წინაპირობა არ არსებობდა.

„ეს იყო ჩვეულებრივი შეხვედრა, სადაც  უნდა გამეგო, ჟურნალისტებს რა  მოწონდათ   ამ კონტრაქტში და  რა არა. მე ყურადღება გავამახვილე იმაზე, რომ  ტელეკომპანიიდან  წასვლის შემთხვევაში, ჟურნალისტებს  კონკურენტ ორგანიზაციაში გადასვლის უფლება არ უნდა ჰქონოდათ. მე ავუხსენი თანამშრომლებს, რომ მინდა ვიცოდე,  ვინ არის ჩემი ერთგული,  რომ მივეხმარო, გავატრენინგო და მისი კვალიფიკაცია ავამაღლო.  ისიც ვუთხარი,  რომ მჭირდება ძლიერი და კვალიფიციური პერსონალი,  რომელიც ჩემთვის იქნებოდა სანდო. თანამშრომლებს აქვთ პრობლემები მეტყველების და კადრების მონტაჟის კუთხით. გათვლილი მქონდა,  რომ ეს ყველაფერი უნდა გამოგვესწორებინა ტრენინგის საშუალებით. მე მინდოდა ჩემთვის გამეზარდა მაღალი დონის კადრი“, თქვა მაია ტატულაშვილიმა, რომელმაც ასევე ხაზი გაუსვა დაბალ სამუშაო დისციპლინას.

„ოპერატორები თუ ჟურნალისტები სამუშაოზე იგვიანებდნენ ხოლმე“, თქვა ტატულაშვილმა.
„გამოვუცხადე თანამშრომლებს, რომ მჭირდებოდა ერთგული და კვალიფიციური კადრი. რადგან არ მინდა დავრჩე, როგორც რეგიონული მედია“, დასძინა მან.

Media.Ge-ს შეკითხვაზე, რომ ჟურნალისტები ჩიოდნენ  მენეჯმენტის სარედაქციო საქმიანობაში ჩარევის მცდელობაზე, ტატულაშვილმა ბრალდება კატეგორიულად უარყო, თუმცა მალხაზ მიქელაძის სიუჟეტთან დაკავშირებით განაცხადა შემდეგი: „ ბოლო ადგილობრივი არჩევნების წინ გორში ჩამოსული იყო ირმა ნადირაშვილი (პარლამენტის წევრი ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობიდან-რედ.),  მიწების გასხვისების თაობაზე  ნადირაშვილმა  გორში ბრიფინგი გამართა.  ეს თემა   სიახლეებში გავაშუქეთ, ისევე როგორც ტელეკომპანია  „თრიალეთმა“ (გორი-რედ.) საკუთარ ეთერში. თუმცა იმავე დღეებში, მიწების საკითხზე „თრიალეთმა“  მიიწვია „ნაციონალური მოძრაობის“და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები,  ერთსაათიან გადაცემაში. ამ თემაზე მასალის  გაკეთება მალხაზს მგონი კიდევ უნდოდა სექტემბერში. მე ვუთხარი:  რაში გვაინტერესებს მომხდარი მოვლენა, ხომ გაშუქდა, ხომ დამთავრდა, ხომ ილაპარაკეს ამ საკითხზე? ავუხსენი,  რომ ჯერ ერთი, ჩვენ საგამოძიებო ფილმებს არ ვუშვებთ, რადგან  არ გვაქვს ამ ფორმატის გადაცემა. ჩვენ გვაქვს, ნიუსები, დებატები, საგანმანათლებლო გადაცემები. ვუთხარი, რომ არ მჭირდება ასეთი რაღაცის გაკეთება. ვუთხარი, იმუშავეთ იმაზე, რაც მოხდა. გააშუქე ნიუსები.
იქ [მიქელაძის სიუჟეტში] იყო სახელმწიფოს მიმართ ბრალდება. სახელმწიფო, დაინტერესების შემთხვევაში, გამოიძიებდა,  მას აქვს ანტიკორუფციული სამსახური.  რა საჭირო იყო ამ ყველაფერზე სიუჟეტის გაკეთება?“

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელმა  ქეთი ბებიაშვილმა, რომელმაც  კონტრაქტის ტექსტი  შეისწავლა, Media.Ge-ს უთხრა, რომ  დოკუმენტში ნათლად არ იყო ჩამოყალიბებული დაქირავებულის უფლებები.

მისივე თქმით, მუხლი იმასთან  დაკავშირებით, რომ  აეკრძალოს ჟურნალისტს  ე.წ.  კონკურენტ ტელევიზიაში  გარკვეული დროით მუშაობა  „ძალიან შემზღუდავია“.

„არ არის განმარტებული,  რას გულისხმობენ კონკურენტ მედიაში დამქირავებლები, ეს არის ტელევიზია, გაზეთი,  ინტერნეტ-მედია თუ სხვა რამ. გარდა ამისა, სამი წელი დიდი დროა იმისთვის, რომ წარმატებულმა  ჟურნალისტმა არაფერი აკეთოს. ფაქტობრივად, როგორც პროფესიონალი იკარგება. აქ იყო კიდევ ერთი დებულება, რომ ისინი ვალდებულნი არიან, პროფესიული მოვალეობის ფარგლებში შეასრულონ დამქირავებლის ყველა ბრძანება, ისეთი ვალდებულებების ჩათვლით, რომელიც უნდა შესრულდეს არასამუშაო საათებში. ძალიან ბუნდოვანი და ყოვლისმომცველი პუნქტია. შეიძლება მისი ინტერპრეტირება და ჟურნალისტს არაჟურნალისტური სამუშაოს შესრულება მოეთხოვოს“, თქვა ქეთი ბებიაშვილმა.

მისივე განმარტებით,  საკამათოა, ის პუნქტიც,  სადაც წერია, რომ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში შესაძლებელია თანამშრომელი სხვა პოზიციაზე გადაიყვანონ,  გარკვეული ვადით.

„რას გულისხმობენ ამაში დამქირავებლები? დაქვეითებას, დაწინაურებას? როგორი იქნება დაქიტავებულის შრომის ანაზღაურება ასეთ შემთხვევაში? ეს საკითხებიც ბუნდოვანია“, აღნიშნა იურისტმა.

ბებიაშვილმა  დასძინა, რომ  მან კომპანიასაც განუმარტა, რომ  კარგი იქნებოდა კონტრაქტის სადავო პუნქტებში  მეტი სიცხადის შეტანა
„როგორც ტელევიზიამ  ბრძანა,  ეს არ იყო დოკუმენტის საბოლოო ვერსია, თუმცა ჟურნალისტები ამბობენ, რომ მათ დამქირავებლებმა ულტიმატუმი წაუყენეს“, განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელმა.

ჟურნალისტებმა,  დღეს გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნეს, რომ გასულ კვირაში, შაბათს გამართულ თათბირზე, სადაც  შრომით ხელშეკრულებებზე ხელმოწერა მოითხოვეს,  ჟურნალისტების  შეკითხვების საპასუხოდ,    „ კომერციული დირექტორი, რომელიც საგანგებოდ გამოცხადებულ თათბირს ნასვამ მდგომარეობაში ესწრებოდა, თანამშრომლებს ქუჩური სიტყვებით მიმართავდა და ყვირილით ცდილობდა გავლენის მოპოვებას. ულტიმატუმის ენით საუბრობდა და აიძულებდა თანამშრომლებს დათანხმებოდნენ ამ პირობებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოითხოვდა ურთიეთობის გაწყვეტას.“

ყოფილი თანამშრომლები შეურაცხყოფისთვის ტელევიზიის ხელმძღვანელობისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას და კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარ უფლებებს სასამართლოს გზით დაცვას აპირებენ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test