შემოგვიერთდი

25.06.2014 19:42

GNCC-ში, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, 32 ახალი თანამშრომელი მიიღეს

ნატა ძველიშვილი

საზოგადოებრივი დამცველი

ალექსანდრე მშვილდაძე, აკაკი სიხარულიძე, თამთა ტეფნაძე, გიორგი ხუნდაძე

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის თანამშრომელთა რაოდენობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში 27 ადამიანით გაიზარდა. როგორც კომისიიდან მიღებულ ინფორმაციიდან ირკვევა, 2013 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის ივნისამდე მარეგულირებელ ორგანოში  სულ 32 პირი მიიღეს. ამავე პერიოდში სამსახურიდან საკუთარი სურვილით ორი  წავიდა, ერთი ვალდებულებების შეუსრუმებლობის გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან, ორი თანამშრომელი კი გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში მხოლოდ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი  დამცველის სამსახური ჩამოყალიბდა ექვსი ახალი თანამშრომლით, სხვა  26 ვაკანსია კი არსებულ დეპარტამენტებში გაჩნდა.

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი

მიმდინარე წლის თებერვალში კომისიაში არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადეობრივ დამცველად  თამთა ტეფნაძე აირჩიეს, რომელიც მანამდე საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში მუშაობდა. მან თავის მხრივ თანაშემწეებად 4 პირი დანიშნა. მათ შორისაა დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის შვილი 1989 წელს დაბადებული გიორგი ხუნდაძე, რომელმაც 2012 წლებში დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი, იმავე წელს ჩააბარა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო გეოლოგიის ფაკულტეტზე მაგისტრის ხარისხის დასაცავად. ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა „გლობალ კონტაქტ კონსალტინგში“ მცხეთის მუნიციპალიტეტის კოორდინატორად, რის შემდეგაც მომხმარებელთა ინტერესების დამცველის სამსახურში აღმოჩნდა.

თამთა ტეფნაძე, რომელმაც გიორგი ხუნდაძე თანაშემწედ შეარჩია, media.ge-სთან საუბრისას მის გადაწყვეტილებაზე დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის გავლენას გამორიცხავს და ამბობს, რომ გიორგი ხუნდაძე იმიტომ შეარჩია, რომ მან „იცის მაუწყებლობის სფეროში მოღვაწე კომპანიების შიდა სამზარეულო და პრობლემატიკა, რაც შეიძლება ციფურლ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში წარმოიშვას“.

საზოგადეობრივი დამცველი თანაშემწის პოზიციაზე დაიწყო მუშაობა ალექსანდრე მშვილდაძემაც. ისიც თამთა ტეფნაძის მსგავსად საქართველოს პარლამენტში მუშაობდა საგარეო საქმეთა კომიტეტში იურისტის პოზიციაზე. 2011 წლიდან დღემდე სწავლობს მაგისტრატურაში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო სამართლის პროგრამაზე. ისიც მონაწილეობდა საზოგადოებრივი დამცველის კონკურსში, სადაც საბოლოოდ თამთა ტეფნაძე აირჩიეს. ტეფნაძე ამბობს, რომ მშვილდაძეს რეკომენდაცია სწორედ საკონკურსო კომისიამ გაუწია, გასაუბრების შემდეგ მისი ხედვები მოეწონა და ამიტომაც აიყვანა სამსახურში.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწის პოზიციაზე ორწლიანი მუშაობის შემდეგ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა ქეთევან გუნიავამაც. ის პროფესიით იურისტია. თამთა ტეფნაძის თქმით, გუნიავა ანალიტიკურ საქმიანობაშია ჩართული და მისი მუშაობის შედეგს საზოგადოება მალე დაინახავს.

ამავე სამსახურში დასაქმდა ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი ბელა დეველაშვილი, რომელიც მანამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის სარეკლამო და სასპონსორო გაყიდვების დეპარტამენტსა და შპს „მაგთიკომში“ მუშაობდა. საზოაგდოებრივი დამცველი ამბობს, რომ მოსახლეობის ინფორმირებისთვის მას გამოცდილი კადრი სიჭრდებოდა, ბელა დეველაშვილზეც არჩევანი ამიტომ გააკეთა.

კომისიის აპარატის ახალი თანამშრომლები

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადეობრივი დამცველის  სამსახურის გარდა, სამართლებრივ დეპარტამენტს დაემატა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ანი მიროტაძის ძმის ცოლი თამარ გოშუა. თავად ანი მიროტაძე Media.Ge-სთან საუბრისას უარყოფს რაიმე გავლენას კომისიაში მისი ახლობლის დანიშვნაზე.

სამი პირი დასაქმდა კომისიის წევრთა მდივნის პოზიციაზე. თავმჯდომარის თანაშემწედ დაინიშნა ზაზა მაზმიშვილი, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია.

სამ-სამი პირი დაემატა ინფორმაციულ-ანალიტიკურ დეპარტამენტს და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს.

10 ადამიანი დასაქმდა ადმინისტრაციულ დეპარტამენტში, მათ შორის არიან მძღოლები და ტექნიკოსები.

აღსანშნავია, რომ 2013 წლის იანვარში სამსახურში მიღებულმა შვიდმა ადამიანმა უკვე აპრილში ხელფასის ოდენობის პრემია აიღო. შვიდივე მათგანი კომისიაში იმ დროს დასაქმდა, როდესაც კომისიის იმდროინდელი თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი შვებულებაში იმყოფებოდა და მოვალეობას კარლო კვიტაიშვილი ასრულებდა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამსახურში მიღებული 32 თანამშრომლიდან 17 იმ პერიოდში (2013 წლის ნოემბერი-2014 წლის მაისი) მიიღეს, როდესაც კომისიის თავმჯდომარე აკაკი სიხარულიძე იყო. მათ შორისაა საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ექვსი თანამშრომელი. ამავე პერიოდში დაინიშნა სამი სპეციალისტი დროებით მოვალეობის შემსრულებლად კომისიის აპარატის სამართლებრივ, ინფორმაციულ-ანალიტიკურ და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტებში. აკაკი სიხარულიძე ამბობს, რომ კადრების დამატება ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესს უკავშირდება.

„კომისიაში ტარდებოდა მოსამზადებელი სამუშაოები  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიებზე კონკურსის გამოსაცხადებლად, რომლის ჩატარება  საჭიროა  ციფრული მაუწყებლობის უზრუნველყოფისთვის.  ასევე მიმდინარეობს სამუშაო პროცესი მეოთხე თაობის ინტერნეტ ქსელების დასანერგად აუქციონების გამოცხადების მიზნით. სხვა ბევრ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე ვმუშაობთ ინტენსიურად, რისთვისაც დამატებით კადრები იყო საჭირო. ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში კომისიაში აყვანილი სხვა პირები,  წმინდა ტექნიკური-დამხმარე პერსონალია“, - განუმარტა Media.Ge-ს აკაკი სიხარულიძემ.

თანამშრომელთა მიღების გამჭვირვალობა

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაზე არ ვრცელდება საჯარო სამსახურის შესახებ კანონის  ის ნორმა, რომელიც უწყებებს ახალი თანამშრომლების მიღებას კონკურსის წესით ავალდებულებს. შესაბამისად, კომისიის თავმჯდომარე თავად იღებს გადაწყვეტილებას-ვინ და როგორ აიყვანოს სამსახურში.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ  კომისიის მიერ თანამშრომლების მიღების პროცესი გამჭვირვალე უნდა გახდეს და თითოეულ პოზიციაზე კონკურსი უნდა გამოცხადდეს.

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) გამგეობის თავმჯდომარე ლევან ავალიშვილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა კანონით არ იყოს რეგულირებული თანამშრომლების საჯარო კონკურსის წესით აყვანა, მაგრამ გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის მიზნით ვაკანსიები ღიად უნდა ცხადდებოდეს.

„აუცილებელია, რომ ღია იყოს თავად პროცესი, რადგან ეს შესაძლოა ნეპოტიზმთან და კორუფციასთან იყოს დაკავშირებული. კონკურსი აუცილებლად უნდა ჩატარდეს იმისათვის, რომ არ მოხდეს ხელმძღვანელების მიერ ახლობლების დანიშვნა“, - აღნიშნა ლევან ავალიშვილმა.

მის აზრს იზიარებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ იურისტი გიგი ჩიხლაძე. ის მიიჩნევს, რომ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შესაძლოა ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის პრაქტიკა გამოიყენოს, რომელიც ვაკანსიებს საჯაროდ აცხადებს.  

„ვაკანსიების საჯაროდ გამოცხადება მათთვისაც უკეთეს შედეგს მოიტანდა, რადგან კონკურენცია  ერთსა და იმავე პოზიციაზე გაიზრდებოდა, რაც უფრო მაღალი ხარისხის კადრების არჩევის წინა პირობა იქნებოდა და ამავე დროს არ დარჩებოდა განცდა, რომ ადგილი აქვს ნეპოტიზმს“, - თქვა გიგი ჩიხლაძემ. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ კომუნიკაცეიბის ეროვნული კომისია დამოუკიდებელი ორგანოა და სხვა სპეციფიკა გააჩნია, ამიტომ შესაძლებელია „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონს არ დაექვემდებაროს, თუმცა თანამშრომელთა აყვანის ღია პროცედურის არსებობა აუციელებელია, რაც ცალკე აქტით შეიძლება განისაზღვროს.

კადრების ცვლილებაზე კომისიის ახლადარჩეულმა თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძემაც პირველივე ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, კომისიის სტრუქტურა უნდა შეიცვალოს, თუმცა ახალი კადრები მხოლოდ კონკურსის წესით უნდა შეირჩნენ.

ამ დროისთვის კომისიაში 121  საშტატო ერთეულია.  კომისიის 2014 წლის ბიუჯეტის თანახმად, მათი შრომითი ანაზღაურება ჯამში 3 მილიონ 892 ათასი ლარია, რაც 2013 წელთან შედარებით დაახლოებით 112 ათასი ლარით არის გაზრდილი.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test