შემოგვიერთდი

23.06.2014 17:33

„ტელეარხი 25“-ის თანამფლობელმა რეაგირებისთვის ეკა ბესელიას მიმართა

გელა ბოჩიკაშვილი

ბათუმის ტელეკომპანია „ტელეარხი 25“-ის თანამფლობელმა  გია სურმანიძემ 23 ივნისს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარეს ეკა ბესელიას განცხადებით მიმართა, რათა კომიტეტმა სამართლებრივი შეფასება  მისცეს   „ტელეარხი 25“-ის მფლობელთა მიმართ „ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული  რეპრესიულ“ მოქმედებებს.

ამასთან, განცხადებაში, რომელიც ტელეარხმა Media.Ge-საც გაუგზავნა, სურმანიძე საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს  დახმარებას თხოვს „კონკრეტული საქმის ობიექტურად დარეგულირებაში“,

საუბარია, გასული წლის დეკებერში პროკურატურის მიერ  სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე. კერძოდ, სამართალდამცავები, მათივე განცხადებით,  იძიებენ     ტელეკომპანიის მფლბელთა ახლო ნათესავებისთვის  თბილისსა და ბათუმში 2 მილიონი აშშ დოლარის  ღირებულების უძრავი ქონების გადაეცემის ფაქტს.

სურმანიძე კომიტეტის თავმჯდომარეს ატყობინებს, რომ 2013 წლის დეკემბერში, გამოძიებსითვის სასურველი ჩვენების მისაღებად, მასზე და ტელეკომპანიის კიდევ ერთ მფლობელზე - ჯემალ ვერძაძეზე პროკურატურის წარმომადგენლებმა   წეზოლა განხორციელეს,

„ბატონი გიორგი ბადაშვილი (ახლა საქართველოს მთავარი პროკურორი) პირდაპირ დაგვემუქრა ტელეკომპანიის მფლობელებს, მოგვაყენა შეურაცხყოფაც, გვითხრა, რომ თუ არ დავთანხმდებოდით პროკურატურის მოთხოვნას, აუცილებლად წავიდოდით ციხეში, დავკარგავდით ტელეკომპანიას, ხოლო ოჯახის წევრებს ელოდათ სხვადასხვა სახის პრობლემები“, - წერს  სურმანიძე ბესელიას. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ  პროკურატურის თანამშრომლებმა მუქარა შეასრულეს და ტელეკომპანიის  მფლობელთა ქონებას,   რამდენიმე დღეში ყადაღა დაადეს.

სურმანიძის თქმით, ამ ფაქტების საჯაროდ  გაპროტესეტების  შემდეგ, 2014 წლის იანვარში, პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსმა, მამუკა ვასაძემ ის  დაიბარა და მოლაპარაკება შესთავაზა.  კერძოდ, სურმანიძის მტკიცებით, გამომძიებლებს  ყოფილი გენერალური პროკურორის მოადგილე ჩხატარაშვილზე და  ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილზე (რომელიც პატიმრობაში იმყოფება, მისთვის წაყენებული რამდენიმე მუხლის გამო), „გასვლა“ სურდათ.

„ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე უდავოა, რომ ირღვევა ჩვენი, როგორც საქართველოს მოალაქეთა უფლებები და კანონიერი ინტერესები, ადგილი აქვს ერთი მხრივ მთავარი პროკურატურის მაღალჩინოსნების მხრიდან აშკარა და მიზანმიმართულ იძულებას მათთვის სასურველი ჩვენების მისაღებად, ხოლო მეორე მხრივ, ადგილი აქვს საქმის გამოძიების შეგნებულად გაჭიანურებასა და ქონების უკანონო დაყადაღებას“,- აღნიშნავს სუარიძე განცხადებაში.

„თქვენი კომპეტენციის ფარგლებში, ვითხოვ თქვენს დროულ და ობიექტურ რეაგირებას განსახილველ საქმესთან დაკავშირებით“, მიმართავს სურმანიძე კომიტეტის თავმჯდომარეს,“დაინტერესების შემთხვევაში, მე - გიორგი სურმანიძე და ჩემი იურისტები მზად ვართ შეხვედრისთვის.“

„ტელეარხი 25“-ს მფლობელემბა  სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკოსებსა  და დიპლომატებს მხარდაჭერაც სთხოვეს.  თავის მხრივ, სახალხო დამცველის აპარატმა მთავარ პროკურატურას ორჯერ მიმართა და რეკომენდაცია მისცა, დაეწყოთ გამოძიება ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით. მაგრამა, როგორც სურმანიძე  აღნიშნავს, პროკურატურას რეკომენდაციებზე რეაგირება არ მოუხდენია.
ბოლოს, ტელეარხის მფლობელებმა სტრასბურგის სასამართლოში იჩივლეს. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test